საქმე # 330100119002874796
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №64აპ-23 ქ. თბილისი
გ.მ. 64აპ-23 1 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. მ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1.1. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით;
1.1.2. მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
1.2. გ. რ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით მ. გ–სა და გ. რ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. გ. რ–სემ მ. გ–სთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღები - ქარხნული წესით დამზადებული ფირმა „PIETRO BERETTA-ს’’ წარმოების N ........, 9 მმ კალიბრის პისტოლეტის მოდელი „.......“; ქარხნული წესით დამზადებული, N ......... ხორვატიული წარმოების 9 მმ კალიბრის პისტოლეტის მოდელი „HS-9“. საბრძოლო მასალა - 31 ცალი ქარხნული წესით დამზადებული პარაბელუმ-ლუგერის 9 მმ კალიბრის, 1908 წლის ნიმუშის ვაზნა. ცეცხლსასროლ იარაღებსა და საბრძოლო მასალას 2018 წლის 6 დეკემბერს მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის დროებით სარგებლობაში მყოფ სახლში, მდებარე ქ. თ–ი, ა–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში.
2.2. მ. გ–სმა გ. რ–ს დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის მიზნით 2018 წლის 16 ნოემბერს იქირავა ბინა ქ. თ–ში, ა–ს ქუჩა N.. ბინა N..-ში, სადაც იგი 2018 წლის 6 დეკემბრამდე აძლევდა თავშესაფარს და სამართალდამცავი ორგანოებისგან იფარებდა მძიმე დანაშაულში ბრალდებულ, ძებნილ პირს - გ. რ–ს. კერძოდ, გ. რ–ე ბრალდებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და გამოიწვია მხედველობის ორგანოს ფუნქციის დაკარგვა, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით (2018 წლის 26 მაისს მოქმედი რედაქციით) გათვალიწინებული ქმედება. მას ბრალი წარედგინა 2018 წლის 19 ივლისს, მის მიმართ ძებნა გამოცხადდა 2018 წლის 23 ივლისს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განაჩენით:
3.1. მ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.1. მ. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
3.1.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელმა ნაწილმა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.1.3. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან, ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 19 ივლისიდან 2022 წლის 17 მაისის ჩათვლით; 2018 წლის 6 დეკემბრიდან 2019 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი და საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 75 დღით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი.
3.2. გ. რ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა და ამ ქმედებისათვის ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.2.1. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად;
3.2.2. გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან, ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2022 წლის 20 აპრილიდან დღემდე პერიოდი.
4. სასამართლომ დაადგინა:
4.1. გ. რ–მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღები - ქარხნული წესით დამზადებული ფირმა „PIETRO BERETTA-ს’’ წარმოების N....., 9 მმ კალიბრის პისტოლეტის მოდელი „.........“; ქარხნული წესით დამზადებული, N.... ხ–ი წარმოების 9 მმ კალიბრის პისტოლეტის მოდელი „...“. საბრძოლო მასალა - 31 ცალი ქარხნული წესით დამზადებული პარაბელუმ-ლუგერის 9 მმ კალიბრის, 1908 წლის ნიმუშის ვაზნა, რომელსაც 2018 წლის 6 დეკემბერს მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის დროებით სარგებლობაში მყოფ სახლში, მდებარე - ქ. თ–ი, ა–ს ქუჩა N., ბინა N..-ში.
4.2. მ. გ–სმა გ. რ–სის დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის მიზნით 2018 წლის 16 ნოემბერს იქირავა ბინა ქ. თ–ი, ა–ს ქუჩა N.., ბინა N.., სადაც იგი 2018 წლის 6 დეკემბრამდე აძლევდა თავშესაფარს და სამართალდამცავი ორგანოებისგან იფარებდა მძიმე დანაშაულში ბრალდებულ, ძებნილ პირს - გ. რ–სეს. გ. რ–ე ბრალდებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და გამოიწვია მხედველობის ორგანოს ფუნქციის დაკარგვა, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით (2018 წლის 26 მაისს მოქმედი რედაქციით) გათვალიწინებული ქმედება. მას ბრალი წარედგინა 2018 წლის 19 ივლისს, მის მიმართ ძებნა გამოცხადდა 2018 წლის 23 ივლისს.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვასილ სამხარაძემ, რომელმაც მოითხოვა მ. გ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალდების დადგენილებაში მითითებული კვალიფიკაციით და შესაბამისად, მ. გ–ის და გ. რ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით.
5.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ მ. გ–სის ადვოკატმა გ. ა–მ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განაჩენი მ. გ–სა და გ. რ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის განჩინებით აღმოიფხვრა უზუსტობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-9 აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი შინაარსით: ,,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, გ. რ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ჩაეთვალოს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით“.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძემ, რომელიც ითხოვს მ. გ–სა და გ. რ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას.
7.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ მ. გ–ს ადვოკატმა გიორგი ანთაძემ და მოითხოვა პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს მ. გ–სა და გ. რ–ს მსჯავრდებას ჯგუფურად ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვისათვის, ხოლო მსჯავრდებულ მ. გ–ს ადვოკატი გ. ა–ე ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
9.1. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მ. გ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, ხოლო გ. რ–მ - საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები და დავის საგანია იმ საკითხს გარკვევა მ. გ–მა ჩაიდინა თუ არა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, მათ შორის - გ. რ–სთან ერთად ჯგუფურად.
10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გამართლება და შესაბამისად გ. რ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, მოწმეთა (გამომძიებლების) ჩვენებები, 2018 წლის 6 დეკემბრის ადგილმდებარეობის დათვალიერებისა და ადგილმდებარეობის დამატებითი დათვალიერების ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 7 დეკემბრის ექსპერტის N..... და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 იანვრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N........ დასკვნები, (ამასთან, მსჯავრდებულმა გ. რ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას აღიარა ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მხოლოდ მის მიერ და არა მ. გ–სთან ერთად შეძენა, შენახვა)) უტყუარად ადასტურებენ, რომ გ. რ–მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რომლებსაც 2018 წლის 6 დეკემბერს მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის დროებით სარგებლობაში არსებულ სახლში, თუმცა ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება (არა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა), რომელიც დაადასტურებდა მ. გ–ს მიერ გ. რ–სთან ერთად - ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა/შენახვის ფაქტს.
11.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია პოლიციის თანამშრომლები უთითებენ, რომ მ. გ–სმა აივნიდან გადაყარა რაღაც საგნები, თუმცა მხოლოდ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად იმის დადასტურება, რომ მ. გ–მა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გადაყარა შეუძლებელია და წარმოადგენს ვარაუდს. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ მ. გ–ს მიერ საცხოვრებელი ბინის აივნიდან იარაღის მაგვარი შავი საგნების გადაყრა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, a priori არ მიუთითებს და გონივრულ ეჭვს მიღმა არ ადასტურებს, რომ მან გ. რ–სთან ერთად შეიძინა და მათ დროებით სარგებლობაში მყოფ სახლში შეინახა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
12. საკასაციო სასამართლო სხვა მტკიცებულებებთან ერთად ითვალისწინებს გ. რ–სის ჩვენებას, ასევე - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 იანვრის ბიოლოგიური ( გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N .......... დასკვნას და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ მ. გ–სმა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, მითუფრო - გ. რ–სთან ერთად ჯგუფურად; ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაზე არ მიუთითებს სისხლის სამართლის საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება.
13. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე