Facebook Twitter

საქმე # 120100120004189828

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №1301აპ-22 თბილისი

პ–ი კ., 1301აპ-22 9 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - კ. პ–სა და ი. გ–ს ადვოკატის - ი. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განაჩენით:

· კ. პ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 25 აგვისტოდან;

· ი. გ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 25 აგვისტოდან.

2. განაჩენის მიხედვით, კ. პ–სა და ი. გ–ს მსჯავრი დაედოთ:

ü თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ü წამებაში, ესე იგი პირისათვის ისეთ მოპყრობაში, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით იწვევს მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია აღიარების მიღება მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად.

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2020 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ–ში, კ. პ–მა და ი. გ–მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, იმ მოტივით, რომ მ. მ–სს ეღიარებინა კ. პ–ს სახლიდან თანხის ქურდობის ფაქტი, მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, კერძოდ: თავისი ნების საწინააღმდეგოდ ჩაისვეს კ. პ–სის მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაში, რითაც შეუზღუდეს თავისუფალი გადაადგილების საშუალება. ამასთან, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, კერძოდ: ხელი რამდენჯერმე დაარტყეს სხეულის სხვადასხვა არეში და წაიყვანეს ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ–ს განაპირას - ე.წ. „ხ–ს“ ტერიტორიაზე;

o 2020 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ–ში, კ. პ–სმა და ი. გ–მ, ჯგუფურად, იმ მოტივით, რომ მ. მ–ს ეღიარებინა კ. პ–ს სახლიდან თანხის ქურდობის ფაქტი, მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, კერძოდ: თავისი ნების საწინააღმდეგოდ ჩაისვეს კ. პ–სის მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაში, რითაც შეუზღუდეს თავისუფალი გადაადგილების საშუალება. ამასთან, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, კერძოდ: ხელი რამდენჯერმე დაარტყეს სხეულის სხვადასხვა არეში და წაიყვანეს ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ–ს განაპირას - ე.წ. „ხ–ს“ ტერიტორიაზე, სადაც აიძულეს, ბარით ამოეთხარა მიწა მისივე დამარხვის მიზნით. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

- მსჯავრდებულების - კ. პ–სა და ი. გ–ს ადვოკატმა ი. ჯ–სმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულთა გამართლება;

- ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულებისათვის - კ. პ–სა და ი. გ–სათვის უფრო მკაცრი, კანონიერი სასჯელის შეფარდება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - კ. პ–სისა და ი. გ–ს ადვოკატმა ი. ჯ–სმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულთა გამართლებას, ასევე, წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები და საჩივარი მტკიცებულებათა ნაწილობრივ დაუშვებლად ცნობის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაზე და ითხოვს: დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობას, საქმეზე დართვას, გამოკვლევასა და შეფასებას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად.

7. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი გელა მაღრაძე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ დაუშვებლად ცნოს დაცვის მხარის საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც კ. პ–ი და ი. გ–ე დამნაშავეებად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

11. ამავე დროს, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

12. რაც შეეხება მსჯავრდებულების ადვოკატის საჩივარს მტკიცებულებათა ნაწილობრივ დაუშვებლად ცნობის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაზე და მოთხოვნას, რომ სასამართლომ მის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნოს, საქმეს დაურთოს, გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მოთხოვნას, დამატებით წარდგენილ მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 24 თებერვლის საოქმო განჩინებით არგუმენტირებულად უპასუხა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო საკასაციო სასამართლოში მტკიცებულებათა წარმოდგენასა და გამოკვლევას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების - კ. პ–სა და ი. გ–ს ადვოკატის - ი. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე