საქმე # 330100121005192912
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №108აპ-23 ქ. თბილისი
დ. რ. 108აპ-23 29 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. დ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით(2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. დ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თ–ში დისლოცირებული სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის დაცვის ასეულის ურთიერთდაუქვემდებარებელი, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, რიგითები: რ. დ–ი და გ. კ–ე 2017 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, იმყოფებოდნენ სამხედრო ნაწილის ყაზარმაში განთავსებულ სააბაზანოში, რა დროსაც რ. დ–მა გ. კ–ს თავში ხელი წამოარტყა, რაზედაც გ. კ–მ გამოხატა უკმაყოფილება და სიტყვიერად შეურაცხყო რ. დ–ი. ხსენებულ პირებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი და ფიზიკური დაპირისპირებისას რ. დ–მა ჯერ ხელი ჰკრა გ. კ–ს გულმკერდის არეში, ხოლო შემდგომ რამოდენიმეჯერ სახეში მძლავრად დაარტყა მუშტი. რ. დ–მა ამ ქმედებით გ. კ–ს ქვედა ყბის ძვალი მოტეხა და აღნიშნულით ნაკლებად მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, ხოლო როგორც ურთიერთდაუქვემდებარებელმა სამხედრო მოსამსახურემ მან გ. კ–ს პატივი და ღირსება დაამცირა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 აგვისტოს განაჩენით(დაუსწრებლად):
3.1. რ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
3.2. რ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. რ. დ–ს ბრალდებიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი ბრალი;
3.4 მსჯავრდებულ რ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების გამო მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში მისი გამოცხადებიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. დ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. კ–მ, რომელმაც ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ რ. დ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება და მისთვის სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა.
4.1. პროკურორმა ვანო ალუღიშვილმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, მსჯავრდებულ რ. დ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. კ–მ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულ რ. დ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებას და მისთვის სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრას.
6.1. შესაგებელი წარმოადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ვანო ალუღიშვილმა და ითხოვა არ იქნას დაშვებული დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენი.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულ რ. დ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებას და სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრას, ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაირღვა დაცვის უფლება, მათ შორის დაზარალებულის დისტანციური დაკითხვის ფარგლებში, სასამართლოს მხრიდან დაცვის მხარეზე ზეწოლის და ჯვარედინი დაკითხვისას კითხვების უსაფუძვლოდ განრიდებით; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 386-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოება, პატივისა და ღირისების შელახვა.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ რ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის, დაზარალებულ გ. კ–ს, მოწმეების: ზ. წ–ს, გ. ს–ს, ბ. შ–ს, ნ. ჯ–ს ჩვენებები, ს–ს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, სპეციალური ოპერაციების ძალების მომართვა, ინციდენტის შესახებ მოხსენება, ცნობა N.., 2017 წლის 18 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნა, 2017 წლის 18 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნა, 2019 წლის 6 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნა, საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ. დ–სის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
10. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს რ. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მომართვითა და ინციდენტის შესახებ მოხსენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით - რიგითი გ. კ–ე – იყო ს–ს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის საშტაბო ასეულის I საშტაბო ოცეულის III ათეულის მსროლელი; რიგითი რ. დ–ი კი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის საშტაბო ასეულის II საშტაბო ოცეულის III ათეულის მსროლელი.
12. დაზარალებულმა გ. კმ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ 2017 წლის 7 აგვისტოს საღამოს საათებში სამხედრო ბაზაზე განთავსებული ყაზარმის სააბაზანოში, გ. კ–ე გაეხუმრა რ. დ–ს, რის გამოც რ. დ–მა თავში წამოარტყა ხელი. რ-ს ქმედება მისთვის იყო თავმოყვარეობის შემლახავი(იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის სხდომის ოქმი 17:12:30 – 17:12:39), რამაც გააღიზიანა და შეაგინა მას, რ. დ–მა ჰკრა ხელი, მან კვლავ შეაგინა, რის შემდეგაც რ. დ–მა სახეში დაარტყა. დარტყმის შედეგად მოწყვეტით დაეცა, შემდეგ მათ შორის წარიმართა ფიზიკური დაპირისპირება და ისინი შემოსულმა ჯარისკაცმა - ზ. წ–მა გააშველა. გ. კ–მ აღნიშნა, რომ ჩხუბის შედეგად მიიღო დაზიანებები, რის გამოც მიმართა სამხედრო ჰოსპიტალს; სამედიცინო კვლევის შედეგად დაუდგინდა ქვედა ყბის მოტეხილობა, ცდომილების გარეშე. რ. დ–სის ქმედებები მის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი, შეელახა პატივი და ღირსება(იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის სხდომის ოქმი 17:25:27 – 17:25:35; 17:32:35 – 17:33:15). დაზარალებულ გ. კ–ეის ჩვენება თანხვდენილია მოწმე ზ. წ–ს ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა 2017 წლის 7 აგვისტოს რ. დ–სა და გ. კ–ს შორის არსებული დაპირისპირება და მიუთითა, რომ ყაზარმის დერეფანში, გასახდელი ოთახიდან გაიგონა ხმაური, შეაღო გასახდელი ოთახის კარი და დაინახა, რომ რიგითები რ. დ–სი და გ. კ–ე ერთმანეთს ურტყამდნენ, ზ. წ–სმა მოჩხუბრები გააშველა. მოწმე ბ. შ–ს ჩვენებითა და N.. ცნობით დასტურდება, რომ რ. დ–სა და გ. კ–ს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ გ. კ–ს დასჭირდა სამედიცინო დახმარება. დაზარალებულის ჩვენება ასევე თანხვდენილია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან, კერძოდ, 2017 წლის 18 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის .......... დასკვნითა და ექსპერტ ნ. ჯ–ს ჩვენებით დგინდება, რომ 08.08.17წ-ს პირადი შემოწმებისას გ. კ–ს მარცხენა თვალბუდის ქვედა კიდის საპროექციოდ აღენიშნებოდა ქვედა ქუთუთოზე გარდამავალი სისხლნაჟღენთი, მის ფონზე ნაჭდევით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 07.08.17წ, ხოლო 2019 წლის 6 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნით დგინდება, რომ გ. კ–ეეს აღენიშნებოდა ქვედა ყბის მოტეხილობა, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით; დაზიანება არ ეწინააღმდეგება ტრამვის მიღების მითითებულ თარიღს - 07.08.2017წ-ს.
13. ამდენად, საქმის მასალების დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება გარემოება, რაც შეიძლება გამხდარიყო სასამართლოს მიერ დაზარალებულ გ. კ–ს ჩვენების არგაზიარებისა და რ. დ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირების საფუძველი. ამდენად, არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია რ. დ–სის მიერ საქართველოს 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
14. კასატორის მითითებაზე, რომ სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევისას დადასტურდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევები - დაზარალებულის დისტანციური დაკითხვისას სასამართლოს მხრიდან დაცვის მხარეზე ზეწოლის და ჯვარედინი დაკითხვისას კითხვების უსაფუძვლოდ განრიდებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ პოზიციას და კვლავაც აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მოწმეთა დაკითხვისას სასამართლოს მხრიდან დაცვის უფლების სავარაუდო ხელყოფაზე მითითების მიუხედავად, დაცვის მხარეს არ დაუყენებია შუამდგომლობა საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აღნიშნულ მოწმეთა ხელახალი დაკითხვისა და შესაბამისი მტკიცებულების ხელახალი გამოკვლევის შესახებ.
15. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და რ. დ–ს განუსაზღვრა - მინიმალური სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 2 წლით (საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე), რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
17. ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. დ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. კ–სის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე