Facebook Twitter

საქმე # 330100122005609270

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №325აპ-23 ქ. თბილისი

შ.ა. 325აპ-23 8 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. შ–სს, - დაბადებულს.... წელს, - ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. შ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. ა. შ–მა დანაშაულებრივი საქმიანობის ჩადენის მიზნით უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 24.834 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (ფუძე), რომელთაგან 15,342 გრამი 2022 წლის 16 თებერვალს ამოიღეს თ–ში, ა–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე მისი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან, ხოლო 9,492 გრამი ამოიღეს ა. შ–სის მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან.

2.2. ა. შ–სი ჩადიოდა ნარკოტიკული საშუალებების შეძენას, შენახვასა და გასაღებას, კერძოდ, ნარკოტიკულ საშუალებას შემდგომი უკანონო გასაღების მიზნით ანაწილებდა (დებდა) თ-ს ტერიტორიაზე. აღნიშნული მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 9,492 გრამი ნარკოტიკული საშულება კოკაინი (ფუძე) შემდგომი გასაღების მიზნით გაანაწილა (დადო) ორ ლოკაციაზე: თ–ში, ბ–ს ქუჩა N.. პირველი სადარბაზოს სხვენში და თ–ში, ა–ს ქუჩა, კორპუსი N...-ის პირველ სადარბაზოს მე-15 და მე-16 სართულებს შორის არსებულ ბაქანზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში მისი დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და 2022 წლის 16 თებერვალს მითითებული ნარკოტიკული საშუალებები, მისივე მითითებით სამართალდამცავებმა ამოიღეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ა. შ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

3.2. ა. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.

3.3. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

3.4. მსჯავრდებულს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2022 წლის 16 თებერვლიდან.

3.5. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. შ–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში: ა. შ–მა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 24.834 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (ფუძე), რომელთაგან 15,342 გრამი 2022 წლის 16 თებერვალს ამოიღეს თ–ში, ა–ის ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე მისი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან, ხოლო 9,492 გრამი ამოიღეს ა. შ–სის მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. შ–ს ადვოკატმა მ. ჯ–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და ა. შ–სთვის უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს ა. შ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, ვინაიდან მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხასიათდება დადებითად, ჰყავს პენსიონერი დედა. ამდენად, დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ა. შ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ა. შ–სს განუსაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 11 წლით (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას), რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

10. მსჯავრდებულ ა. შ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ–ს მიერ მითითებული გარემოებები - დანაშაულის აღიარება და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები ცნობილი იყო სასამართლოებში საქმის განხილვისას, რა დროსაც სასამართლოებმა მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებთან ერთად მხედველობაში მიიღეს ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმე და ხასიათი, ნარკოტიკული საშუალების სახე და ოდენობა და ა. შ–ს ისე განუსაზღვრეს სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი, მათ შორის კასატორის მიერ მითითებული საფუძვლით ( მსჯავრდებული არის რფ მოქალაქე, აქვს უმაღლესი ფილოლოგიური განათლება, გატაცებულია მუსიკით, ჰყავს მარტოხელა დედა), არ არსებობს.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

13. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. შ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ჯ–სას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე