საქმე # 010100122006253972
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№265აპ-23 ქ. თბილისი
ს–ი ვ., 265აპ-23 22 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. ს–ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) – გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში ქ. ბ–ში, ვ–ს ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. ს–მა გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, იძალადა თავისი ოჯახის წევრზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე – ე. დ–ეზე, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, ვ. ს–მა ე. დ–ს უკბინა მარცხენა ხელის მტევანზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 02:30 საათზე, ბ–ში, ვ–ს ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ვ. ს–სმა გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, იძალადა თავისი ოჯახის წევრზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე – ე. დ–ზე, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, ვ. ს–სმა გაშლილი მარცხენა ხელი ძლიერად დაარტყა ე. დ–ეს მარჯვენა მხარეს, ლოყაზე, ყურთან ახლოს, ასევე – სახის არეში და უკბინა მარცხენა ფეხზე, ბარძაყის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ვ. ს–სი, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ნიკა მენთეშაშვილი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 თებერვლის განაჩენის გაუქმებას, ვ. ს–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) და შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20, №1175აპ-22).
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ვ. ს–ს ბრალეულობას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც დაასკვნა, რომ ვ. ს–ს მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა ე. დ–მა (ბრალდებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა პირმა) ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მას აიძულებდა, ესარგებლა ამ პროცესუალური უფლებით. ამავდროულად, ვინაიდან გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს მტკიცებულებად და საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.
9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, დადგინდეს, ფიზიკურმა ძალადობამ გამოიწვია თუ არა ტკივილი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 29 აგვისტოს №......... დასკვნა (რომლის თანახმად, ე. დ–ეს სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; ამასთან, მარცხენა წვივზე არსებული დაზიანება ეწინააღმდეგება, ხოლო დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს), მოწმეების – ლ. მ–სა და ჯ. ფ–ს გამოკითხვის ოქმები, 2022 წლის 19 აგვისტოს №........ შემაკავებელი ორდერი – დაზარალებულის ჩვენების გარეშე, ვერ ქმნიან აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას ვ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდში) ბრალეულობის დასადასტურებლად, მითუფრო, რომ სამედიცინო ექსპერტიზით ობიექტურად შეუძლებელია დაზიანებების მიმყენებელი პირის დადგენა.
10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვ. ს–ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვ. ს–სი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
12. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე