Facebook Twitter

საქმე # 330100111016742

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№94აპ-23 ქ. თბილისი

ი. ბ.94აპ-23 27 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ი–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. ბ. ი–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. ბ. ი–მა და ი. ბ–მა განიზრახეს ყალბი ცნობის გამოყენებით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დარეგისტრირება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ისინი დაუკავშირდნენ გ–ს რაიონის სოფელ ყ–ს საკრებულოს თავმჯდომარეს - მ. ს–ს და სთხოვეს, დაემზადებინა ყალბი ცნობა, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ ი. ბ–ს სოფელ ყ–ში ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით. გ–ს რაიონის სოფელ ყ–ს საკრებულოს თავმჯდომარისგან შეძენილი ყალბი N... ცნობის გამოყენებით, ი. ბ–მის სახელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთსა (სარეგისტრაციო N.........) და თითქოს მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე. ი. ბ–მა უძრავი ქონება ფორმალურად გაასხვისა ბ. ი–ზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ–ს სარეგისტრაციო სამსახურში ბ. ი–ს სახელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება ამ უკანასკნელ ქონებაზე. ბ. ი–მა ი. ბ–თან წინასწარი შეთანხმებით, განიზრახა ესარგებლა აღნიშნული ყალბი მონაცემებით და თაღლითურად დაუფლებოდნენ სხვის კუთვნილ თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბ. ი–ი და ი. ბ–ი, შუამავალ ნ. მ–სის მეშვეობით, დაუკავშირდნენ თანხის სარგებლით გასესხების მსურველ ი. ღ–ს, რომელსაც სურდა კუთვნილი თანხის გასესხება. სესხის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ბ. ი–მა და ი. ბ–მა, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ნდობის მოპოვებისა და დარწმუნების მიზნით, ი. ღ–ს აჩვენეს თითქოსდა ის სახლი, რომელიც იპოთეკით იტვირთებოდა. რეალურად კი ი. ღ–ს მოტყუებით აჩვენეს ი. ბ–ს საცხოვრებელი სახლი. 2008 წლის 22 ოქტომბერს, თ–ი, ლ–ს ქ. N..-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს ე. შ–სთან გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ბ. ი-მ ი. ღ–საგან ისესხა 14000 ლარი, სესხის უზრუნველყოფის მიზნით კი იპოთეკით დაიტვირთა ბ. ი–სის კუთვნილი უძრავი ქონება საკადასტრო კოდით - N........, მასზე თითქოსდა არსებული საცხოვრებელი სახლით. ბ. ი–სი და ი. ბ–მი მოტყუებით დაეუფლნენ ი. ღ–სის კუთვნილ 14000 ლარს. მიღებული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს და მიიმალნენ, რითაც ი. ღ–სს მიადგა დიდი ოდენობის ზიანი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. ბ. ი–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა

2 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის თანახმად, განახევდა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ბ. ი–ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 4000 ლარი;

მსჯავრდებულ ბ. ი–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლის თარიღად განესაზღვრა განაჩენის აღსრულების დაწყების მომენტი.

2.2. ი. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა -4000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის თანახმად განახევდა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ი. ბ–ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 4000 ლარი;

მსჯავრდებულ ი. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლის თარიღად განესაზღვრა განაჩენის აღსრულების დაწყების მომენტი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში:

3.1. ბ. ი–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელისგან;

3.2. ბ. ი–ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით.

4. ბ. ი–ი დაკავებულ იქნა 2021 წლის 18 სექტემბერს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021წლის 27 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ი–ს მიმართ არ გავრცელდა 2021წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულმა ბ. ი–მა მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

6.1. დაცვის მხარის სააპელაცი საცივარზე შესაგებელი წარმოადგინა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურომა ალინა კუკავამ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ბ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, ბ. ი–ი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი.

მსჯავრდებულ ბ. ი–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 18 სექტემბრიდან.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულმა ბ. ი–მა მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. ი–ს საქართველის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება ბ. ი–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:

10. დაზარალებულ ი. ღ–სის ჩვენებით, 2008 წელს, სარგებლის მიღების მიზნით, გადაწყვიტა, გაესესხებინა მისი ოჯახის დანაზოგი - 14000 ლარი. შუამავალმა დ. ღ–მა და ერთ-ერთი ფირმის წარმომადგენელმა - ვინმე ნ–მ შესთავაზეს გ–ში თანხის გასესხება 7% პროცენტად და მიუყვანეს ბ. ი–ი და ი. ბ–ი. ბ. ი–ს თან ჰქონდა საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ნოტარიუს ე. შ–სთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. ბანკიდან გამოიტანა 14000 ლარი, საიდანაც ერთი თვის პროცენტი - დაახლოებით 1000 ლარი თავად დაიტოვა, ხოლო დარჩენილი თანხა გადასცა ბ. ი–სს. ამ უკანასკნელს შემდეგი თვეების პროცენტი აღარ გადაუხდია და არც თანხა დაუბრუნებია, რის გამოც მიმართა სათანადო ორგანოებს. ..........ის სააღსრულებო ბიუროში შეიტყო, რომ ამონაწერი არ იყო სწორი და აღსრულება ვერ მოხდებოდა. მისთვის შემდგომ გახდა ცნობილი, რომ ზემოხსენებული უძრავი ქონება ფორმალურად გაყიდა ი. ბ–მმა და იყიდა ბ. ი–მა. დაზარალებულის განმარტებით, ბ. ი–სათვის თანხის გადაცემამდე, ნ–სთან, დ. ღ–თან, ბ. ი–სთან და ი. ბ–მთან ერთად ნახა ორსართულიანი, ძალიან კარგი საცხოვრებელი სახლი სოფელ ყ–ში. მათ განუმარტეს, რომ ეს სახლი ი. ბ–საგან ჰქონდა ნაყიდი ბ. ი–ს. სახლის ნახვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იპოთეკის სანაცვლოდ გაესესხებინა თანხა. ვინაიდან ბ. ი–ი არ უხდიდა პროცენტს და არც თანხას უბრუნებდა, იგი კვლავ ჩავიდა სოფელ ყ–ში და ნახა საცხოვრებელი სახლი, სადაც იმყოფებოდნენ ი. ბ–ს ოჯახის წევრები. ასევე ნახა ის მიწის ნაკვეთი, რაც რეალურად იპოთეკით დაიტვირთა და მასზე შენობა-ნაგებობა არ იყო განთავსებული. მიყენებული ზიანი - 5000 ლარი, 2013 წელს ნაწილობრივ აუნაზღაურა ი. ბ–მა. ბ. ი–ს, გარდა ზემოაღნიშნული ერთი თვის პროცენტისა, სხვა თანხა, პროცენტი მისთვის არ გადაუხდია. ბ. ი–მა მოგვიანებით შესთავაზა მიწის ნაკვეთის მის სახელზე გაფორმება, რაზეც უარი უთხრა, ვინაიდან შეთავაზება არ იყო მისთვის მისაღები.

11. დაზარალებულის ჩვენება დაადასტურა მოწმე დ. ღ–მაც და დამატებით განმარტა, რომ ბ. ი–ი და ი. ბ–ი საქმეზე მოლაპარაკების დაწყებიდან ბოლო დრომდე ერთად იმყოფებოდნენ და ერთად მოქმედებდნენ. მათი განმარტებით, თანხა ესაჭიროებოდათ ბიზნესისთვის და ადასტურებდნენ, რომ ვალს ერთად გადაიხდიდნენ. ი. ღ–სა და დ. ღ–ს ჩვენებები დადასტურებულია ნოტარიუს ე. შ–სის ჩვენებითაც.

12. აღმასრულებელ ვ. გ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ მისი ინიციატივით ჩატარდა საექსპერტო კვლევა უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით და გაირკვა, რომ მითითებული საკადასტრო კოდით მიწის ნაკვეთზე არ იდგა შენობა-ნაგებობა, რის გამოც, ვერ მოხერხდა ქონების რეალიზაცია და თანხის ამოღება. მოწმის ჩვენება დასტურდება ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმად, 2011 წლის 14 აპრილს დათვალიერდა გ–ს რაიონის სოფელ ყ–ში მდებარე მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო კოდით - N........., რა დროსაც გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთზე არ იდგა და არ დგას შენობა-ნაგებობა. ამასთან, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 7 ივნისის N........ დასკვნის თანახმად, არსებულ მიწის ნაკვეთზე დღეის მდგომარეობით არ არსებობს შენობა ნაგებობები.

13. ი. ბ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ თავდაპირველად უძრავი ქონება ირიცხებოდა მის სახელზე. შემდეგ, ყალბი საბუთების საშუალებით გადააფორმა ბ. ი–ს სახელზე და მათ აიღეს ფულადი თანხა. მიწის ნაკვეთის საკუთრებასთან დაკავშირებული საბუთების სიყალბის შესახებ იცოდა ორივე მათგანმა. იპოთეკით დაიტვირთა სხვა მიწის ნაკვეთი, რომელზეც შენობა არ იდგა, თუმცა თანხის გამსესხებელ პირს აჩვენეს იმ ნაკვეთთან ახლოს მდებარე მისი საცხოვრებელი სახლი. მათ იცოდნენ, რომ მიწის ნაკვეთზე რეალურად სახლი არ იდგა, თუმცა ყალბი ჩანაწერის საფუძველზე, საჯარო რეესტრში დაარეგისტრირეს, რომ თითქოს მიწის ნაკვეთზე არსებობდა შენობა-ნაგებობა. შემდეგ აღნიშნული ქონება ფიქტიურად მიჰყიდა ბ. ი–ს. ამ საბუთების საფუძველზე, მან და ბ. ი–მა ი. ღ–ს გამოართვეს თანხა, საინდანაც თავად აიღო 5000 ლარი. თანხის აღებამდე, დაზარალებულს აჩვენეს მისი (ი. ბ–მის) სახლი და მოატყუეს, რომ თითქოს, ეს სახლი იტვირთებოდა იპოთეკით. ბ. ი–სი და ი. ბ–მი თავიდანვე ერთად იყვნენ ჩართული ამ საქმეში.

14. ფოტოსურატებით ამოცნობის ოქმების თანახმად, ი. ღ–სმა და დ. ღ–მა ამოიცნეს ბ. ი–ი და ი. ბ–ი. ამასთან, დაზარალებულმა ი. ღ–მა საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში მიუთითა სოფელ ყ–ში მდებარე ახლადაშენებულ ორსართულიან სახლზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული სახლი აჩვენა ბ. ი–სმა, როგორც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარანტია.

15. ამოღების ოქმის თანახმად, 2011 წლის 28 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურიდან ამოიღეს 2003 წლის 8 ივლისით დათარიღებული ცნობა N.., რომლის მიხედვით, ი. ბ–ს ეკუთვნის მიწის ნაკვეთი კოდით - ........., მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით. ასევე ამოიღეს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ტექნიკური ინვენტარიზაციის მონაცემები, განაცხადი, ი. ბ–სა და ბ. ი–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

16. საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას მისი უდანაშაულოდ ცნობის შესახებ. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. ი–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ბ. ი–სა და ი. ბ–ს წინასწარი შეთანხმებით, ერთობლივად მოქმედება დადასტურებულია როგორც ი. ბ–ს, ასევე - მოწმე დ. ღ–ს და დაზარალებული - ი. ღ–ს ჩვენებებით, აგრეთვე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

17. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ი. ბ–მის ჩვენების სანდოობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში არ იკვეთება მოწმის რაიმე პირადი ინტერესი, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა მოწმის მიერ ბ. ი–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტს იმის შესახებ, რომ ი. ბ–მა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ისე მისცა ჩვენება და რომ იგი ბრალდების მხარეს დასაკითხ პირთა ნუსხაში არ ჰყავდა შეყვანილი, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ი. ბ–სა და ბ. ი–ს მიმართ პროკურორის მიერ გამოცხადეული იყო ძებნა, რის გამოც, ვერ მოხერხდა მათი დაკითხვა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმეთა დაკითხვა აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორს ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო მითითებული მოწმის დაკითხვაში ( იხ. 2022წლის 20 ოქტომბრის სხდომის ოქმი)

18. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

20. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ი–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ.გაბინაშვილი

მ. ვასაძე