Facebook Twitter

საქმე # 330100122005900223

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №267აპ-23 ქ. თბილისი

პ–ი გ., 267აპ-23 21 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძისა და მსჯავრდებულ გ. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. პ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. პ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. პ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 22 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქალაქ თ–ში, ......ს რაიონში, ........ს ქუჩა N..-ში, ბინა N..-ში გ. პ–სმა არასრულწლოვნების - გ. და ე. პ–ს თანდასწრებით ოჯახის წევრების - ა. პ–სა და ნ. პ–ს მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. გ. პ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენით გ. პ–ს მიმართ დადგენილი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს N........... გადაწყვეტილებით შეცვლილი პირობითი მსჯავრი;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. მსჯავრდებულ გ. პ–სს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 23 მაისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. პ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. პ–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, გ. პ–ს უდანაშაულოდ ცნობა და 2020 წლის 25 თებერვლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს N......გადაწყვეტილებით შეცვლილი პირობითი მსჯავრის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენში.

5.1. გ. პ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ა. პ-ს ნაწილი);

5.2. გ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა(ნ. პ–ს ეპიზოდი);

5.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენით გ. პ–სის მიმართ დადგენილი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს №......... გადაწყვეტილებით შეცვლილი პირობითი მსჯავრი;

5.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5.5. გ. პ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან 2022 წლის 23 მაისიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

6.1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. პ–ს დამნაშავედ ცნობას 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში(ა. პ-ნთან მიმართებით).

6.2. მსჯავრდებულ გ. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ი. პ–ი ითხოვს გ. პ–ს გამართლებას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს №......... გადაწყვეტილებით შეცვლილი პირობითი მსჯავრის ძალაში დატოვებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პროკურორი ითხოვს გ. პ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში, ხოლო დაცვის მხარე მსჯავრდებულ გ. პ–ს სრულად გამართლებას.

9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. პ–სის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში(ა. პ–ს მიმართ) გამართლების შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ. პ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების - მის მიერ 2022 წლის 22 მაისს ა. პ–ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის დასადასტურებლად. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა - ა. პ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში მართალია შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოწმეებმა მიუთითეს გ. პ–ს მიერ მუქარის ჩადენის ფაქტი, თუმცა დაზარალებულის ჩვენების არ არსებობის პირობებში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. პ–ს ქმედებით დაზარალებულისთვის მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას გ. პ–ს დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, რადგან მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას გ. პ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ ნ. პ–ს, მოწმეების: ე. პ–ს, გ. პ–ს, ლ. ბ–ს, კ. გ–ს ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. პ–მა ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული ქმედება - სიცოცხლის მოსპობის მუქარა ნ. პ–ს მიმართ.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2022 წლის 22 მაისის მუქარის ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებულ ნ. პ–ს ჩვენება სრულად თანხვდენილია მოწმეების: გ. და ე. პ–ების ჩვენებასთან, რომლებიც შეესწრნენ ალკოჰოლით მთვრალი გ. პ–ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარას. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ 2022 წლის 22 მაისს, ა. პ–ი და გ. პ–სი ერთად იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც მოუვიდათ შელაპარაკება. კონფლიქტის დროს გ. პ–ი იგინებოდა და ამბობდა „დაგხოცავთო“. დაზარალებულმა ნ. პ–მა კი მიუთითა, რომ შეეშინდა, ვინაიდან ნასვამი კაცი რას მოიმოქმედებდა არ იცოდა.

13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. პ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ნ. პ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძისა და მსჯავრდებულ გ. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. პ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე