საქმე # 330100122006593344
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№409აპ-23 ქ. თბილისი
რ. ტ. 409აპ-23 28 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. რ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ტ. რ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ტ. რ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ტ. რ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ტ. რ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა საერთო ჯამში 3,86 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რასაც 2022 წლის 10 ნოემბერს, ასევე უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში მდებარე: ქ. თ–ში აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2022 წლის 10 ნოემბერს ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. თ–ში მდებარე ტ. რ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 იანვრის განაჩენით:
3.1. ტ. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული (რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელი) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით - შინაპატიმრობით შეცვლილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ტ. რ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. მსჯავრდებულ ტ. რ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 10 ნოემბრის 20:41 საათიდან;
3.4. მსჯავრდებულ ტ. რ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ტ. რ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. მ-მა, რომლებმაც მოითხოვეს სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ სასჯელის სახედ - 8 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ტ. რ–მ და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. მ-მა, რომლებიც ითხოვენ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას და 8 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ტ. რ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ტ. რ–ს აღიარებასთან ერთად სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: მოწმეების გამოკითხვის ოქმები, ტ. რ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ტ. რ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
3. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ტ. რ–სათვის სასჯელის დანაშაულის რეციდივის წესით დანიშვნის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ტ. რ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით - დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, ტ. რ–ს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით ¼-შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2017 წლის 21 აპრილიდან. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტ. რ–ს თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა შინაპატიმრობით 2 წლით, 1 თვითა და 11 დღით და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა - 2021 წლის 10 დეკემბერს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს 2022 წლის 16 ნოემბრის N..... წერილით ტ. რ. თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფებოდა ზემოაღნიშნული სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე და შინაპატიმრობის ვადა უსრულდებოდა - 2024 წლის 21 იანვარს.
5. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს (2022 წლის 10 ნოემბერს) ტ. რ. ნასამართლევი იყო (იხდიდა სასჯელს შინაპატიმრობის სახით) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა - ჩადენისათვის. შესაბამისად, ქმედების არაერთგზის ჩადენა სახეზეა.
6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენი ტ. რ–ს მიმართ (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე) და ტ. რ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა (ბრალად შერაცხული ქმედება), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებასთან (არაერთგზის ჩადენა) ერთად სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლის პირველი ნაწილებით და შესაბამისად, სასჯელი განსაზღვრა დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენებით, რაც სააპელაციო სასამართლომაც უცვლელად დატოვა გასაჩივრებული განაჩენით.
7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ “არაერთგზისი დანაშაული გულისხმობს წინათ ნასამართლევი პირის მიერ საქართველოს სსკ-ის იმავე მუხლით ან საქართველოს სსკ-ით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში კოდექსის სხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება ნასამართლობა 18 წლამდეც. რეციდივის ინსტიტუტი მოიცავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ნებისმიერი სხვა განზრახი დანაშაულის ჩადენას. ამდენად, განზრახი დანაშაულების შემთხვევაში, არაერთგზისი დანაშაულისა და რეციდივის ცნებები არსობრივად მსგავსია. სწორედ ამ მიზეზით, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილი კრძალავს დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენებას, თუ ამავე კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე. ..... შესაბამისად, არაერთგზისი დანაშაულისა და რეციდივის ცნებების არსებითი მსგავსების გათვალისწინებით, არაერთგზისობის მხედველობაში მიღებასთან ერთად, რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის დამატებით გამოყენება გაუმართლებლად ამძიმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 20 იანვრის განაჩენი საქმეზე N 659აპ-21, II-20)
8. ამდენად, წინა განაჩენით დადგენილი ნასამართლობის ვადების მიმდინარეობის პერიოდში ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ბოლო განაჩენით სასჯელის დანიშვნისას მხოლოდ ერთი მათგანი - რეციდივისა და არაერთგზისობის კონკურენციისას კი არაერთგზისობა - მიიღება მხედველობაში. შესაბამისად, ტ. რ–სათვის სასჯელის საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით და 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშვნა კანონშეუსაბამოა.
9. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი. ტ. რ–ს განესაზღვრა - მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 10 წლით (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას), რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენით ტ. რ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ტ. რ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე