საქმე # 080100121004773868
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №42აპ-23 ქ. თბილისი
ა. ვ.42აპ-23 30 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. შ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ა–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (24.05.2022 წლამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით(ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 4 მარტს, ქ. ბ. პენიტენციური დაწესებულების N..ე საკანში მოთავსებული იყვნენ: ვ. ა., ნ. ქ–ი და ვ. ლ–ე. დაახლოებით 10:10 წუთზე ვ. ა-მ მძინარე თანასაკნელ ნ. ქ–ს, რომელსაც არ ჰქონდა თავის დაცვის შესაძლებლობა, განზრახ მკვლელობის მიზნით, საკანში არსებული ორი ლიტრი ტევადობის, მარილით სავსე პოლიეთილენის ბოთლის თავში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, კერძოდ ქალას ფუძის მოტეხილობა და ქალას სარქველის ძვლების ტრამვული დაზიანება (მარჯვენა თხემის ძვლის მრავალფრაგმენტოვანი და იმპრესიული მოტეხილობა; მარჯვენა საფეთქლის ძვლის პირამიდის დამსხვრეული მოტეხილობა, მოტეხილობის ხაზის გადასვლით საფეთქლის ძვლის ქიცვზე და სფენოიდური წიაღის კედლებზე); სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევით და სუბდურული ჰემატომით. მიყენებული დაზიანებების შედეგად ნ. ქ–მა დაკარგა გონება, რითაც კვლავ ისარგებლა ვ. ა–მ და თანნაქონი მჭრელი თვისებების მქონე საგნით განაგრძო ნ. ქ-ისათვის დაზიანებების მიყენება თავისა და კისრის მიდამოში მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობების სახით, რის შედეგადაც ნ. ქ–მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, მარჯვენა ლოყის მიდამოს, ყბისქვეშა მიდამოს, კისრის მიდამოზე უკანა ზედაპირზე არსებული ჭრილობა, კისრის მიდამოს გარეთა საუღლე ვენის დაზიანებით, ხოლო მარჯვენა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მიდამოს ჭრილობის, მარჯვენა ლოყის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობების, მიმართული მარჯვენა ქვედა ყბის კუთხის მიდამოსკენ გადასვლით კისერზე, მარცხნივ ყურის ნიჟანის ორივე მხარეს მრავლობითი მცირე ზომის ჭრილობების, ყურის დაფის აპკის ტრავმული გასკდომის და გარეთა სასმენი ხვრელის ზედა კედელზე სისხლნაჟღენთების სახით, მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ნ. ქ–ი მდგომარეობა შეფასდა რა სიცოცხლისთვის სახიფათოდ, იგი გადაიყვანეს ბათუმის სამედიცინო ცენტრში, სადაც ექიმთა ძალისხმევის შედეგად დღეის მდგომარეობით მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება და გრძელდება მკურნალობა;
2.2. ქ. ბ. პენიტენციურ დაწესებულებაში N.. დეესკალაციის ოთახში მოთავსებული ბრალდებული ვ. ა., 2021 წლის 4 მარტს, გამოყვანილი იყო საგამოძიებო ოთახში დისტანციურ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად. პროცესის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 18:27 საათზე, როდესაც ვ. ა. ბრუნდებოდა დეესკალაციის ოთახში, პირველი სართულის დერეფანში გადაადგილებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხ. ყ–ს. კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, მარცხენა წარბის არეში ნახეთქი ჭრილობის სახით;
2.3. მსჯავრდებული ვ. ა., რომელიც მოთავსებული იყო ქ. ბ., მდებარე N- პენიტენციურ დაწესებულებაში, ამავე დაწესებულების N-ე საკანში 2020 წლის 19 თებერვალს ინახავდა აკრძალულ ორ ცალ საგანს - დაშლილი მექანიკური საპარსის (,,ბიგი") მოწყობილობის კომპონენტებისგან გადაკეთების შედეგად კუსტარულად დამზადებულ ბასრი ნაწიბურის მქონე და მჩხვლეტავი თვისების მქონე კუსტარულად დამზადებულ საგნებს, რაც 2020 წლის 19 თებერვალს დაახლოებით 12:38 საათზე, თანამშრომლების მიერ N-ე საკნის არაგეგმიური შემოწმება - დათვალიერებისას აღმოაჩინეს თანამშრომლებმა;
2.4. მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა ვ. ა–მ, რომელიც მოთავსებული იყო ქ.ბ-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, 2020 წლის 27 ივნისს, ამავე დაწესებულების N-ე საკანში ინახავდა აკრძალულ საგანს - მექანიკური საპარსი მოწყობილობის დაშლის შედეგად განცალკევებულ, ბასრი ნაწიბურის მქონე კომპონენტს, რაც აღმოაჩინეს 2020 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 13:24 საათზე, დაწესებულების თანამშრომლების მიერ ვ. ა–ს პირადი ნივთების შემოწმებისას;
2.5. ბრალდებული ვ. ა., რომელიც მოთავსებული იყო ქ. ბ-., მდებარე N..ე პენიტენციურ დაწესებულებაში, 2020 წლის 17 ივლისს ამავე დაწესებულების N..ე საკანში ინახავდა აკრძალულ - მჩხვლეტავი თვისების მქონე კუსტარულად დამზადებულ საგანს, რაც აღმოაჩინეს 2020 წლის 17 ივლისს დაახლოებით 17:02 საათზე, დაწესებულების თანამშრომლების მიერ საკნის შემოწმება დათვალიერებისას;
2.6. ბრალდებული ვ. ა–მ, რომელიც მოთავსებული იყო ქ. ბ-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, 2021 წლის 1 იანვარს ამავე დაწესებულების N-ე საკანში ინახავდა აკრძალულ საგანს - ერთჯერადი საპარი დანადგარის დაშლილ, განცალკევებულ შემადგენელ ნაწილს, ლითონის ფრაგმენტს, მჭრელი - ბასრი საგნისათვის დამახასიათებელი თვისებებით, რაც აღმოაჩინეს 2021 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 17:21 საათზე, დაწესებულების თანამშრომლების მიერ ვ. ა–ს პირადი ნივთების შემოწმებისას.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ივლისის განაჩენით: ვ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მესამე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მესამე ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 27 ივნისის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.6. საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 1 იანვრის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ ვ. ა–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.8. ვ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადებიდან - 2022 წლის 27 ივლისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. შ-მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ვ. ა–ს გამართლება მსჯავრად შერაცხულ ყველა ეპიზოდში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. შ-მ და მოითხოვა ვ. ა–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა მსჯავრად შერაცხულ ყველა ეპიზოდში.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. დაცვის მხარე ითხოვს ვ. ა–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ყველა ეპიზოდში გამართლებას. დაცვის მხარის განმარტებით, სასამართლომ არ დაადგინა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მოტივი, რომლის დადგენასაც აქვს ფუნდამენტური და გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან მოტივის არ არსებობის პირობებში ვ. ა–ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობად; ვ. ა–ს ბრალდება წარედგინა მხოლოდ საკანში არსებული ვიდეოჩანაწერის საფუძველზე. სადაც უტყუარად არ არის დადგენილი ნ. ქ–ის მიმართ განხორციელებული ქმედების ჩამდენი რეალურად იყო თუ არა ვ. ა.; ნ. ქ–ი იყო თუ არა მძინარე ან უმწეო მდგომარეობაში.
3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ვ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(24.05.2022 წლამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით(ოთხი ეპიზოდი) მსჯავრდება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
5. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ვ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების(24.05.2022 წლამდე მოქმედი რედაქცია) ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით(მათ შორის: მოწმეების: მ. ი-ის, რ. ბ-ის, ე. ი-ის, ზ. ი-ის ჩვენებებით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ს. გ-ის, თ. გ-ის, გ. მ–ის, ლ. ა-ის, ი. ქ-ის, ე. დ-ის გამოკითხვის ოქმებით, 2021 წლის 12 მარტის ვიდეოთვალის ჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 მარტის N.... ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით) დასტურდება, რომ ვ. ა–მ 2021 წლის 4 მარტს, N- პენიტენციური დაწესებულებაში, N-ე საკანში, დაახლოებით 10:10 საათზე მძინარე თანასაკნელ ნ. ქ–ს, რომელსაც არ ჰქონდა თავის დაცვის შესაძლებლობა, განზრახ მკვლელობის მიზნით, საკანში არსებული ორი ლიტრი ტევადობის, მარილით სავსე პოლიეთილენის ბოთლის თავში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. მიყენებული დაზიანებების შედეგად ნ. ქ–მა დაკარგა გონება, რითაც კვლავ ისარგებლა ვ. ა–მ და თანნაქონი მჭრელი თვისებების მქონე საგნით განაგრძო ნ. ქ–ისთვის დაზიანებების მიყენება თავისა და კისრის მიდამოში მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობების სახით, რის შედეგადაც ნ. ქ–მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, მარჯვენა ლოყის მიდამოს, ყბისქვეშა მიდამოს, კისრის მიდამოზე უკანა ზედაპირზე არსებული ჭრილობა, კისრის მიდამოს გარეთა საუღლე ვენის დაზიანებით, ხოლო მარჯვენა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მიდამოს ჭრილობის, მარჯვენა ლოყის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობების, მიმართული მარჯვენა ქვედა ყბის კუთხის მიდამოსკენ გადასვლით კისერზე, მარცხნივ ყურის ნიჟანის ორივე მხარეს მრავლობითი მცირე ზომის ჭრილობების, ყურის დაფის აპკის ტრავმული გასკდომის და გარეთა სასმენი ხვრელის ზედა კედელზე სისხლნაჟღენთების სახით, მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ვ. ა–ს ქმედებაში არ იკეთება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, დანაშაულის მოტივის დაუდგენლობის გამო კი მის მიერ ჩადენილია მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით (ან სხვა დანაშაული, რომელიც არ არის დაკავშირებული განზრახ მკვლელობის მცდელობასთან დამამძიმებელ გარემოებებში); ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ თითქოსდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ნ. ქ–ისათვის დაზიანებების მიმყენებელი პირი ვ. ა.ა, ხოლო დაზიანების მიყენების მომენტში ნ. ქ–ს ეძინა და იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა N- პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა: მ. ი-მ, რ. ბ-ემ, ე.- ი-ემ და ზ. ი-ემ დაადასტურეს, რომ 2021 წლის 4 მარტის მდგომარეობით N-ე საკანში განთავსებული იყვნენ მსჯავრდებულები: ვ. ა., ვ. ლ-ე და ნ. ქ–ი.
8. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი N-ე საკნის ვიდეოთვალის 2021 წლის 10 მარტის ჩანაწერითა და 2021 წლის 12 მარტის ვიდეოთვალის ჩანაწერის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ
- 2021 წლის 4 მარტს 10:00 საათზე საკანში გამორთულია შუქი, თუმცა ვიდეოსათვალთვალო კამერა კარგად აფიქსირებს საკანში მიმდინარე მოვლენებს. კადრში ჩანს, რომ საკანში მოთავსებულია სამი მსჯავრდებული - ნ. ქ–ი, ვ. ლ-ე და ვ. ა.. ნ. ქ–ი და ვ. ლ-ე წვანან საწოლებში, გადაფარებული აქვთ სავარაუდოდ ზეწრები, მოსჩანს მხოლოდ თავები, ხოლო მსჯავრდებული ვ. ა. დგას ფეხზე, დადის საკანში, განუწყვეტლივ მოძრაობს...
- 10:09:40 საათზე ვ. ა. მიდის ნ. ქ–ის ლოგინის მიმართულებით. ხელში უჭირავს 2 ლიტრის ტევადობის ბოთლი, მასში მოთავსებული მოთეთრო ფერის მასით, რომელსაც მთელი ძალით უქნევს მძინარე ნ. ქ–ს და თავში არტყამს მარჯვენა მხარეს, კადრში ჩანს, როდესაც ვ. ა–მ დარტყმის შემდეგ ბოთლი აწია ზემოთ, ნ. ქ–მა თავი გამოწია ბალიშიდან, მაგრამ საწოლში შებრუნება ვერ მოასწრო, ვ. ა–მ ისევ მოუქნია ხელთ არსებული ბოთლი ქ-ს და ისევ დაარტყა თავში, რის შემდეგაც ვ. ა. გამეტებით ურტყამს ბოთლს ნ. ქ–ს თავში, რა დროსაც კადრში ჩანს, რომ ნ. ქ–ი საწოლში არხევს ფეხებს, შემდეგ ტრიალდება და წვება მუცელზე, რის შემდეგაც არანაირ მოძრაობას არ აკეთებს, ხოლო ვ. ა. ნ. ქ–ს ისევ ურტყამს ბოთლს თავში...
- 10:09:59 საათზე გაიღვიძა ვ. ლ-ემ და წამოწია ლოგინიდან თავი, რის შემდეგაც ვ. ა. ცხრაჯერ არტყამს ნ. ქ–ს თავში, როდესაც მასთან მიდის ვ. ლ–ე, ვ. ა–ს ხელიდან უვარდება ბოთლი...
- 10:11:31 საათზე კადრში ჩანს, რომ მას შემდეგ რაც ვ. ლ–ე მივიდა კართან და დაუძახა დაწესებულების თანამშრომლებს, ვ. ა. ტანთცმული ზედა სამოსის მარჯვენა ჯიბიდან იღებს რაღაც საგანს, ისევ მიდის ნ. ქ–თან, მარცხენა ხელს ადებს თავზე, ხოლო მარჯვენა ხელით აკეთებს სწრაფ მოძრაობებს და თანნაქონ საგანს ნ. ქ–ს ჩვიდმეტჯერ უსვამს კისრის არეში.
- 10:11:51 საათზე, ვ. ლ–ე ნ. ქ–ს გადახდის ზემოდან გადაფარებულ ზეწარს, რა დროსაც ჩანს, რომ ნ. ქ–ი საწოლში წევს მუცელზე უგონო მდგომარეობაში...
- 10:11:54 საათზე კადრში ჩანს, რომ როდესაც ვ. ლ–ე აჯანჯღარებს ნ. ქ–ს და მცირე ხნით გაიხედება საკნის კარების მიმართულებით, ამ დროს ვ. ა. ისევ მიდის ნ. ქ–თან, მარცხენა ხელით უკავებს თავს, ხოლო მარჯვენა ხელში არსებულ საგანს ისევ სწრაფად უსვამს კისრის მიდამოში...
- 10:12:05 საათზე ვ. ლ–ე ისევ აგრძელებს ნ. ქ–ის შეჯანჯღარებას, რა დროსაც ვ. ა. ისევ მიდის ნ. ქ–თან მარცხენა ხელს კიდებს თავში და მარჯვენა ხელთ არსებულ უცხო საგანს რამოდენიმეჯერ ურტყამს კისერში...
- 10:12:10 საათზე საკანში შედის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი ე. დ–ე, რომელსაც მოჰყვება უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ლ. ა-ე, ხოლო მათ უკან კართან იმყოფება სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი ი. ხ–ი, ამ დროს ვ. ლ–ე შორდება ნ. ქ–ის საწოლს, ხოლო ვ. ა. მცირე ხნით ჩერდება ნ. ქ–თან და აგრძელებს მარჯვენა ხელში არსებული საგნის კისრის მიდამოში ჩარტყმას, ხოლო როდესაც დაინახა საკანში შესული ე. დ–ე ამის შემდეგ ისიც შორდება ნ. ქ–ის საწოლს... რამდენიმე წამში (10:12:23), როდესაც ე. დ–ე მიდის ნ. ქ–ის საწოლთან, ამ დროს ვ. ა. კვლავ დგას ქ-ის საწოლთან, მას მარცხენა ხელით უჭირავს ნ. ქ–ის თავი, ხოლო მარჯვენა ხელში არსებულ საგანს აშკარად და მკვეთრი მოძრაობით ქვემოდან ზემოთ კისერში სამჯერ უსვამს ქ-ს. კადრში აშკარად ჩანს, რომ როდესაც ვ. ა–მ კისრის მიდამოში გამოუსვა თანნაქონი საგანი ნ. ქ–ს მას უყურებს ე. დ–ე, ამ უკანასკნელმა არაფერი არ მოიმოქმედა და ხელი არ შეუშალა ვ. ა–ს, აღეკვეთა მისი ქმედება, სანამ ვ. ა–მ თავად არ დაანება თავი ნ. ქ–ს.
9. აღნიშნული გარემოებები ასევე დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მოწმეთა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის სამმართველოს ინსპექტორების: ს. გ-ისა და თ. გ-ის გამოკითხვის ოქმებით. მოწმეებმა თანხვდენილად მიუთითეს, რომ 2021 წლის 4 მარტს 10:00 დან 18:00 საათამდე იყვნენ მორიგეები, დაახლოებით 10:11 შეხედეს მონიტორებს, რა დროსაც მათი ყურადღება მიიქცია N-ე საკანში მიმდინარე მოვლენებმა. გადიდებულ გამოსახულებაში დაინახეს, რომ N-ე საკანში განთავსებული იყო სამი პატიმარი, კერძოდ, ვ. ა., ვ. ლ–ე და ნ. ქ–ი. გადიდებულ კადრში დაინახეს, რომ ვ. ლ–ე აკავებდა და ამშვიდებდა ვ. ა–ს, რის შემდეგაც იგი წავიდა საკნის კარებისკენ და სავარაუდოდ დაუძახა დაწესებულების თანამშრომლებს, რის შემდეგაც მობრუნდა და ნ. ქ–ს ხელებით დაუწყო შენჯღრევა. ნ. ქ–ი ამ დროს იწვა თავის საწოლზე, რომელიც განთავსებულია საკანში შესასვლელი კარებიდან ხელმარჯვნივ კედელთან. ასევე ვ. ა.ც მივიდა საწოლთან და თითქოსდა იგიც ცდილობდა ნ. ქ–ის მოსულიერებას. მალევე გაიღო საკნის კარები და შიგნით შევიდნენ დაწესებულების თანამშრომლები, ამავდროულად ვ. ა–მ, რომელსაც რაღაც საგანი ეკავა ხელში, ნ. ქ–ს ყელში რამოდენიმეჯერ გამოუსვა, თითქოსდა ყელს ჭრიდა. კონკრეტულად თუ რა საგანი ეკავა ხელში ვ. ა–ს კადრში ვერ გაარკვიეს, საკანში შესულმა დაწესებულების თანამშრომლებმა ვ. ა. გაწიეს გვერდზე. ეს უკანასკნელი კი შევიდა საპირფარეშოში, სადაც სავარაუდოდ დაიბანა ხელები, ვინაიდან იქიდან გამოსვლის შემდეგ ხელები შეიმშრალა კედელზე ჩამოკიდებული პირსახოცით. ასევე N-ე საკანთან მოვიდნენ დაწესებულების სხვა თანამშრომლები და მედპერსონალი. N-ე საკანში 10:11 საათამდე განვითარებული მოვლენები მოწმეებმა ნახეს ვიდეოჩანაწერის უკან გადახვევისა და დათვალიერების შემდეგ, სადაც ასევე მიუთითეს ვ. ა.ზე, რომელმაც მძინარე ნ. ქ–ს რამოდენიმეჯერ თავში ჩაარტყა მოთეთრო ფერის პოლიეთილენის ბოთლი, ნ. ქ–ი თითქოს თავიდან ცდილობს წამოდგომას, ასევე რამოდენიმეჯერ შეარხევს ფეხებს, რის შემდეგაც ხდება უმოძრაო, სავარაუდოდ გონებას კარგავს. მიუხედავად ამისა ვ. ა. აგრძელებს ბოთლის თავში დარტყმას. ამ დროს ეღვიძება ვ. ლ–ეს, რომელიც დგება საწოლიდან და ცდილობს ვ. ა–ს შეკავებას და დაწყნარებას, რის შემდეგაც ეძახის დაწესებულების თანამშრომლებს.
10. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის №610აპ-22 განჩინება).
11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 მარტის N...... ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ წარმოდგენილი შპს ბ–ს სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-ის ქსეროასლის ჩანაწერების მიხედვით, ნ. ქ–ი მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით კლინიკაში მიყვანილია 04.03.2021 წელს 10:40 სთ-ზე. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ნ. ქ–ს აღენიშნება: ქალას ფუძის მოტეხილობა და ქალას სარქველის ძვლების ტრამვული დაზიანება (მარჯვენა თხემის ძვლის მრავალფრაგმენტოვანი და იმპრესიული მოტეხილობა; მარჯვენა საფეთქლის ძვლის პირამიდის დამსხვრეული მოტეხილობა. მოტეხილობის ხაზის გადასვლით საფეთქლის ძვლის ქიცვზე და სფენოიდური წიაღის კედლებზე); სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა და სუბდურული ჰემატომა; მარჯვენა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მიდამოს, მარჯვენა ლოყის მიდამოს, ყბისქვეშა მიდამოს, კისრის უკანა ზედაპირზე ჭრილობა; მარჯვენა ლოყის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობები, მიმართული მარჯენა ქვედა ყბის კუთხის მიდამოსკენ გადასვლით კისერზე; მარცხნივ ყურის ნიჟარის ორივე მხარეს მრავლობითი მცირე ზომის ჭრილობები; გარეთა სასმენი ხვრელის ზედა კედელზე სისხლნაჟღენთები; დაფის აპკის ტრამვული გასკდომა. მარჯვენა ლოყის მიდამოში (მიმართული მარჯვენა ქვედა ყბის კუთხის მიდამოსკენ გადასვლით კისერზე) არსებული ნაკვეთი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით, სხვა ზემოაღნიშნული ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში არასრულად აღწერილი მორფოლოგიური სურათის გამო. ჭრილობების მიმართულება და სიღრმე არ არის აღწერილი წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში. ქალას ფუძის მოტეხილობა, ქალას სარქველის ძვლების ტრამვული დაზიანება, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, სუბდურული ჰემატომა, გარეთა სასმენი ხვრელის ზედა კედლის სისხლნაჟღენთები, დაფის აპკის ტრამვული გასკდომა განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
12. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ვ. ა–ს მიერ დანაშაულის ჩადენის ხერხით და საშუალებით, დაზიანებათა რაოდენობით, ხასიათით, ლოკალიზაციით, მიყენების ვითარებით დგინდება ვ. ა–ს განზრახვა - მისი ქმედებები მიმართული იყო დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ; დადასტურებულია ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით((24.05.2022 წლამდე მოქმედი რედაქცია) - წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისთვის, სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს რომ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს ადამიანის უმწეო მდგომარეობაში ყოფნა და აქედან გამომდინარე მის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შეუძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით(ვიდეოჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით, მოწმეთა ჩვენებებით) დგინდება, რომ ვ. ა–ს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დაწყებისას გაცნობიერებული ჰქონდა ნ. ქ–ის ფიზიკური უმწეობის მდგომარეობა, ვინაიდან დგინდება, რომ დაზარალებულს 10:10 საათზე ეძინა.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ვ. ა–ს მიერ მისთვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით((24.05.2022 წლამდე მოქმედი რედაქცია) შერაცხული ქმედების ჩადენა.
15. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს ვ. ა–ს გამართლება მისთვის მსჯავრად შერაცხულ ყველა ეპიზოდში, თუმცა საჩივრის სამოტივაციო ნაწილში დაცვის მხარე მსჯელობს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებაზე. საჩივარში არაფერია ნათქვამი თუ რატომ არ ეთანხმება დაცვის მხარე საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით(ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებულ მსჯავრდებას. შესაბამისად, ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და ვერ პასუხობს საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს.
15.1. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ვ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით(ოთხი ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: ხ. ყ-ის, ზ. ი-ის, დ. დ-ის გამოკითხვის ოქმები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 12 აპრილის N.......... ექსპერტიზის დასკვნა, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, ოქმი აკრძალული საგნის აღმოჩენის შესახებ, ინფორმაციული პატაკი, მოწმეების გ. ყ-ის, ჯ. ბ-ის, ბ. კ-ის, მ. თ-ისა და ნ.- შ–ის გამოკითხვის ოქმები, ოქმი აკრძალული საგნების ჩამონათვალის ვ. ა–სათვის გაცნობის შესახებ, საგნის დათვალიერების ოქმი, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N...., N...., N...... და N.... დასკვნები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და სხვა მტკიცებულებები), ასევე საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხული ზ. ი-ის ჩვენება, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ ვ. ა–მ ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით(ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვ. ა–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (24.05.2022 წლამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით(ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შესაბამისი მუხლების სანქციით დადგენილი მაქსიმალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (24.05.2022 წლამდე მოქმედი რედაქცია) – 17 წელი; საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 8 წელი; საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით(ოთხი ეპიზოდი) – 3 წელი.
17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N......... დასკვნას, რომლის თანახმად, ვ. ა–ს დაუდგინდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონალური აშლილობა(კოდი - F... დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) მიდრეკილებით დეკომპენსაციებისადმი. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს - 2021 წლის 4 მარტს დაახლოებით 10:10 საათზე, 2021 წლის 4 მარტს დაახლოებით 18:27 საათზე, 2021 წლის 1 იანვარს დაახლოებით 17:21 საათზე და 2020 წლის 27 ივნისს დაახლოებით 13:24 საათზე - ვ. ა. ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო, მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონალური აშლილობა, მიდრეკილებით დეკომპენსაციებისადმი და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ვ. ა–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ვ. ა–ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ვ. ა. იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. ვ. ა–ს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას. ვ. ა. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული სერაცხადობის მდგომარეობაში. იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს. სააპელაციო სასამართლომ ხსენებული გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღო და მსჯავრდებულს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( 24.05.2022-მდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა მაქსიმალური ხანგრძლივობით.
19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მასში გამოვლენილ მართსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 39- ე და 53-ე მუხლების დანაწესებს და საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას, იმ გარემოებას და მიზანშეწონილად მიაჩნია ვ. ა–ს შეზღუდული შერაცხადობის, საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენში ვ. ა–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების მიმართულებით.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. შ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ვ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 16 წლისა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4. ვ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს -7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. ვ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. ვ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 27 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
7. ვ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
8. ვ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 1 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას სხვა სასჯელები და საბოლოოდ ვ. ა–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 16 წლითა და 6 თვით;
10. ვ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან - 2022 წლის 27 ივლისიდან.
11. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;
12. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე