¹3კ-1040-02 18 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება და ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის 7/35 საკუთრების უფლებით ირიცხება ჟ. ა-ის სახელზე, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მამისაგან 1979 წელს. სახლის 2 ოთახში, კერძოდ, ლიტერ “ა” ნაგებობის 26 კვ.მ-ის ¹4-1 ოთახსა და 23 კვ.მ-ის ¹4-2 ოთახში ცხოვრობენ ს. მ-ა და მ. თ-ი.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს. მ-ას დედის, ლ. მ-ას, სარჩელი ჟ. ა-ის მიმართ აღნიშნულ ოთახებზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით, ჟ. ა-ეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ს. მ-ასა და მ. თ-ის მიერ სადავო ოთახების გამოთავისუფლების თაობაზე. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 20 ოქტომბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 4 მაისის განჩინებებით.
2001წ. 6 აგვისტოს ს. მ-ამ და მ. თ-მა კვლავ მიმართეს სასამართლოს და მიუთითეს, რომ 1999 წლიდან ჟ. ა-ეს მათ მიერ დაკავებული ოთახები დაკეტილი აქვს ბოქლომებით და ხელს უშლის ოთახების მფლობელობის განხორციელებაში, რითაც უხეშად ილახება მათი კანონიერი უფლებები, მათი პატივი და ღირსება. ამასთან, განიცდიან არაქონებრივ ზიანს. მოსარჩელეებმა სარჩელით მოითხოვეს მათ მიერ მფლობელობის განხორციელებაში ხელშეშლის აღკვეთა და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 10000 ლარის ოდენობით.
იმავე სასამართლოს სარჩელით მიმართა ჟ. ა-ემაც და მიუთითა, რომ მ. თ-ის და ს. მ-ას მიაქირავა თავის საკუთრებაში არსებული სახლის 2 ოთახი, სადაც მოპასუხეები ცხოვრობდნენ 1996 წლამდე, ხოლო 1996 წლიდან ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ ქ. მოსკოვში, სადაც დღემდე იმყოფებიან. მოპასუხეთა სხვა ქალაქში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ჟ. ა-ემ მიმართა რაიონის პოლიციის განყოფილებას, რის შედეგადაც გაუქმდა მათი რეგისტრაცია მის სახლში. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ფართში მ-ა და თ-ი აღარ ცხოვრობენ, მაინც არ ათავისუფლებენ ოთახებს, მისი ბინა კი ავარიულ მდგომარეობაშია, ოთახები ნესტიანია და იქ ცხოვრება შეუძლებელია, რის გამოც მას სჭირდება თ-ის მიერ დაკავებული ოთახები. ჟ. ა-ემ სარჩელით მოითხოვა მასა და მოპასუხეებს შორის არსებული ქირავნობის ხელშეკრულების გაუქმება და მ. თ-ისა და ს. მ-ასაგან მათ მიერ დაკავებული ორი ოთახის გადაცემა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. მ-ას და მ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ჟ. ა-ეს დაევალა უკანონო ხელშეშლის აღკვეთა ს. მ-ასა და მ. თ-ის მიმართ მათ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ოთახების მფლობელობის განხორციელების მიზნით; ს. მ-ას და მ. თ-ს უარი ეთქვათ მორალური ზინის ანაზღაურებაზე; არ დაკმაყოფილდა ჟ. ა-ის შეგებებული სარჩელიც. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ-ა და თ-ი არიან აღნიშნული ოთახების კეთილსინდისიერი მფლობელები და მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ ამ უფლების განხორციელებაში ხელშეშლის აღკვეთა, ხოლო ჟ. ა-ის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის ნორმებიდან. ჟ. ა-ის მოთხოვნები სასამართლომ არ დააკმაყოფილა შემდეგი მოსაზრების გამო: მხარეთა შორის არ არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება, რის გამოც შეუძლებელია მისი შეწყვეტა.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ა-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ მ-ა და თ-ი აღარ ცხოვრობენ მათ მიერ დაკავებულ ფართში; წლების განმავლობაში არ იხდიან ქირას; ამასთან, ბინა სჭირდება მას თვითონ, რადგან ოთახები, რომლებშიც ცხოვრობს, ნესტიანია და საჭიროებს სასწრაფო შეკეთებას, რაც გამოიწვევს ოთახების გამოთავისუფლებას, მას კი სხვა ფართი არ გააჩნია. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის განჩინებით ჟანა ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილადაა მიჩნეული მხარეთა შორის საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგება, რის გამოც მართლზომიერია უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა, ხოლო მხარეებს შორის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა შეუძლებელია, რადგან მათ შორის ასეთი გარიგება არ არსებობს. სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ა-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სილვა მ-ას და მორდეხ თ-ის რეგისტრაცია მის საცხოვრებელ ფართში გაუქმებულია; ოთახები, სადაც ის ცხოვრობს, ნესტიანია და საჭიროებს სასწრაფო შეკეთებას; ამასთან, ისინი არ იხდიან ბინის ქირას და ბინა ესაჭიროება მას თვითონ; მ. თ-ი და ს. მ-ა გაემგზავრნენ აშშ-ში და მათ სკ-ს 156-ე მუხლის შესაბამისად შეწყვიტეს მის საკუთრებაში არსებული ბინის მფლობელობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, განიხილა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 აპრილის გადაწყვეტილებით მხარეთა შორის დადგენილია საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გრიგების არსებობა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და თანახმად სსკ-ს 106-ე მუხლისა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას აქვს პრეიუდიციული ძალა მოცემული დავის განხილვისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს მხარეთა შორის ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტას მათ შორის ასეთი ურთიერთობის არარსებობის გამო, ხოლო კასატორის მიერ მითითებული “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლი არ ითვალისწინებს მხარეთა შორის გარიგების შეწყვეტას იმის გამო, რომ მოსარგებლე არ იხდის ქირას ან მესაკუთრეს ბინა თვითონ ესაჭიროება. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ს. მ-ა და მ. თ-ი გაემგზავრნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქმის მასალებიდან არ დგინდება მუდმივ საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში მათი გამგზავრების ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვერ გამოიყენებდა სკ-ს 156-ე მუხლს, რომლის თანახმად მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. სსკ-ს 407-ე მუხლის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის. საოლქო სასამართლოს პალატას არ დაუდგენია მ. თ-ის და ს. მ-ას მიერ სადავო ბინის სამუდამოდ დათმობის ფაქტი, ამიტომ საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს მითითებულ ფაქტებს დადგენილად და სკ-ს 156-ე მუხლის თანახმად ვერ გაიზიარებს აღნიშნული პირების მიერ სადავო ფართის მიტოვების ფაქტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჟ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.