გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-1004-02 12 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: ბინიდან გამოსახლება და საკუთრების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 12 ნოემბერს ა. ფ-მა დ. ფ-ისა და მ. ბ-ას წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. თბილისში ... მდებარე ბინა მისი საკუთრებაა. მისმა შვილმა მისი თანხმობის გარეშე ცოლად შეირთო მ. ბ-ა. მიუხედავად იმისა, რომ იგი წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების, მან შვილს დროებით საცხოვრებლად დაუთმო მითითებული ბინა თვითონ კი გადავიდა ნაქირავებში.
რამდენიმეწ. შემდეგ მან გამოთქვა სურვილი ბინაში საცხოვრებლად დაბრუნებაზე, ვინაიდან ქირით ცხოვრების საშუალება არ გააჩნდა და ამასთან ჯანმრთელობაც არ უწყობდა ხელს, მგარამ მოპასუხეებმა არ შეუშვეს ბინაში.
მოსარჩელემ მოითხოვა უკანონო ხელშეშლის აკრძალვა და მოპასუხეთა გამოსახლება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ისინი აღნიშნულ ბინაში ცხოვრობენ 1977 და 1985 წლიდან და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. მოსარჩელემ ისინი 1992 წელს თავისი ნებით დატოვა საცხოვრებლად მითითებულ ბინაში.
ვინაიდან ბინის პრივატიზაციის დროს მას ფართზე უფლება ჰქონდა (მნიშვნელობა არა აქვს, ბინა კომუნალური იყო თუ _ კოოპერატიული), იგი (დ. ფ-ი) ითვლება ამ ბინის თანამესაკუთრედ.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს 2002წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხეთა მფლობელობიდან ბინის გამოთხოვასა და მისი ამ ბინიდან გამოსახლების დაკმაყოფილებაზე.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინა ირიცხება ა. ფ-ის სახელზე საკუთრების უფლებით. ამ ბინაში მოპასუხე დ. ფ-ი ცხოვრობს ბინის მიღების დღიდან, 1977 წლიდან, ხოლო რეგისტრირებულია 1995 წლიდან. მოპასუხეებს ამ ბინის გარდა სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 21 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ფ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო ბინის მეპაიე არის ა. ფ-ი. მოსარჩელეზე 1977 წელს გაიცა ორდერი იმის გათვალისწინებითაც, რომ მასთან ერთად ცხოვრობდა მისი შვილი დ. ფ-იც, რომელიც 1985 წლიდან ჩაწერილია ამ ბინაში და ბინის მიღებიდანვე ცხოვრობს სადავო ბინაში. დ. ფ-ი მ. ბ-აზე დაქორწინდა 1992 წელს, 1995 წელს შეეძინათ შვილი, რომელიც ამავე მისამართზეა რეგისტრირებული.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავის მოსაწესრიგებლად გამოყენებულ უნდა იქნეს მხარეთა შორის ურთიერთობებათა წარმოშობის დროისათვის მოქმედი საქართველოს საბინაო კოდექსი.
საქართველოს საბინაო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად მესაკუთრის ოჯახის წევრებს, რომლებიც მან ჩაისახლა თავის კუთვნილ სახლში, უფლება აქვთ მის თანაბრად ისარგებლონ სახლით მესაკუთრის მიერ მათთვის გამოყოფილ სადგომში ჩაისახლონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. სადგომით სარგებლობის უფლება ამ პირებს უნარჩუნდებათ მესაკუთრესთან ოჯახური ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან მოპასუხეები სადავო ბინაში შესახლებული არიან მესაკუთრის თანხმობით, მოსარჩელის მოთხოვნა მათ გამოსახლებაზე უსაფუძვლოა.
2002წ. 5 ივლისს ა. ფ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ძველი, ძალადაკარგული ნორმა და უნდა გამოეყენებინა ახალი სამოქალაქო კოდექსი. ახალი სამოქალაქო კოდექსი კი იცავს მესაკუთრის უფლებებს და არ ავალდებულებს მესაკუთრეს საკუთრების სხვისთვის დათმობას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგულ ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ, ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. განსახილველ შემთხვევაში მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობა, მართალია, საბინაო კოდექსის მოქმედების პერიოდში წარმოიშვა, მაგრამ დავა ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმებით უნდა გადაწყდეს, ვინაიდან იგი უძრავი ნივთების მიმართ (მოცემულ სადავო ურთიერთობასთან დაკავშირებით) სხვა სანივთო სამართლებრივ წესებს ადგენს.
სკ-ს 156-ე მუხლის შესაბამისად მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობაში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.
სკ-ს 160-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამიწ. განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოითხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება.
მფლობელობის კეთილსინდისიერება თუ არაკეთილსინდისიერება სუბიექტური შეფასების საგანს წარმოადგენს და მათში ვლინდება პირის დამოკიდებულება ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლებისადმი, ხოლო მფლობელობა კანონიერი იქნება თუ უკანონო, ობიექტური ნორმატიული ნების შეფასების საგანს წარმოადგენს. მფლობელობის ფაქტის შეფასებისას მხედველობაში მიიღება როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები. დედის (დედამთილის) საკუთრებაში არსებულ ბინაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრება _ ბინის ფლობის ფაქტი _ არ არის მფლობელობის სამართლებრივი კანონიერი საფუძველი. ნორმის შინაარსის მიხედვით მართლზომიერ მფლობელობას შეიძლება მაშინ ჰქონდეს ადგილი, როცა მფლობელობას მესაკუთრის კეთილი ნება კი არა, სამართლის ნორმატიული ნების საფუძველზე დამყარებული კანონიერი ნება უდევს საფუძვლად.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა, ბუნებრივია, იცოდნენ ამ ბინაზე მფლობელობის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ რომ იგი დამყარებული იყო მხოლოდ მოსარჩელის კეთილ ნებაზე.
საკასაციო სასამრათლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხეებს, როგორც სადავო ბინის კეთილსინდისიერ და მართლზომიერ მფლობელებს აქვთ ბინის ფლობის უფლება იმ საფუძვლით, რომ ისინი მესაკუთრის მიერ ბინის მიღებიდან (და დაქორწინების დღიდან) ცხოვრობენ ამ ბინაში და ამ ბინის კანონიერი მფლობელები არიან და არ არსებობს მათი გამოსახლების საფუძველი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეები, თუნდაც სადავო ბინის კეთილსინდისიერი მფლობელები იყვნენ მესაკუთრეს ამ ბინის მფლობელობის უკეთესი უფლება აქვს.
სკ-ს 168-ე მუხლის მიხედვით ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი და თავისი ბინა საცხოვრებლად სჭირდება, ხოლო მოპასუხეების მიერ საშუალება არ ეძლევა თავისი საკუთრებით სარგებლობისა.
აქედან გამომდინარე, ამ ბინის გამოთავისუფლების მოთხოვნის დღიდან მოპასუხეებს შეუწყდათ ნივთზე მფლობელობის უფლება და ისინი უნდა გამოსახლდნენ დაკავებული ბინიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ა. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 21 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ა. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. მოპასუხეები: დ. ფ-ი და მ. ბ-ა გამოსახლებულ იქნენ ქ. თბილისი, ... ბინიდან და მითითებული ბინის მფლობელობა დაუბრუნდეს მესაკუთრე ა. ფ-ს.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.