საქმე # 330100122006471790
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №444აპ-23 ქ. თბილისი
დ. ჯ. 444აპ-23 30 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ჯ. დ–ს, - დაბადებულს 1...წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ჯ. დ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. თ-ში, ჯ. დ-მა მამის - ს. დ–ს მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ხელით მიაყენა დაზიანებები სახისა და თავის არეში. ჯ. დ–ს მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად ს. დ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2022 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. თ-ში, ჯ. დ. მამას - ს. დ-ს, ჩაქუჩის გამოყენებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. ჯ. დ–ს მიერ ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარა ს. დ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 იანვრის განაჩენით:
3.1. ჯ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. ჯ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი;
3.4. საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაუქმდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 7 აპრილის №........... გადაწყვეტილებით შეცვლილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 2486 საათის ხანგრძლივობით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 1 წელი;
3.5. ჯ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 20 ოქტომბრიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა ანა კაპანაძემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ჯ. დ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძემ და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ჯ. დ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, ჯ. დ–სათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმებას, მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან ვერ დგინდება ჯ. დ–ს თანამშრომლობა გამოძიებასთან.
3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ ჯ. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია მსჯავრდებულის აღიარებით, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ამოღების ოქმით, პაციენტის სამედიცინო ბარათით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ.
4. რაც შეეხება ჯ. დ–სათვის განსაზღვრულ სასჯელს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
5. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ ჯ. დ-მა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის პირობებში (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ჯ. დ–ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შემდგომში აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით შეეცვალა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით და გათავისუფლდა 2022 წლის 8 აპრილს). შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის მე-17-ე და 58-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით(დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით).
6. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ჯ. დ–სათვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობას (რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება): ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას (მაგალითისთვის: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება №305აპ-21; 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება N 669აპ-22; 2022წლის 31 იანვრის განჩინება N 888აპ-21;).
6.1. მოცემულ შემთხვევაში ჯ. დ–ს გამოძიების ეტაპზე (ბრალდებულის გამოკითხვის 2022 წლის 20 ოქტომბრის ოქმის თანახმად, იგი არ აღიარებს ბრალს და იყენებს დუმილის უფლებას (ტ.1; ს.ფ.74-77)) და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, გარდა დასკვნითი სხდომისა (სასამართლო სხდომის 2022 წლის 22 დეკემბრის ოქმის თანახმად, ბრალდებული არ ცნობს თავს დამნაშავედ (ტ.1; ს.ფ.248-251)) არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს. ჯ. დ-მა პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის მხოლოდ დასკვნით ეტაპზე აღიარა დანაშაულის ჩადენა (სასამართლო სხდომის 2023 წლის 23 იანვრის ოქმი (ტ.1, ს.ფ. 255-258). ბრალის აღიარება მხოლოდ სასამართლო განხილვის დასკვნით ეტაპზე კი ვერ იქნება მიჩნეული გამოძიებასთან თანამშრომლობად საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მიზნებისათვის და არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებისათვის თვითკმარ სამართლებრივ საფუძველს ( იხ. პუნქტი 6). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.
7. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, ჯ. დ–ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს (დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ), ჩადენილი ქმედების სიმძიმეს(ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაულები), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს (ძალადობრივი დანაშაული), ხერხს (ჩაქუჩის გამოყენებით) და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულის პიროვნებას, რომ ჯ. დ-მა განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით) პირობებში ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედებები - 2022 წლის 19 ოქტომბერს იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - ს. დ-ს.
8. სასამართლო ითვალისწინებს ჯ. დ–ს წინა ნასამართლობას, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება დანიშნული სასჯელის სახეს (თავისუფლების აღკვეთა) და ზომას ( 2 წელი), მაგრამ, უსაფუძვლობის გამო, არ ეთანხმება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას. შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობა (სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დასტურდება ჯ. დ–ს მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობა), ჯ. დ–სათვს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით - უნდა განისაზღვროს სრულად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ჯ. დ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. ჯ. დ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაუქმდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 7 აპრილის №......... გადაწყვეტილებით შეცვლილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 2486 საათი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
7. ჯ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2022 წლის 20 ოქტომბრიდან.
8. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე