Facebook Twitter

საქმე # 330100121004938499

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №29აპ-23 თბილისი

ფ–ი დ., 29აპ-23 1 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ფ–ს ადვოკატების - შ. მ–სა და ნ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. ფ–ს ბრალი დაედო:

ü განზრახ მკვლელობაში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი (დანაშაულის ჩადენის დროს - 2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);

ü ოჯახის წევრის სისტემატურ ცემასა და სხვაგვარ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2021 წლის 6 აპრილს, საღამოს საათებში, თ–ში, მ–ზე, ........ის ქუჩის №..-ში მდებარე სახლში, დ. ფ–მა თავის მამას - გ. ფ–ს, მოკვლის მიზნით, ხელები და ფეხები, ასევე სხვადასხვა ნივთები დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე. ამავე დროს, ხელები მოუჭირა კისერში. მიყენებული დაზიანებების შედეგად გ. ფ–ი გარდაიცვალა;

o 2014 წლის მარტში (25 მარტამდე), თ–ში, მ–ზე, ..........ის ქუჩის №..-ში მდებარე სახლის ეზოში, დ. ფ–სმა სცემა თავის მამას - გ. ფ–ს, კერძოდ: ხელები დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე;

o 2014 წლის 25 მარტს, თ–ში, მ–ზე, ........ის ქუჩის №..-ში მდებარე სახლში, დ. ფ–სმა თავის მამას - გ. ფ–ს სცემა და შეშის ნაჭერი ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;

o 2016 წლის მარტში, დ. ფ–მა სცემა თავის მამას - გ. ფ–ს, რა დროსაც დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა ადგილას მიიღო დაზიანებები;

o 2014 წლიდან 2021 წლის 6 აპრილამდე პერიოდში, დ. ფ–ი თავის მამას - გ. ფ–ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და სცემდა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენით:

· დ. ფ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

· დ. ფ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 7 აპრილიდან.

4. განაჩენის მიხედვით, დ. ფ–ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობაში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 6 აპრილს, საღამოს საათებში, თ–ში, მ–ზე, ...........ის ქუჩის №..-ში მდებარე სახლში, დ. ფ–სმა თავის მამას - გ. ფ–ს, მოკვლის მიზნით, ხელები და ფეხები, ასევე სხვადასხვა ნივთები დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე. ამავე დროს, ხელები მოუჭირა კისერში. მიყენებული დაზიანებების შედეგად გ. ფ–ი გარდაიცვალა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

- მსჯავრდებულ დ. ფ–ს ადვოკატებმა - შ. მ–მ და ნ. ბ–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და დ. ფ–სის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან ამავე კოდექსის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში - განაჩენის უცვლელად დატოვება;

- თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გიორგი ქობულაძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; დ. ფ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო ამავე კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში - უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. ფ–ს ადვოკატებმა - შ. მ–მ და ნ. ბ–მა, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და დ. ფ–ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან ამავე კოდექსის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში - განაჩენის უცვლელად დატოვებას.

8. საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორი გიორგი ქობულაძე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს დაცვის მხარის საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც დ. ფ–სი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება (როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში), რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

12. ამავე დროს, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ფ–ს ადვოკატების - შ. მ–სა და ნ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე