Facebook Twitter

საქმე # 160100122005889639

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№332აპ-23 ქ. თბილისი

ს. ა. 332აპ-23 22 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ა. ს–სს, - დაბადებული 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ს–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ–ში ო. ს–ს ოჯახის საცხოვრებელი სახლის შესასვლელ კარებთან, ალკოჰოლური სასმელის დალევაზე მიცემული შენიშვნის გამო გაბრაზებულმა ა. ს–მა მამას - ო. ს–ს - მარცხენა ხელის მუშტი დაარტყა მარჯვენა ყურის არეში, ხოლო მარჯვენა ხელის მუშტი - კისრის არეში, რითაც ო. ს–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.2. 2022 წლის 9 ივნისს დაახლოებით 22:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ–ში ო. ს–ს ოჯახის საცხოვრებელი სახლის შესასვლელ კარებთან, ალკოჰოლური სასმელის დალევაზე მიცემული შენიშვნის გამო გაბრაზებული ა. ს–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - ო. ს–ს -, რომელმაც რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით:

3.1. ა. ს–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

3.2. ა. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 135 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

3.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული პირობითი სასჯელი 2 წლის ვადით;

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 5 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ს–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. ა. ს–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2022 წლის 10 ივნისიდან.

3.6. ა. ს–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

4.1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ა. ს–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის დანიშვნა;

4.2. მსჯავრდებულ ა. ს–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. მ–მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ა. ს–ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა ა. ს–სმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. მ–მა იშუამდგომლეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება და უკან გათხოვა, რასაც დაეთანხმა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი მექვაბიძე. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განჩინებით, მსჯავრდებულ ა. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ო. მ–ს სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე ა. ს–ს მიმართ დარჩა განუხილველი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ მოითხოვა საჩივრის დასაშვებად ცნობა, გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა. ს–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთად საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

6.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ა. ს–სის ინიტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. მ–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ა. ს–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთად საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

9. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ა. ს–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. მხარეებს შორის დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ჩაიდინა თუ არა ა. ს–სმა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ს–სის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

11. დაზარალებულმა - ო. ს–მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

12. 2022 წლის 9 ივნისის შეტყობინების გაზიარებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს არ დაუდასტურებია გადმოცემული ინფორმაცია და არც ის გარემოება, რომ „ინიციატორის“ სახელით მოსაუბრე პირის ხმა ნამდვილად მას ეკუთვნის, ამასთან, არ არის წარმოდგენილი არც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, - შეუძლებელია, მოცემული შეტყობინება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, დაზარალებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტის 2022 წლის 10 ივნისის ოქმში მიუთითა თავის საცხოვრებელ სახლში იმ ადგილზე, სადაც ა. ს–სი დაემუქრა მოკვლით, რაც აღიქვა რეალურად, თუმცა საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).

14. რაც შეეხება კასატორის პოზიციას გამომძიებლების - ხ. ბ–სა და ბ. გ–ს ჩვენებების შესახებ, რომლებსაც გამოძიების ეტაპზე პირდაპირი კავშირი ჰქონდათ დაზარალებულთან, რომელმაც, თავის მხრივ, დაადასტურა ა. ს–ს მუქარა, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეები უშუალოდ მუქარის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან, შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, ხოლო ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

15. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, pat. 82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

16. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ა. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

17. სასამართლო ა. ს–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მჯავრდების ნაწილში განსაზღვრულ სასჯელთან მიმართებით ითვალისწინებს, მის პიროვნებას, წარსულ ნასამართლობას (იხ. ტ.1, ს.ფ. 40), თუმცა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე საჩივარი/მოთხოვნა არ წარმოუგენია, მხოლოდ ზოგადად უთითებს სასჯელის დანიშვნის მომწესრიგებელ ნორმებზე და კასატორის დასაბუთება სრულად მიემართება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებისათვის განაჩენის შეცვლის დასაბუთებას.

18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009). სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის” (Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე