გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ა-1226-შ-71-03 29 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე. ბ-ის შუამდგომლობა გერმანიის, ქ. ჰ-ს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 30 იანვრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მოქალაქე მ. ო-ის მიმართ განქორწინების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ბ-ე და მ. ო-ი რეგისტრირიებულ ქორწინებაში გატარდნენ საქართველოში, 1996წ. 22 აგვისტოს. 1999წ. 6 სექტემბერს მათ შეეძინათ შვილი – ე. 2001წ. 15 იანვრიდან მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა და ისინი ერთ წელზე მეტი ხანი ცხოვრობდნენ ცალცალკე, რის შემდეგაც ე.ბ-ემ მიმართა გერმანიის, ქ. ჰ-ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს და მოითხოვა განქორწინება, მ.ო-მა სარჩელს მხარი დაუჭირა. აღნიშნული სასამართლოს 2002წ. 30 იანვრის განაჩენით ქორწინება მხარეთა შორის შეწყდა, ხოლო მათ შვილ ე-ზე მზრუნველობა, მხარეთა შეთანხმებით დაეკისრა ე. ბ-ეს. ზემოხსენებული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2002წ. 20 მარტიდან.
ე. ბ-ემ შუამდგომლობებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის, ქ.ჰ-ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 30 იანვრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 სექტემბრის განჩინებით ე. ბ-ის შუამდგომლობა გერმანიის, ქ. ჰ-ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 30 იანვრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ე. ბ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სასამართლოს განაჩენით მხარეთა შორის ქორწინება შეწყვეტილ იქნა.
აღნიშნული სასამართლო განაჩენი შევიდა ძალაში 2002წ. 20 მარტს.
ე. ბ-ემ შუამდგომლობებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის, ქ. ჰერნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 30 იანვრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის, ქ.ჰ-ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 30 იანვრის განაჩენი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სსკ-ს 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
გერმანიის, ქ.ჰ-ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 30 იანვრის განაჩენი, რომლითაც გაუქმდა ქორწინება ე. ბ-ესა და მ. ო-ს შორის, ცნობილ იქნეს.
აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.