საქმე # 190100121004625103
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №1258აპ-22 თბილისი
თ–ა მ., 1258აპ-22 8 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუასა და მსჯავრდებულ მ. თ–ს ადვოკატების - მ. დ–სა და ი. ჯ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით მ. თ–ს, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. თ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2021 წლის 25 იანვრიდან.
2. განაჩენის მიხედვით, მ. თ–ს მსჯავრი დაედო:
ü ადევნებაში, ესე იგი პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებაში ტელეფონის საშუალებით, ასევე სხვა განზრახ ქმედებაში, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის მიმართ ძალადობის საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი);
ü ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი);
ü სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი);
ü სისტემატურ ცემასა და სხვაგვარ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილი).
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2019 წლის 22 იანვრიდან 2021 წლის 22 იანვრამდე პერიოდში და მანამდეც, მ. თ–ს ს. კ–თან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ სატელეფონო კომუნიკაციას, კერძოდ: სექსუალური ურთიერთობის მიზნით, დაჟინებით სთხოვდა სისტემატურად შეხვედრასა და მის ყველა ზარსა და შეტყობინებაზე პასუხს. აღნიშნული ს. კ–ის აიძულებდა, გაეთიშა მობილური ტელეფონი, დაებლოკა მისი ნომერი და სხვადასხვა საშუალებებით თავი აერიდებინა მ. თ–სსათვის;
გარდა ამისა, მ. თ–ს ს. კ–ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სისტემატურად აკითხავდა მის მიერვე ნაქირავებ - რ–ში, სხვადასხვა მისამართებზე მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინებში, სადაც ხმაურისა და მეზობლების შეწუხების თავიდან არიდების მიზნით, ს. კ–ს აიძულებდა, სახლში შეეშვა. ბინაში შესვლისთანავე იგი ფიზიკურად და ფსიქიკურად ძალადობდა მასზე. მოსალოდნელი თავდასხმისა და დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან ასაცილებლად ს. კ–ი იძულებული გახდა, რამდენჯერმე შეეცვალა საცხოვრებელი მისამართი, რასაც, მ. თ–ს მისივე ნების საწინააღმდეგოდ ადგენდა და განაგრძობდა დაზარალებულის ბინაში არასასურველ ვიზიტებსა და ძალადობრივ ქმედებებს. აღნიშნულის გამო ს. კ–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვასა და ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი ცვლილების საჭიროებას უქმნიდა;
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2021 წლის 11 იანვრამდე პერიოდში ს. კ–ს მიერ ნაქირავებ - რ–ში, სხვადასხვა მისამართებზე მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინებში, მ. თ–ს ს. კ–იზე სისტემატურად ძალადობდა სახესა და სხეულზე მუშტებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმებით, კედელზე, სააბაზანოს ნიჟარაზე, ფანჯრის ჩარჩოსა და იატაკზე დანარცხებით, დანის წვერით მუცლის არეში მრავალჯერადი ჩხვლეტით, სასქესო ორგანოზე ანთებული სიგარეტის დაწვით, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას;
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2019 წლის 22 იანვრიდან 2021 წლის 22 იანვრამდე პერიოდში და მანამდეც, ს. კ–ს მიერ ნაქირავებ - რ–ში, სხვადასხვა მისამართებზე მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინებში, მ. თ–ს, არასასურველ სქესობრივ კავშირსა და კომუნიკაციაზე უარის გამო, ს. კ–ის ემუქრებოდა მისი და მისი არასრულწლოვანი შვილის მოკვლით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2020 წლის 7 მარტს, საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე, რ–ში, მე-.. მკ/რ-ის №......-ში, მ. თ–მ, არასასურველ სქესობრივ კავშირზე უარის გამო ურთიერთშელაპარაკებისას, ს. კ–ის სახეში ხელი დაარტყა, ხოლო დედის დაცვისას მის არასრულწლოვან შვილს - 2010 წელს დაბადებულ ნ. მ–ს მხარში ხელის მოჭერითა და სახეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
− მსჯავრდებულ მ. თ–სს ადვოკატებმა - მ. დ–მ და ი. ჯ–სმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ. თ–სს გამართლება;
− რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; მ. თ–სს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
· მ. თ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
· მ. თ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. თ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2021 წლის 25 იანვრიდან, რაც განაჩენის მიღების დროისათვის მოხდილი ჰქონდა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:
− მსჯავრდებულ მ. თ–ს ადვოკატებმა - მ. დ–ემ და ი. ჯ–სმა, რომლებიც ითხოვენ: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და მ. თ–სს სრულად გამართლებას, ასევე, წარმოადგინეს დამატებითი მტკიცებულებები და საჩივარი მტკიცებულებათა ნაწილობრივ დაუშვებლად ცნობის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებაზე და ითხოვენ: დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობას, საქმეზე დართვას, გამოკვლევასა და შეფასებას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად;
− რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; მ. თ–სს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და თავისუფლების აღკვეთის სახით მკაცრი სასჯელის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე და 151-ე მუხლების პირველი ნაწილებითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში - თავისუფლების აღკვეთის სახით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. თ–სს ბრალეულობას მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. საკასაციო სასამართლო, ასევე, სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას მ. თ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე და 151-ე მუხლების პირველი ნაწილებითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ. პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სასჯელთა ზომები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ მ. თ–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
11. რაც შეეხება მსჯავრდებულის ადვოკატების საჩივარს მტკიცებულებათა ნაწილობრივ დაუშვებლად ცნობის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებაზე და მოთხოვნას, რომ სასამართლომ მათ მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნოს, საქმეს დაურთოს, გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მოთხოვნას, დამატებით წარდგენილ მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინებით არგუმენტირებულად უპასუხა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. ამასთან, დამატებით მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოში მტკიცებულებათა წარმოდგენასა და გამოკვლევას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.
12. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატების მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
13. ამავე დროს, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუასა და მსჯავრდებულ მ. თ–ს ადვოკატების - მ. დ–სა და ი. ჯ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე