Facebook Twitter

საქმე # 010142223701031690

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №10აგ-23 6 ივნისი, 2023 წელი

მ. გ. 10აგ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - შ. გ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით გ. მ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, საბოლოოდ გ. მ–სს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ გ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 1998 წლის 8 აპრილიდან.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინება, მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, დარჩა უცვლელი.

6. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით;

მსჯავრდებულ გ. მ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. მ–სს ¼-თ შეუმცირდა საქართველოს 1960 წლის რედაქციის საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით;

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. მ–ს ¼-თ შეუმცირდა საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 104 მუხლის მე-4 პუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, მსჯავრდებულ გ. მ–ს, შთანთქმის პრინციპის გათავალისწინებით განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით გ. მ–სის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განჩინებების გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა.

11. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა.

13. 2018 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის №...განკარგულების საფუძველზე გ. მ–ი შეწყალებული იქნა და საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდის გათავისუფლების თარიღად განესაზღვრა 2033 წლის 8 აპრილი.

14. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–სის შუამდგომლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 მაისის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ დარჩა უცვლელი.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის გაჩინება მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელი.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. რ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის გაჩინება მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელი.

22. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მაისის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ დარჩა უცვლელი.

24. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივნისის განჩინებით გ. მ–ს შუამდგომლობა მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელი.

26. 2023 წლის 27 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გ. მ–მა და მისმა ადვოკატმა შ. გ–მ და მოითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გ. მ–ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა, იმ საფუძვლით, რომ საქმე განიხილა არაუფლებამოსილმა სასამართლო შემადგენლობამ სახალხო მსაჯულების მონაწილეობით, რაც უკანონოდ აღიარა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.

27. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. გ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

28. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - შ. გ–მ და საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ დაუშვას შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის - „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა („ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმების გამოყენებისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებები ამ კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმების ოფიციალურ განმარტებებად მიიჩნევა და აღნიშნული ნორმების გამომყენებელს შეუძლია ამ განმარტებებს დაეყრდნოს) და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 192-ე მუხლის 11 ნაწილს (სასამართლოს განჩინებაში შეიძლება მიეთითოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა). ასევე იმ აგრემოებას, რომ საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ვინაიდან მითითებულ ნორმაში განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის. განსახილველ შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, იმ შემთხვევაში, თუ: არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.

3. კასატორის მტკიცებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენი გამოტანილია არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ, ვინაიდან საქმის განმხილველ სასამართლოს შემადგენლობაში შედიოდა ორი სახალხო მსაჯული. ადვოკატი უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 ოქტომბრის (საქმე ,,ფანჯიკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“) გადაწყვეტილებაზე.

4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის იგივე საფუძვლებითა და არგუმენტაციით დაცვის მხარემ არაერთხელ მიმართა სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით (მათ შორის - იგივე საფუძვლით და არგუმენტაციით დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე კასატორს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებითაც, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა; ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის N71აგ-20 განჩინება)).

5. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან კასატორი უთითებს ისეთ გარემოებებზე, რაც უკვე არაერთხელ იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის იგივე ქვეპუნქტითა და არგუმენტაციით სასამართლოს მიერ გადასინჯვის საგანი და კასატორს დასაბუთებული პასუხი გაეცა შუამდგომლობაში დაყენებულ მოთხოვნაზე, ხოლო კასატორი წარმოდგენილ საჩივარში (და შესაბამისად შუამდგომლობაში) არ უთითებს რაიმე ახალ გარემოებაზე ან ფაქტზე, რაც არ ყოფილა სასამართლო განხილვა/შეფასების საგანი და შესაძლებელია გამხდარიყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

6. გარდა ამისა, ადვოკატის მითითებაზე - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეზე, ,,ფანჯიკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკას და კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა ორ კონკრეტულ საქმეზე (საქმე „გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, (Gorgiladze v. Georgia) განაცხადი №4313/04; ECHR; 20.01.2010; საქმე „ფანჯიკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, (Pandjikidze and others v. Georgia) განაცხადი №30323/02; ECHR; 27.01.2010) და მას ე.წ. „მასობრივი დარღვევების“ საკითხზე არ უმსჯელია. ამასთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (No R (2000) 2 წევრ სახელმწიფოებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ეროვნულ დონეზე, ზოგიერთი საქმის გადასინჯვის ან საქმისწარმოების განახლების შესახებ) მიხედვით განსაზღვრულია, რომ „მასობრივი“ დარღვევების შემთხვევაში, საქმეთა გადასინჯვა/დარღვეული უფლების სხვაგვარი გამოსწორება სახელმწიფოს დისკრეციას წარმოადგენს (იხ. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია No. R (2000) 2, პარ.: 14); ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის კვლევის თანახმად, კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში სხვა საქმეების გადასინჯვის ვალდებულება სახელმწიფოს კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად პირდაპირ არ აქვს. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ გორგილაძისა და ფანჯიკიძის გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე აღსრულების საქმეები მინისტრთა კომიტეტმა დახურა სხვა საქმეთა გადასინჯვის მოთხოვნის გარეშე. კერძოდ, მან საკმარისად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებები, რითაც ამ კონკრეტულ პირებს მიენიჭათ გადასინჯვის მოთხოვნის უფლება (მინისტრთა კომიტეტის 2012 წლის 26 სექტემბრის საბოლოო რეზოლუციები ფანჯიკიძისა და გორგილაძის საქმეებზე); ამასთან, აღსანიშნავია, რომ გორგილაძე/ფანჯიკიძის საქმეები თავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არ ყოფილა კლასიფიცირებული არც პილოტურ და არც კვაზიპილოტურ გადაწყვეტილებად; შესაბამისად, სასამართლოს არ დაუდგენია სისტემური პრობლემა, რის გამოც სტრასბურგის ორგანოების მიერ არასოდეს წამოჭრილა სხვა იდენტურ საქმეთა გადასინჯვის აუცილებლობის ან ეროვნულ დონეზე აღსრულების სხვა ღონისძიების გატარების საკითხი“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის N33აგ-17 და 2023 წლის 3 მაისის N2აგ-23 განჩინებები).

7. საკასაცო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვას ითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების (იხ., Pandjikidze and Others v. Georgia, no. 30323/02, ECtHR, 27/10/2009) საფუძველზე; სასამართლო ასევე ითვალისწინებს - საქართველოს სსსკ-ის 329-ე მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 333-ე მუხლს, რომლის თანახმად - „ეს კოდექსი, გარდა 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან; ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან“, იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლში, 2012 წლის 27 მარტს შევიდა ცვლილება, კერძოდ, ცვლილებამდე მუხლის დანაწესის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავი იყო, აღნიშნული ცვლილების შემდეგ კი მიეთითა, რომ ,,ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. პირი უფლებამოსილია ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების ) კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში“, 2016 წლის 27 აპრილის ცვლილების შემდეგ კი ნორმა ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე​1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პირი უფლებამოსილია ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე​1“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით − შესაბამისი კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის ვადაში“.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - შ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - შ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განჩინება, მსჯავრდებულ გ. მ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - შ. გ–ის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე