Facebook Twitter

საქმე # 330100120004061040

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №175აპ-23 ქ. თბილისი

ყ. ო. 175აპ-23 29 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ყ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. ბ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ო. ყ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით;

1.2. ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ო. ყ–სის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: ო. ყ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ჩაეთვალა პირობითი და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი, ასევე ჯარიმა - 5 000 ლარი.

2.1. მიუხედავად აღნიშნულისა ო. ყ–მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 1,5 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება ,,პრეგაბალინი’’ და 0,304746 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’.

2.2. 2020 წლის 19 სექტემბერს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. თ–ში, ........ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ო. ყ–ს პირადი, ბინის და ავტომანქანის ჩხრეკისას, ამოიღეს - 1,5 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება ,,პრეგაბალინის’’ შემცველი 5 ცალი თეთრი-წითელი ფერის კაფსულა და 0,304746 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის’’ შემცველი 39 ცალი მთლიანი ტაბლეტი და 1 მლ. ტევადობის ერთჯერადი მოხმარების ,,ინსულინის’’ შპრიცში მოთავსებული, მოთეთრო ფერის გამჭირვალე სითხე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენით ო. ყ–სი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ო. ყ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვით;

3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ო. ყ–ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვით;

3.6. ო. ყ–სს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

3.7. ო. ყ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 19 სექტემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ყ–ს ადვოკატმა ლ. ბ–მ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ყ–ს ადვოკატმა ლ. ბ–სემ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს ო. ყ–სის უდანაშაულოდ ცნობას. ამდენად, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა: ჩაიდინა თუ არა მსჯავრდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ო. ყ–ს მსჯავრდების ნაწილში და ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (მათ შორის, მოწმეების - გ. გ–ს, დ. ბ–სა და ო. ჩ–ს ჩვენებები, პირადი ჩხრეკის, საცხოვრებელი ბინისა და ავტომობილის ჩხრეკის ოქმები, ქიმიური და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ო. ყ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

10. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იდენტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებაზე - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ - მითითებით მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მითითებული გარემოებები და შესაბამისი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში პასუხის გასცა დაცვის მხარის მითითებულ არგუმენტებს, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ო. ყ–ს უდანაშაულობის შესახებ.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2021 წლის პირველი ივლისიდან.

11.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. მოცემულ შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობის ცვლილება არ მიუთითებს, რომ შეიცვალა პირის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და განსხვავებულია სახელმწიფოს პასუხი ამ ქმედების მიმართ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/01//2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77). საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებამდეც და შემდეგაც, მათ შორის - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა - კვლავაც წარმოადგენს დანაშაულს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინება №24აგ-22).

11.2. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მითითებული ნორმების ძალადაკარგულად ცნობის თარიღს, საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველ ნაწილს, ასევე იმ გარემოებას, რომ განსახილველ საქმეზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო და გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნო 2020 წლის სექტემბერში მოპოვებულ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი და კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებებიც მოპოვებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/12/1276 გადაწყვეტილების მიღებამდე.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ყ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე