Facebook Twitter

საქმე # 110100122006098736

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №309აპ-23 ქ. თბილისი

ჭ. ა. 309აპ-23 22 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ჭ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ც–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ჭ–ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ოჯახის წევრის მიმართ, - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით;

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ჭ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ა. ჭ–სე, 2022 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ში მდებარე მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში თავისი უპირატესი მდგომარეობის დემოსტრირების მიზნით, დაზარალებულის სქესის აუგად მოხსენიების და ოჯახში მის სტერეოტიპულ როლზე ყურადღების გამახვილებით (ა. ჭ–ს მიაჩნია, რომ ქალს, სამსახური არ უნდა ჰქონდეს, უნდა იჯდეს სახლში და არსად გავიდეს, სოციალურ ქსელში არ უნდა იმესიჯოს) ფიწლის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ. ლ–ს, რითაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე, იმ, მოტივით რომ დედას - ნ. ლ–ს იცავდა ძალადობისგან და უჭერდა მხარს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვან შვილს (16 წლის) - შ. ჭ–ს, რითაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.2. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით ნასამარლევი ა. ჭ–ე, 2022 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში მდებარე მისივე საცხოვრებელ სახლში გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში თავისი უპირატესი მდგომარეობის დემოსტრირების მიზნით, დაზარალებულის სქესის აუგად მოხსენიების და ოჯახში მის სტერეოტიპულ როლზე ყურადღების გამახვილებით (ა. ჭ–ს მიაჩნია, რომ ქალს, სამსახური არ უნდა ჰქონდეს, უნდა იჯდეს სახლში და არსად გავიდეს, სოციალურ ქსელში არ უნდა იმესიჯოს), სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ. ლ–ს, რითაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ა. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 2 წლით, ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 წელი და საბოლოოდ ა. ჭ–ს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. ა. ჭ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 18 ივნისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. ჭ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც–მ, რომლებმაც მოითხოვეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ა. ჭ–ს გამართლება მსჯავრად შერაცხულ ქმედებებში.

4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზვიად შალამბერიძემ და მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. ჭ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც–მ და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ა. ჭ–ს გამართლება.

6.1. დამატებით წარმოდგენილია ასევე მსჯავრდებულ ა. ჭ–ს საკასაციო საჩივარი, სადაც მსჯავრდებული მიუთითებს, რომ არ ეთანხმება ქუთაისის სააპალაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენს და ასაჩივრებს.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, , no.36755/06, §31, ECtHR 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს ა. ჭ–ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ვინაიდან სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირების, ნ. ლ–სა და შ. ჭ–ს ჩვენებები, რადგან მათი ჩვენებები არ იყო დამაჯერებელი, თანმიმდევრული, უტყუარი.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, იმავდროულად, არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. ჭ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ა. ჭ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულების: ნ. ლ–სა და შ. ჭ–ს, მოწმეთა - რ. ჭ–ს, მ. შ–ს, გ. ს–ს, გ. ყ–ს, მ. გ–ს, მ. კ–ს, შ. ბ–ს ჩვენებებით, N...... შეტყობინებით, 2022 წლის 18 ივნისის ვითარების აღდგენის ოქმით, 2022 წლის 18 ივნისის ამოღების ოქმით, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენით და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა. ჭ–მ ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული დანაშაულები. სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობას საეჭვოს გახდიდა.

11. საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შემდეგ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ დაზარალებულთა ჩვენებები არ არის დამაჯერებელი, უტყუარი და საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან შესაბამისი, ვინაიდან დაზარალებულების ჩვენება სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, აკმაყოფილებს მტკიცებულების შეფასების ყველა სტანდარტს და თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.

11.1. დაზარალებულმა ნ. ლ–მ მიუთითა, რომ 2022 წლის 15 ივნისს, როდესაც მეუღლესთან და შვილთან შ. ჭ–სთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი ა. ჭ–ე მას აყენებდა შეურაცხყოფას, რა დროსაც მას გამოესარჩლა შვილი შ. ჭ–ე. აღნიშნულზე, ა. ჭ–მ აიღო იქვე დადებული ფიწალი და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მათ, რის გამოც მოერიდნენ მას, ვინაიდან გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე, 2022 წლის 17 ივნისს, როდესაც შვილთან რ. ჭ–სთან და მეუღლესთან ა. ჭ–სთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი მეუღლე იყო აგრესიული მის მიმართ და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც აღიქვა რეალურად და შეეშინდა. ვინაიდან ა. ვეღარ გააჩერა, დარეკა პოლიციაში და ითხოვა დახმარება.

11.2. დაზარალებულ შ. ჭ–ს ჩვენებით დგინდება, რომ 2022 წლის 15 ივნისს, როდესაც დედასთან ნ. ლ–სთან და მამასთან ა. ჭ–სთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი ა. ჭ–ე ეჩხუბებოდა ნ. ლ–ს, რის გამოც გამოესარჩლა დედას. აღნიშნულზე, ა. ჭ–მ აიღო ფიწალი და მასზე წამოგებით დაემუქრა მათ, რის გამოც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 2022 წლის 17 ივნისს, მომხდარ ფაქტს არ შესწრებია, თუმცა როგორც დისგან - რ. ჭ–სგან იცის, ალკოჰოლით მთვრალი ა. მოკვლით დაემუქრა ნ. ლ–ს, რის გამოც ნ–მ გამოიძახა პოლიცია.

11.3. მოწმე რ. ჭ–მ მიუთითა, რომ 2022 წლის 17 ივნისს, როდესაც დედასთან ნ. ლ–სთან და მამასთან ა. ჭ–სთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი ა. ჭ–ე მოკვლით დაემუქრა ნ. ლ–ს. სახლში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან ა-ს ისეთი სახე და თვალები ჰქონდა, რომ არ იცოდნენ რას მოიმოქმედებდა, გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ნ. ლ–სემ დარეკა პოლიციაში.

11.4. 2022 წლის 18 ივნისის ვითარების აღდგენის ოქმით დგინდება, რომ ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში, ნ. ლ–მ თავის საცხოვრებელ სახლში გამომძიებელს მიუთითა ადგილებზე, სადაც მისი მეუღლე მას და მის შვილს შ. ჭ–სეს ე.წ. ფიწალის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და უჩვენა ფიწალი. მანვე, მიუთითა ადგილზე, სადაც 2022 წლის 17 ივნისს, ა. ჭ–ე მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

11.5. 2022 წლის 18 ივნისის ამოღების ოქმით ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში, ნ. ლ–სის საცხოვრებელი სახლის ეზოში ამოიღეს ერთი ცალი ხის ტარიანი ლითონის ფიწალი. ნ. ლ–ს განმარტებით, სწორედ აღნიშნული ფიწლით დაემუქრა მასსა და მის შვილს ა. ჭ–სე 2022 წლის 15 ივნისს.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება გარემოება, რაც შეიძლება გამხდარიყო სასამართლოს მიერ მოწმეთა ჩვენებების არგაზიარების საფუძველი ან რომლითაც დადასტურდებოდა მსჯავრდებულის მიმართ მოწმეთა რაიმე ინტერესი ან/და მიკერძოება.

13. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. ჭ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ც–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე