Facebook Twitter

ა-1223-შ-70-03 31 ოქტომბერი, 2003 წ.,

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ო. ზ-ის შუამდგომლობა კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლოს 1999წ. 16 მარტის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სამოქალაქო ნაწილში გ. ჭ-ას მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლოს 1999წ. 16 მარტის განაჩენით გ. ჭ-ას ო.ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1552 გრივნის გადახდა, დაკისრებული თანხის ნაწილი, კერძოდ, 313 გრივნი და 61 კაპიკი გ. ჭ-ას მიერ გადახდილ იქნა. გადასახდელი დარჩა 1238 გრივნი და 39 კაპიკი.

ო. ზ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა აღნიშნული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება სამოქალაქო ნაწილში.

პალატამ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლის “ბ” პუნქტის, აგრეთვე, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის თანახმად არსებობს საფუძველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლოს 1999წ. 16 მარტის განაჩენის სამოქალაქო ნაწილში.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლით, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 62-63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო. ზ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

ცნობილ იქნეს კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლოს 1999წ. 16 მარტის განაჩენი სამოქალაქო ნაწილში და დაექვემდებაროს საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.

დაეკისროს გ. ჭ-ას ო. ზ-ის სასარგებლოდ 1238 გრივნი და 39 კაპიკის გადახდა.

აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი იუსტიციის სამინისტროს სააღსულებო დეპარტამენტის მეშვეობით აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსულებო ბიუროს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.