საქმე # 330100121004259445
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1315აპ-22 ქ. თბილისი
წ. ი. 1315აპ-22 21 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ ვ. ვ. ნ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:
1.1. ვ. ნ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: განზრახ მკვლელობის მცდელობა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით; ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
1.2. ი. წ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
1.3. გ. ჯ–ას, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: ყაჩაღობაში დახმარება, ესე იგი თავდასხმაში დახმარება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ვ. ნ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. ი. წ–მა, ვ. ნ–მა და გ. ჯ–მ განიზრახეს თ–ში, ..........., მე-.. მ/რ, ნაკვეთი N...-ში მდებარე შპს .........ის ჰოსპიტალის“ დაყაჩაღება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, აღნიშნული პირები 2020 წლის 1 დეკემბერს, ღამის საათებში, „მერსედესის" ფირმის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი: .......), რომელსაც მართავდა გ. ჯ–ა, გაემართნენ შპს „..........ის ჰოსპიტალში“. ჰოსპიტალის მოშორებით გ. ჯ–მ გააჩერა ავტომობილი და დარჩა ადგილზე, ხოლო შეიარაღებული ი. წ–სი და ვ. ნ–ი წავიდნენ „.........ის ჰოსპიტალში“. დაახლოებით 05:25 საათზე, მათ სცადეს ჰოსპიტალის მიმღების კარის გაღება, რომელიც იყო დაკეტილი. ხმაურზე დაცვის თანამშრომელი - რ. ლ–ი მივიდა კართან, რა დროსაც ი. წ–მა და ვ. ნ–მა იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს ჰოსპიტალის კარის გაღება, წინააღმდეგობის გაწევის დროს ვ. ნ–მა განიზრახა რ. ლ–ს მოკვლა, რათა გაადვილებოდათ ყაჩაღობა და რ. ლ–ის მიმართულებით 7,62 მმ კალიბრიანი პისტოლეტიდან ერთხელ გაისროლა. გასროლილი ტყვია შემთხვევით ასცდა რ. ლ–ს. მან შეძლო გაქცევა და დამალვა, რის გამოც ვ. ნ–მა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.
2.2. ი. წ–სმა, ვ. ნ–მა და გ. ჯ–მ განიზრახეს თ–ში, ..........., მე-.. მ/რ, ნაკვეთი N..........-ში მდებარე შპს „...........ის ჰოსპიტალის“ დაყაჩაღება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, აღნიშნული პირები 2020 წლის 1 დეკემბერს, ღამის საათებში, „მერსედესის" ფირმის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი: .........), რომელსაც მართავდა გ. ჯ–ა, გაემართნენ შპს „........ის ჰოსპიტალში“. ჰოსპიტალის მოშორებით გ. ჯ–ამ გააჩერა ავტომობილი და დარჩა ადგილზე, ხოლო შეიარაღებული ი. წ–სი და ვ. ნ–მი წავიდნენ „...........ის ჰოსპიტალში“. დაახლოებით 05:25 საათზე, მათ სცადეს ჰოსპიტალის მიმღების კარის გაღება, რომელიც იყო დაკეტილი. ხმაურზე დაცვის თანამშრომელი - რ. ლ–ი მივიდა კართან, რა დროსაც ი. წ–მა და ვ. ნ–მა იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს ჰოსპიტალის კარის გაღება. წინააღმდეგობის გაწევის დროს სამჯერ გაისროლეს, მათ შორის ერთი - რ. ლ–სის მიმართულებით, რის შემდეგაც რ. ლ–მა ვეღარ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა და აღნიშნულმა პირებმა შეაღწიეს ჰოსპიტალის მიმღებში, სადაც სალაროს უჯრიდან, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 3559 ლარს და ავტომანქანით, რომელსაც მართავდა გ. ჯ–ა დატოვეს ჰოსპიტალის ტერიტორია. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს .........ის ჰოსპიტალს“ მიადგა 3559 ლარის ქონებრივი ზიანი.
2.3. ვ. ნ–სმა ი. წ–სისგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ქარხნული წესით დამზადებული, 1930 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიანი ვაზნა და 7,62 მმ კალიბრიანი პისტოლეტი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 2020 წლის 1 დეკემბერს, თ–ში, ........... .., მე-.. მ/რ, ნაკვეთი N..........-ში მდებარე შპს .........ის ჰოსპიტალში.“
3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. წ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
3.1. ი. წ–სმა, ვ. ნ–სმა და გ. ჯ–ამ განიზრახეს თ–ში, ......... .., მე-.. მ/რ, ნაკვეთი N.......-ში მდებარე შპს .........ის ჰოსპიტალის“ დაყაჩაღება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, აღნიშნული პირები 2020 წლის 1 დეკემბერს, ღამის საათებში, „მერსედესის" ფირმის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი: .........), რომელსაც მართავდა გ. ჯ–ა, გაემართნენ შპს .........ის ჰოსპიტალში“. ჰოსპიტალის მოშორებით გ. ჯ–ამ გააჩერა ავტომობილი და დარჩა მანქანაში, ხოლო შეიარაღებული ი. წ–სი და ვ. ნ–მი წავიდნენ .........ის ჰოსპიტალში“. დაახლოებით 05:25 საათზე, მათ სცადეს ჰოსპიტალის მიმღების კარის გაღება, რომელიც იყო დაკეტილი. ხმაურზე დაცვის თანამშრომელი - რ. ლ–სი მივიდა კართან, რა დროსაც ი. წმა და ვ. ნ–მა იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს ჰოსპიტალის კარის გაღება. წინააღმდეგობის გაწევის დროს სამჯერ გაისროლეს, მათ შორის ერთი - რ. ლ–ს მიმართულებით, რის შემდეგაც რ. ლ–მა ვეღარ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა და აღნიშნულმა პირებმა შეაღწიეს ჰოსპიტალის მიმღებში, სადაც სალაროს უჯრიდან, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 3559 ლარს და ავტომანქანით, რომელსაც მართავდა გ. ჯ–ა დატოვეს ჰოსპიტალის ტერიტორია. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს .........ის ჰოსპიტალს“ მიადგა 3559 ლარის ქონებრივი ზიანი.
3.2. ი. წ–სმა მართლსაწინაარმდეგოდ შეიძინა და შეინახა 7,62 კალიბრიანი პისტოლეტი და საბრძოლო მასალა, რომელიც 2020 წლის 1 დეკემბერს, შპს .........ის ჰოსპიტალში“ ყაჩაღობის განსახორციელებლად გადასცა ვ. ნ–სს.
4. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ჯ–ას მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
4.1. ი. წ–სმა, ვ. ნ–სმა და გ. ჯ–ამ განიზრახეს თ–ში, .... .., მე-.. მ/რ, ნაკვეთი N...-ში მდებარე შპს .........ის ჰოსპიტალის“ დაყაჩაღება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, აღნიშნული პირები 2020 წლის 1 დეკემბერს, ღამის საათებში, გ. ჯ–ამ ი. წ–სა და ვ. ვ. ნ–ს ყაჩაღურ თავდასხმაში აქტიური დახმარების მიზნით, „მერსედესის“ ფირმის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი: ..........), რომელსაც მართავდა თავად, წაიყვანა შპს .........ის ჰოსპიტალში“. აღნიშნული დაწესებულების მოშორებით მან გააჩერა ავტომობილი და დარჩა ადგილზე, რათა ყაჩაღობის დასრულების შემდეგ ი. წ–სი და ვ. ნ–სი წაეყვანა შემთხვევის ადგილიდან და დახმარებოდა მიმალვაში. აღნიშნულის შემდეგ შეიარაღებული ი. წ–სი და ვ. ნ–მი წავიდნენ .........ის ჰოსპიტალში“. დაახლოებით 05:25 საათზე, მათ სცადეს ჰოსპიტალის მიმღების კარის გაღება, რომელიც იყო დაკეტილი. ხმაურზე დაცვის თანამშრომელი - რ. ლ–სი მივიდა კართან, რა დროსაც ი. წ–მა და ვ. ნ–მა იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს ჰოსპიტალის კარის გაღება, წინააღმდეგობის გაწევის დროს კი სამჯერ გაისროლეს, მათ შორის - ერთი რ. ლ–ს მიმართულებით, რის შემდეგაც რ. ლ–სმა ვეღარ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა და აღნიშნულმა პირებმა შეაღწიეს ჰოსპიტალის მიმღებში, სადაც სალაროს უჯრიდან, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ თანხას - 3559 ლარს, გ. ჯ–ას მფლობელობაში არსებული ავტომანქანით დატოვეს ჰოსპიტალის ტერიტორია და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს .........ისჰოსპიტალს“ მიადგა 3559 ლარის ქონებრივი ზიანი.
4.2. 2020 წლის 3 დეკემბერს, გ–ს რაიონის სოფელ ვ–ში, გ. ჯ–ა უკანონოდ ინახავდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს’’, წონით 0,502 გრამს, რაც გ. ჯ–ას პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 აგვისტოს განაჩენით:
5.1. ვ. ნ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ვ. ნ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ვ. ნ–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
ვ. ნ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2020 წლის 3 დეკემბრიდან.
5.2. ი. წ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული სასჯელები და საბოლოოდ, ი. წ–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
ი. წ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2020 წლის 3 დეკემბრიდან.
5.3. გ. ჯ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ. ჯ–ას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
გ. ჯ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2020 წლის 3 დეკემბრიდან.
6. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ, მსჯავრდებულმა გ. ჯ–ამ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. თ–მ, მსჯავრდებულ ი. წ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჯ–მ და მსჯავრდებულმა ვ. ნ–მა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 აგვისტოს განაჩენი გ. ჯ–ს მიმართ შეიცვალა.
7.1. გ. ჯ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
7.2. გ. ჯ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
7.3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გ. ჯ–ას დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რომლის ვადის ათვლა დაეწყო - 2020 წლის 3 დეკემბრიდან.
7.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 აგვისტოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ და მსჯავრდებულმა ვ. ნ–მა.
8.1. პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ მოითხოვა ვ. ვ. ნ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო გ. ჯ-ს - საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
8.2. მსჯავრდებულმა ვ. ნ–მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ნაწილში.
8.3. 2022 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს დაზუსტებული საკასაციო საჩივრით მომართა მსჯავრდებულმა ვ. ნ–მა და მოითხოვა მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება, ვინაიდან მისი მოსაზრებით ყაჩაღობა ინსცენირებული იყო.
9. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს მხოლოდ მსჯავრდებულმა ვ. ნ–მა და პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ.
10.1. ამდენად, პროკურორის საკასაციო საჩივრის მხედველობაში მიღებით სასამართლოს შეფასების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის კანონიერება ვ. ვ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო გ. ჯ–ს - საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ. რაც შეეხება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს, სასამართლო აფასებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ვ. ვ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისა და მისთვის განსაზღვრული სასჯელის სამართლიანობის ნაწილში.
11. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ვ. ვ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, ხოლო გ. ჯ–ს საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობეს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ვ. ვ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების (რომ ვ. ნ–მა განიზრახა რ. ლ–ს მოკვლა, რათა გაადვილებოდა .........ის ჰოსპიტალის“ დაყაჩაღება და რ. ლ–ს მიმართულებით, მისი მკვლელობის განზრახვით, პისტოლეტიდან ერთხელ გაისროლა, რა დროსაც გასროლილი ტყვია შემთხვევით ასცდა რ. ლ–ს, რის გამოც ვ. ნ–მა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა) დასადასტურებლად საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით.
13. სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ საკითხის გარკვევისას ვ. ნ–ი მოქმედებდა თუ არა დაზარალებულის მკვლელობის განზრახვით, მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია ,,..........ის ჰოსპიტალიდან“ ამოღებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც დეტალურად და თანმიმდევრულადაა ასახულია შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები. ჩანაწერის მიხედვით, 05:35:02 საათზე .........ის ჰოსპიტალის“ მიმღების დაკეტილ კარებთან მიდიან ვ. ნ–ი და ი. წ–ი. მათთან მიდის ჰოსპიტალის დაცვის თანამშრომელი - რ. ლ–ი და კარების სარკმელს აღებს. 05:35:07 საათზე კადრში ჩანს ვ. ვ. ნ–ს იარაღმომარჯვებული ხელი. იარაღის დანახვისას რ. ლ–სი ვ. ნ–ს უწევს წინააღმდეგობას და ცდილობს სარკმელის დაკეტვას. წინააღმდეგობა გრძელდება დაახლოებით ათი წამი, რა დროსაც ვ. ნ–სი ცდილობს დაძლიოს რ. ლ–ს წინააღმდეგობა და ი. წ–სის დახმარებით გააღოს მიმღების დაკეტილი კარი, რა დროსაც ვ. ნ–სი სხვადასხვა მიმართულებით ატრიალებს იარაღმომარჯვებულ ხელს. ამ პერიოდში ვ. ვ. ნ–სგან რამდენიმე სანტიმეტრში ჩანს დაცვის წევრის - რ. ლ–სის თავი. 05:35:17 საათზე, ვ. ნ–სი პისტოლეტიდან ერთხელ ისვრის მიმართულებით - ზემოდან ქვემოთ, რის შედეგად ზიანდება იქვე, კარებთან მდგარი კონდიციონერი. აღნიშნულის შემდეგ რ. ლ–სი აღარ ეწინააღმდეგება მსჯავრდებულებს, მიდის სალაროს უკან მდებარე ოთახში, ხოლო ვ. ნ–სი და ი. წ–სი ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით ამსხვრევენ კარების მინას, აღებენ კარებს, შედიან მიმღებში, ეუფლებიან სალაროში თანხას და 05:35:42 სთ-ზე გადიან ღია კარებიდან.
14. ვიდეოჩანაწერის ანალიზი ცხადყოფს, რომ დაახლოებით ათი წამის განმავლობაში, ვ. ნ–სს ჰქონდა შესაძლებლობა მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში ძალიან ახლო მანძილიდან გაესროლა რ. ლ–სის მიმართულებით და ამ გზით დაეძლია დაზარალებულის წინააღმდეგობა. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ვ. ნ–სმა, მას შემდეგ რაც დაძლია დაზარალებულის წინააღმდეგობა, დაეუფლა ფულს და დაუყოვნებლივ დატოვა შემთხვევის ადგილი. ვიდეოჩანაწერის ანალიზი ცხადყოფს, რომ განზრახვის არსებობის შემთხვევაში ვ. ნ–სი დაზარალებულს შემთხვევის ადგილის დატოვების ნებას არ მისცემდა და განზრახვას სისრულეში მოიყვანდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი პროკურორის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით ვ. ვ. ნ–ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე და იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ყაჩაღური თავდასხმის დროს ჰოსპიტალის კარის გაღებისას, წინააღმდეგობის გაწევის დროს, ვ. ნ–სმა განიზრახა რ. ლ–სის მოკვლა, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო სისრულეში ვერ მოიყვანა.
15. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივარს, რომლითაც იგი ითხოვს გ. ჯ–ას დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება ძირითადად ემყარება ფარულ აუდიოჩანაწერს და მოწმეების - გ. ნ–სა და ი. გ–ს ჩვენებებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიმოიხილავს მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია განაჩენის საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან მიმართებით.
15.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ. ნ–მა განმარტა, რომ ი. წ–მა საუბარში, რომელსაც ფარულად იწერდა, თანამზრახველად ვ. ვ. ნ–ს გარდა, ასევე დაუსახელა გ. ჯ–ა. ვ. ვ. ნ–ს განმარტებით, გ. ჯ–ა ავტომობილში ელოდებოდათ, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა წილი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხიდან მაინც მიიღო, რადგან გ. ჯ–აც ყაჩაღობის მონაწილე იყო.
15.2. გამომძიებელმა ი. გ–მ განმარტა, რომ ი. წ–სმა პირად საუბარში უამბო ,,.......ის ჰოსპიტალზე“ თავდასხმის დეტალები, კერძოდ, მისი განმარტებით 2020 წლის 1 დეკემბერს, ის და ვ. ნ–სი შემთხვევის ადგილზე მიიყვანა გ. ჯ–მ, რომელიც მათ მანქანაში ელოდებოდა, ხოლო ის და ვ–ი იარაღებით შევიდნენ ,,..........ის ჰოსპიტალში“, საიდანაც წაიღეს თანხა, რომელიც თანაბრად გაიყვეს თანამზრახველებმა.
15.3. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფარული ვიდეოჩანაწერით, სადაც ერთმანეთში საუბრობენ ი. წ–სი და გ. ნ–ი.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეები - გ. ნ–ი და ი. გ–ე არ არიან ფაქტის შემსწრე პირები, ისინი ინფორმაციას ფლობენ ი. წ–სისგან, ხოლო ფარულ აუდიოჩანაწერში ასახულია ი. წ–სა და გ. ნ–ს საუბარი, ამდენად, ბრალის დამადასტურებელი ინფორმაციის წყარო არის ერთიდაიგივე პირი - ი. წ–სი, რომელმაც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარყო ის გარემოება, რომ გ. ჯ–ა ყაჩაღობის ჩადენაში დაეხმარა. ი. წ–ს განმარტებით, გ. ჯ–ასთვის უცნობი იყო ის ფაქტი, რომ ,,............ის ჰოსპიტალის“ დაყაჩაღებას აპირებდნენ. პოლიციელთან საუბრისას მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ფული სამ წილად გაყო და ერთი წილი გ. ჯ–ას მისცა.
17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში სხვა უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა გ. ჯ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
19. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას გ. ჯ–ას საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ვ. ვ. ნ–ს - საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.
20. სასამართლო უსაფუძვლობის გამო ასევე ვერ დააკმაყოფილებს მსჯავრდებულ ვ. ვ. ნ–ს მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ რ. ლ–სის ჩვენება, მოწმეების - თ. ხ–ს, მ. ჩ–ს, ლ. ც–ს, ვ. გ–ს, მ. ქ–ს, ვ. ბ–ს ჩვენებები, შპს .........ის ჰოსპიტალის“ მიმღების ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 7 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნა, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური .. დეპარტამენტის 2020 წლის 1 დეკემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის №..... დასკვნა, ი. წ–სის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ბრალდებულების - ვ. ვ. ნ–სა და ი. წ–სის ჩვენებები უტყუარად ადასტურებენ, რომ მსჯავრდებული ვ. ნ–სი შპს .........ის ჰოსპიტალის“ კუთვნილ ქონებას (3559 ლარი) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად შეაღწია შპს .........ის ჰოსპიტალის“ მიმღებში და სალაროდან დაეუფლა თანხას, რითაც სრულად გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა სავალდებულო ნიშანი.
21. დაცვის მხარის პოზიცია, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა ყაჩაღობის განზრახვა, არამედ ის, თითქოსდა, დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობდა არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ობიექტური ანალიზიდან.
22. მსჯავრდებული ვ. ნ–ი ასევე ითხოვს მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვ. ნ–ს სასამართლოებმა განუსაზღვრეს სანქციის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი, რომლის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, დანაშაულთა სიმრავლეს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათს და სიმძიმეს, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
23. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის” (Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ ვ. ვ. ნ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე