საქმე # 330100121005105757
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №388აპ-23 ქ. თბილისი
ძ. დ. 388აპ-23 23 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ძ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ძ–სიას, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით;
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ძ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის განაჩენით, დ. ძ–ა ცნობილი იქნა დამნაშავედ არასრულწლოვნის თანდასწრებით, არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის. მას სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის მოსახდელად მოთავსდა №1.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
2020 წლის აგვისტოს თვიდან 2020 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში, ქ.თ–ი მ–ს მე-.. მ/რ, კორპ .., ბინა №..-ში, დ. ძ–..ა მუდმივად ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან ლ. მ–სთან და მის მშობელთან ი. მ–სთან ერთად.
2021 წლის 22 ივნისს, №17 პენიტენციური დაწესებულებიდან განხორციელებული სატელეფონო საუბრის დროს, დ. ძ–სია სიცოცხლის მოსპობით, არაერთგზის, დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მშობელს - ი. მ–ს; აგრეთვე 2021 წლის 31 აგვისტოს, №.. პენიტენციური დაწესებულებიდან განხორციელებული სატელეფონო საუბრის დროს, დ. ძ–ა ი. მ–ს დაემუქრა მისი არასრულწლოვანი შვილის ა. მ-ს გაუპატიურებით. ორივე შემთხვევაში ი. მ–სს, წარსულში მისი და მისი ოჯახის წევრის მიმართ, დ. ძ–ს მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:
3.1. დ. ძ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით დ. ძ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2022 წლის 28 დეკემბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ძ–მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ძ–მ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის განსაზღვრისას სასჯელის ვადის ათვლა ბრალის წაყენების თარიღიდან.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, , no.36755/06, §31, ECtHR 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას და მიუთითებს, რომ 2021 წლის სექტემბერში ჰქონდა ბრალი წარდგენილი და შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის დანიშვნა ნაწილობრივ შეკრებითობის პრინციპით კონკრეტულად ამ თარიღის გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა დ. ძ–მ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, იმავდროულად, არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც დ. ძ–სიას მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას დ. ძ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ ი. მ–სის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - რ. ვ–ს, ლ. მ–ს, გ. ჟ–ს გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, ი. მ–სის ტელეფონის დათვალიერების ოქმით, მომართვის წერილით სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, შპს „.....ი“-ს მონაცემთა ბაზის დათვალიერების ოქმით, შპს „....... ჯგუფი“-ს მონაცემთა ბაზის დათვალიერების ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის და 2021 წლის 17 მაისის განაჩენებით დ. ძ–ს მიმართ და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად დ. ძ–სია) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ. ძ–მ ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული დანაშაული.
11. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები სასჯელის სახით ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც დ. ძ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დ. ძ–ს საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით შეუფარდა სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
13. რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით დანიშვნაზე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელის დანიშვნა ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენებით ხდება ბოლო განაჩენის გამოტანის დროისათვის წინა განაჩენით სასჯელის დარჩენილი ნაწილის სრულად ან ნაწილობრივ მიმატებით, ბრალის წარდგენის დროს მოცემულ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს და სასჯელის დანიშვნისას ბრალის წარდგენის თარიღი მხედველობაში ვერ იქნება მიღებული.
14. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.
15. საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. ძ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე