Facebook Twitter

საქმე # 330100122005833782

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№282აპ-23 ქ. თბილისი

ც. ნ. 282აპ-23 7 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ც–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. ნ. ც–სი, - დაბადებული 1.. წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით), რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2022 წლის 16 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 23:30 საათამდე, ნ. ც–სი გადაადგილდებოდა თ–ში, ..........ის გამზირი N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ,,ჰონდა ფიტის’’ მარკის (სახელმწიფო ნომერი: ..........) ავტომანქანით, რომელსაც მართავდა ს. ჭ–ა. ავტომანქანის უკანა სალონში მჯდომმა ნ. ც–მა ამავე ტერიტორიაზე მიმავალ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ხელით შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაცია უჩვენა, რის შემდგომაც ეკიპაჟმა შეაჩერა აღნიშნული ავტომანქანა. ავტომანქანიდან გადმოსვლისას ნ. ც–მა აგრესიულად მიმართა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პატრულ-ინსპექტორებს - გ. ქ–სა და ი. ა–ს, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი და დამორჩილებოდა პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მითითებებს. აღნიშნულიდანნ გამომდინარე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალიწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პატრულ-ინსპექტორებმა მიიღეს მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების გადაწყვეტილება, მაგრამ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ხელის შეშლის, პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ნ. ც–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი. ა–ს, კერძოდ, თავი ძლიერად ჩაარტყა შუბლის არეში და ხელი მოუჭირა სახის არეში, რის შედეგადაც ი. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და შუბლისა და სახის არეში მიიღო დაზიანებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. ნ. ც–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

2.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2 000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ც–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

2.3. მსჯავრდებულ ნ. ც–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2022 წლის 16 აპრილიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. ც–მა და მოითხოვა მის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ალტერნატივის სახით დაცვის მხარემ მოითხოვა სასჯელის შემცირება.

5. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

6. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლები დაინტერესებული პირები არიან, მას ი. ა–სთვის დაზიანება განზრახ არ მიუყენებია. მსჯავრდებული ასევე ითხოვს მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.

7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. ც–ს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების შესახებ და ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მხოლოდ ცალკეულ მტკიცებულებებზე. ნ. ც–ს მიერ პოლიციის თანამშრომელზე წინააღმდეგობის გაწევის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა დაზარალებული ი. ა–სა და მოწმეების - გ. ქ–ა, კ. რ–სა და ი. ყ–ს ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი და სამხრე კამერის ჩანაწერი.

8. დაზარალებული ი. ა–ს ჩვენებით დგინდება, რომ 2022 წლის 16 აპრილს თანამშრომელ გ. ქ–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შემხვედრი ავტომანქანის უკანა სავარძელზე მჯდომმა ნ. ც–მა შუა თითის ჟესტიკულაციით მიაყენა შეურაცხყოფა. სამართალდარღვევის ოქმის გაცნობისას ნ. ც–სი გახდა აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მიუხედავად მისი დაწყნარების მცდელობისა მსჯავრდებული იქცეოდა აგრესიულად, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ. ხელბორკილის დადებისას ნ. ც–მა მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მისთვის ხელბორკილის დადება ვერ მოახერხეს. დაკავების მცდელობისას მსჯავრდებულმა ჯერ თავი ჩაარტყა ძლიერად შუბლის არეში, ხოლო შემდეგ ხელით მიაყენა დაზიანება სახის არეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ნ. ც–ი დააკავეს დამატებით გამოძახებული ეკიპაჟის დახმარების შედეგად.

9. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა - გ. ქ–მ და კ. რ–მა, ხოლო მოწმე ი. ყ–მა დამატებით აღნიშნა, რომ ნ. ც–ი მათი მისვლის შემდეგაც აგრესიული იყო, აგრძელებდა წინააღმდეგობის გაწევას და აგინებდა პოლიციას.

10. თვითმხილველი მოწმე პოლიციელების ჩვენებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს: მიუხედავად იმისა, რომ „პოლიიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე a priori საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად, სხვა პირებისას. თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს. მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა (საქართველოს საკონსტიტუცი სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-102). შესაბამისად, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას განსაკუთრებული სიფრთხილით შეაფასოს ინციდენტში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენება, როდესაც მათი ჩვენებები, შესაძლოა, იყოს სუბიექტური.

11. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას პოლიციელთა ჩვენებების შეფასებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ არ არსებობს მოწმეთა ჩვენებაში ეჭვის შეტაქნის საფუძველი, ვინაიდან მათი ჩვენებები არამხოლოდ თანმიმდევრული და დამაჯერებელია, არამედ ასევე თანხვდენილია როგორც სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნასთან (ი. ა–ს პირადი შემოწმებისას გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით), ასევე - შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერთან და სამხრე კამერის ვიდეოჩანაწერთან.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვიდეოჩანაწერებში გარკვევით ჩანს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები და ნ. ც–ს მიერ ი. ა–ზე დაზიანების მიყენების ფაქტი, კერძოდ, სამხრე კამერის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, 23:07:43 საათზე კადრში ჩანს, როგორ ურტყამს თავს შუბლის არეში ნ. ც–ი პატრულ-ინსპექტორ ი. ა–ს, რომელიც თავის დარტყმის შედეგად თავს ქვემოთ წევს.

13. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულის ქმედებაში განზრახვის არსებობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქცევის, მისი ქმედებების, ძალადობამდე გამოვლენილი აგრესიისა და შეურაცხყოფის გათვალისწინებით, ი. ა–სთვის თავის დარტყმა არ წარმოადგენდა შემთხვევით ქმედებას და ემსახურებოდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა საქმიანობის - დაკავების - შეწყვეტის ან შეცვლის მიზანს.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ნ. ც–ს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნ. ც–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, კერძოდ:

14.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროისათვის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა - ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით, რეციდივის გათვალისწინებით, ნ. ც–ს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით დანიშნული აქვს მინიმალური (თავისუფლების აღკვეთა 3 წლით). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ ნ. ც–ს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. ც–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე