საქმე # 330100121004422617
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№245აპ-23 ქ. თბილისი
დ–ი ნ., 245აპ-23 20 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ნ. დ–ი, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 1 იანვრისა და 19 იანვრის ეპიზოდები), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 1 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელები და ნ. დ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2021 წლის 25 იანვრიდან იმავე წლის 29 იანვრის ჩათვლით.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. დ–მა ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2021 წლის 1 იანვრისა და 19 იანვრის ეპიზოდები); ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ–ში, ნ–ში, ლ–ს ბაზრობის უკანა მხარეს მდებარე სახლში, ნ. დ–იმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. მ–სს, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახეში, რის შემდეგაც წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყა მუშტები მუცლისა და თავის არეში, ასევე – ფეხი ჩაარტყა მუცელში. თითოეული ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა მ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ–ში, ნ–ში, ლ–ს ბაზრობის უკანა მხარეს მდებარე სახლში, ნ. დ–იმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. მ–სს, კერძოდ, ხელები დაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც ფეხი ჩაარტყა ფეხში. თითოეული ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა მ. მ–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ–ში, ნ–ში, ლ–ს ბაზრობის უკანა მხარეს მდებარე სახლში, ნ. დ–ი დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. მ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ, როგორც წარსულში, ისე სცემდა. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თამარ კერესელიძე ითხოვს სასჯელის დამძიმების კუთხით განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ნ. დ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის – მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს განაჩენს მხოლოდ სასჯელის ნაწილში. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ნ. დ–ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გააჩნია) და შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება, ნასამართლობისა და ადმინისტრაციული სახდელების არქონა, დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევა, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენა, კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და ამით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა) გარემოებების, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობების, ასევე – დაზარალებულის პოზიციის მხედველობაში მიღებით, მიუხედავად ალტერნატიული, უფრო მსუბუქი სახის სასჯელებისა, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელების ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც, თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა ბრალად შერაცხული ქმედებების სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში შერჩეულ სასჯელთა მიზანშეწონილობაზე.
8. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. დ–ისათვის როგორც თითოეული მუხლით, ისე – საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელები სამართლიანია და მათი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
9. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე