საქმე # 050100121004851956
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №171აპ-23 ქ. თბილისი
ჩ. ზ. 171აპ-23 26 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ჩ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ჩ–სის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 10:30 საათზე, ჩ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ე–ს ცენტრში, ზ. ჩ–ს კამათი მოუვიდა პ. ბ–სთან, მისგან ნაქირავები ფართის ქირის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც მათ შორის კონფლიქტში გადაიზარდა და განაწყენებულმა ზ. ჩ–მ პ. ბ–ს დანის დარტყმით განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, კერძოდ, გულმკერდის მარცხენა ნახევარში, მარცხენა პლევრის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, მარცხენა ფილტვის ქვედა წილის გამჭოლი ჭრილობა, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის,რის შედეგად პ. ბ–ს განუვითარდა ტრავმული ჰემო-პნევმოთორაქსი და კანქვეშა ემფიზემა.
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განაჩენით ზ. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 3 თვით;
3.1. ზ. ჩ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 28 აპრილიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჩ–სემ და მისმა ადვოკატებმა - მ. ფ–მ და ი. მ–მა და მოითხოვეს ზ. ჩ–სის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით დაკვალიფიცირება და მისთვის შესაბამისი სასჯელის შეფარდება.
4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა შოთა ჩხაიძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განაჩენი ზ. ჩ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ჩს ადვოკატმა ი. მ–სმა, რომელიც ითხოვს ზ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გამართლებას და საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით მისი მსჯავრდება.
6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ჩ–ს ადვოკატ ი. მ–ს აღუდგა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა.
6.2. ადვოკატის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა შოთა ჩხაიძემ, რომელიც ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს ზ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით მსჯავრდებას (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაცვლად), ხოლო ბრალდების მხარე ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინეს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2021 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 10:30 საათზე, ზ. ჩ–სე და პ. ბ–სე შეკამათდნენ, რაც გადაიზარდა კონფლიქტსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ზ. ჩ–მ პ. ბ–ს, დანის დარტყმით, განზრახ მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (გულმკერდის მარცხენა ნახევარში, მარცხენა პლევრის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, მარცხენა ფილტვის ქვედა წილის გამჭოლი ჭრილობა), მას შემდეგ, რაც პ. ბ–სემ ხელი დაარტყა ზ. ჩ–ს.
10. დაცვის მხარე ზ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გამართლებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ზ. ჩ–სეს არ ჰქონდა პ. ბ–სათვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვა და თავს იცავდა, რა დროსაც გადაამეტა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, შესაბამისად, მის ქმედებას უნდა მიეცეს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული კვალიფიკაცია.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და შესაბამისად, მტკიცებას მსჯავრდებულის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილში უდანაშაულობის შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ზ. ჩ–ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში; იმავდროულად, დადგენილია, რომ ურთიერთშელაპარაკებისას პ. ბ–ს მიერ ზ. ჩ–ს მიმართ სახეში ხელის დარტყმას მოჰყვა მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ გულმკერდის არეში დანის დარტყმა. ამასთან, პ. ბ–ს დანა ან რაიმე სხვა საგანი, რომლითაც შესაძლოა, ზ. ჩ–ს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის შეექმნა საფრთხე, არ ჰქონია და ჩხუბის დროს დანით მხოლოდ ზ. ჩ–ე იყო შეიარაღებული.
12. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ზ. ჩ–ს განმარტებას, რომ პ. ბ–მ ,,იმდენჯერ დაარტყა ხელი ცხვირ-პირში, რომ აზრზე მოსვლა არ აცალა“, ასევე დაზარალებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა თავდასხმის რამდენიმე მცდელობას, ვინაიდან აღნიშნული მსჯავრდებულის ჩვენების გარდა არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, არც - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (ზ. ჩ–ს დაუდგინდა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მხოლოდ მარჯვენა მტევნის მიდამოში სისხლნაჟღენთის სახით, ხოლო სხვა რაიმე სახის დაზიანება მას არ აღენიშნებოდა). ამასთან, შემთხვევის თვითმხილველ მოწმეებს არ მიუთითებიათ რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც მიანიშნებდა ზ. ჩ–ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში შესაძლო ყოფნაზე.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ზ. ჩ–ს არ ჰქონდა პ. ბ–სათვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვა და თავს იცავდა, რა დროსაც გადაამეტა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, კონფლიქტის ხანგრძლივობისა და დინამიკის გათვალისწინებით, არ არის გამოკვეთილი არც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა (რომლის გარეშეც შეუძლებელია ქმედების მართლწინააღმდეგობის გამორიცხვა) და არც - აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება.
14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში (ფარგლების გადაცილებით) ჩადენილად ითვლება, თუ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება აუცილებელი მოგერიების სავალდებულო წინაპირობების არსებობა. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი ისეთი გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა ხელყოფის საშიშროებასთან და ინტენსივობასთან. პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესობით არის გამოწვეული, რაც გულისხმობს, რომ უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, ამასთან, მოგერიება ხორციელდება სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაც მხოლოდ მაშინ იკვეთება, თუ აუცილებელი მოგერიების ვითარების ყველა პირობა არსებობს, მომგერიებელს არ დაურღვევია დაცვის მართლზომიერების პირობები, თუმცა გადააცილა ფარგლებს“. შესაბამისად, ,,სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაირკვეს, რამ გამოიწვია და რისკენ იყო მიმართული პირის ქმედება: მსჯავრდებული მოქმედებდა სხვისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არარსებობის პირობებში, თუ საკუთარი წარმოდგენით მოქმედებდა მართლზომიერად, იცავდა თავს, მისთვის არსებითი არ იყო მიყენებული დაზიანების ხარისხი და მთავარი იყო აღნიშნულით უზრუნველეყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის განჩინება N770აპ-19).
15. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზ. ჩ–მ თავისი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი წინაპირობის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ჩ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. მ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე