საქმე # 010140023900152706
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №11-23 ქ.თბილისი
ღ. ა. №11-23 2 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა. ღ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენით ა. ღ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ა. ღ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ა. ღ–სის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განაჩენი ა. ღ–ს მიმართ.
3.1. ა. ღ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3.2. გამართლებულ ა. ღ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ღ–ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა (სასარჩელო მოთხოვნა: 1. დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მოსარჩელე ა. ღ–ს სასარგებლოდ, მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, იძულებით აღსრულებული ჯარიმის ანაზღაურება 3060.20 ლარის ოდენობით; 2. დაევალოს თეონა ბოგვერაძეს, მოსარჩელე ა. ღ–ს სასარგებლოდ, მის მიმართ განხორციელებული სისხლისამართლებრივი დევნის გამო, ზიანის ანაზღაურება 22000 ლარის ოდენობით).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინებით ა. ღ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ა. ღ–ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება.
6.1. აღნიშნული განჩინების თანახმად, ა. ღ–მა 2020 წლის 14 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თ. ბ–ს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების რამდენჯერმე დაზუსტების შემდეგ ა. ღ–მა მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის იძულებით აღსრულებული ჯარიმის 3060,20 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება, ასევე თ. ბ–სთვის ა. ღ–ს მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლებრივი დევნის გამო ზიანის - 22 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საკასაციო საჩივრით მომართა ა. ღ–მა, რომელიც ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მის მიმართ განხორციელებული სისხლისამართლებრივი დევნის გამო, ასევე აღსრულებული ჯარიმის ანაზღაურებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ როგორც საქალაქო და სააპელაციო, ისე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მის მიმართ განხილული ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტისას მიიღეს არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილებები.
8. საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიაჩნია, რომ ის უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) მე-300 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა წრეს და მკაფიოდ ადგენს, რომ საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. მოცემული ნორმის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების - განაჩენის კანონიერება; საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლით დადგენილი წესით სისხლის სამართლის საქმეზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება; 314-ე მუხლის საფუძველზე - სააპელაციო სასამართლოს განაჩენი; ასევე - სააპელაციო სასამართლოს განჩინება სპეციალური კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში (მაგალითისთვის იხ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, უფლება აქვს, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში).
9.1. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე (გარდა განაჩენისა და განკარგულებისა) გამოაქვს განჩინების სახით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 95-ე მუხლის პირველი ნაწილი მართალია ადგენს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის უფლებას გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება, მაგრამ მხოლოდ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
10. მოცემულ შემთხვევაში ა. ღ–ი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ასაჩივრებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას, რასაც არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა - საქართველოს სსსკ-ით საკასაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება (ამასთან, გადაწყვეტილების თანახმად, გასაჩივრებული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება). საკასაციო სასამართლო ასევე ვერ იმსჯელებს იმ საკითხებზე, რომელთა განხილვა-გადაწყვეტა ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროს განეკუთვნება.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ აქტის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შესახებ, რომლის გადასინჯვა სცდება საკასაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის კომპეტენციას.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ღ–ი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლით, 303-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ღ–სის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე