Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1036-02 13 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (ძირითადი სარჩელი), ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელი).

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ლ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნ., ნი. და გ. ბ-ების გამოსახლება თბილისში, ... მდებარე ბინიდან იმ მოტივით, რომ 2000წ. 28 ივლისს აღნიშნული ბინა შეიძინა მ. კ-ისაგან, ბინაში ცხოვრობენ მოპასუხეები, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ ბინას და არ აძლევენ საშუალებას, ისარგებლოს თავისი ქონებით.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. 2001წ. 10 აგვისტოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა გ., ლ., ნი. ბ-ების და მ. გ-ის განცხადება, ბათილად იქნა ცნობილი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა. საქმის ხელახალი განხილვის დროს ლ. ბ-მა შეგებებული სარჩელი აღძრა ნ. ბ-ის, ნ. ლ-ისა და მ. კ-ის მიმართ და მოითხოვა მინდობილობის, რომლითაც ლ. ბ-მა ანდო სახლის გაყიდვა ნ. ბ-ს, ბათილად ცნობა და ასევე ნ. ბ-სა და მ. კ-ს, მ. კ-სა და ნ. ლ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით: მინდობილობაზე, რომლითაც ლ. ბ-ი ანდობს ნ. ბ-ს მის სახელზე რიცხული ბინის გაყიდვას, არ არის ლ. ბ-ის ხელმოწერა. ასეთი მინდობილობა მას არ გაუცია, უფლებმოსილება არ მიუცია ნ. ბ-ისათვის, ყოფილიყო მისი წარმომადგენელი და ამიტომ ამ უკანასკნელის მიერ დადებული ყველა გარიგება ბათილია. ნ. ბ-ს სურდა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით დაეფარა ვალი, რომელიც აღებული ჰქონდა კ-ისაგან და ეს ვალი მან გაისტუმრა ნ. ლ-ისაგან აღებული სესხით. ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დაიდო სესხის უზრუნველსაყოფად და იგი წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ლ-ის ძირითადი სარჩელი: მოპასუხეები გამოსახლდნენ დაკავებული ფართიდან. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ბ-ის შეგებებული სარჩელი: ბათილად იქნა ცნობილი 1999წ. 27 სექტემბერს გაცემული მინდობილობა, ხოლო ლ. ბ-ის მოთხოვნა 1999წ. 24 დეკემბერს და 2000წ. 28 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ჩათვალა, რომ 1999წ. 27 სექტემბერს დაბა ყაზბეგის ნოტარიუს მ-ის მიერ დამოწმებულ მინდობილობაზე ხელს არ აწერს ლ. ბ-ი. მის მაგივრად ხელი მოწერილი აქვს ნ. ბ-ს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ს 54-ე მუხლის თანახმად ლ. ბ-ის სახელით მინდობილობის გაფორმება წარმოადგენს ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, მინდობილობა ცნო ბათილად. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნებს ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ რაიონულმა სასამართლომ სკ-ს 104-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ჩათვალა, რომ ნ. ბ-მა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ კ-ს არანაირი საფუძველი არ გააჩნდა იმისა, რომ ეჭვი შეეტანა ბ-ის წარმომადგენლობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა. რაიონულმა სასამართლომ ნ. ლ-ის ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. ბ-მა, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობაზე უარის თქმისა და გამოსახლების ნაწილში. გადაწყვეტილება მინდობილობის ბათილად ცნობის ნაწილში არ გასაჩივრებულა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივლისის განჩინებითY ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მინდობილობის ბათილად ცნობის ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, აღნიშნული ვერ დაედება საფუძვლად ამ მინდობილობით დადებული ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რადგან სკ-ს 104-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმომადგენელმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კ-ი არის კეთილსინდისიერი შემძენი, მას არ ჰქონდა საფუძველი, ეფიქრა მინდობილობის სიყალბეზე და ამდენად, ხელშეკრულება ბათილად არ უნდა იქნეს ცნობილი. სააპელაციო სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებები არ წარმოადგენენ მოჩვენებით, ფიქტიურ გარიგებებს, რადგან საქმეში არ არის სარწმუნო მტკიცება იმისა, რომ მხარეებს შორის არსებობდა სესხის გარიგება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ბ-მა, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მინდობილობა, კანონიერ ძალაშია შესული. აქედან გამომდინარე, გარიგებები, რომელსაც საფუძვლად უდევს ბათილი მინდობილობა, არ შეიძლება იყოს ნამდვილი. კასატორი ასევე განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 104-ე მუხლი. გარდა ამისა, სააპლაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა ბინის ნასყიდობის გარიგებები არა თვალთმაქცურ, არამედ-ნამდვილ გარიგებებად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 1999წ. 27 სექტემბერს გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობის შესახებ კანონიერ ძალაშია შესული, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მინდობილობა, რომლის მეშვეობითაც ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ს 104-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ვერ გახდება ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველი.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არასწორად განმარტა სკ-ს 104-ე მუხლი, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სკ-ს 104-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმომადგენელმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა. სინამდვილეში, სკ-ს 104-ე მუხლში საუბარია არა წარმომადგენლის მიერ ისეთი გარემოებების შექმნაზე, როცა გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა, არამედ წარმოდგენილის მიერ ასეთი გარემოებების შექმნაზე. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ წარმოდგენილმა ანუ ლ. ბ-მა რაიმე ასეთი გარემოებები შექმნა, რაც მეორე მხარეს აფიქრებინებინებდა, რომ წარმომადგენელს ჰქონდა ბინის გასხვისების უფლებამოსილება. თვითონ გარიგების მეორე მხარე _ მ. კ-ი, არ უარყოფს, რომ მას საერთოდ არ უნახავს ლ. ბ-ი ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა სკ-ს 104-ე მუხლს, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ვინაიდან, საქმეზე არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და შეგეგებულ სარჩელს უარი აქვს ნათქვამი მხოლოდ სკ-ს 104-ე მუხლის II ნაწილზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თვითონ გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ საქმე ხელახლა განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.

საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს ხომ არ ჰქონდა ადგილი მხარეებს შორის თვალთმაქცურ გარიგებას, შეფასება უნდა მისცეს ისეთ მტკიცებულებებს, როგორიცაა საქმეში წარმოდგენილი ე. წ. გრაფიკი, გამოარკვიოს, თუ რა მიზნით და რისთვის მიიღო გრაფიკში აღნიშნული თანხა ნ. ლ-ემ და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით იმსჯელოს ნასყიდობის ხელშეკრულებების ნამდვილობის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მეხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება