Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1043-02 11 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ.კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: საზიარო უფლების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. თ-მა სარჩელით მიმართაAისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ც. ტ-ა-ას მიმართ და მოითხოვა თბილისში, ... მდებარე სახლიდან მისი კუთვნილი წილის 5/16-ის, რეალურად გამოყოფა, ანუ საზიარო უფლების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული სადავო სახლი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მოსარჩელის მშობლებს. სადავო სახლი ხუთი საცხოვრებელი ოთახისაგან შედგებოდა. ¹5 ოთახი გადაეცა მ-ეს, დანარჩენი ოთახები მემკვიდრეობით მიიღეს შვილებმა: ლ. თ-მა _ სახლის 5/16 და ც. ტ-ა-ამ – 7/16.

ც. ტ-ა-ამ არ ცნო სარჩელი და შეგებებული სარჩელით მოითხოვა ლ. თ-ისაგან მშობლების დაკრძალვაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების სანაცვლოდ მისთვის სახლის კუთვნილი წილის შემცირება.

თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. თ-ს მისი კუთვნილი 5/16-ის შესაბამისად გამოეყო 2 საცხოვრებელი ოთახი: 8,9 კვ.მ-ის ¹3 ოთახი და 11,8 კვ.მ-ის ¹4 ოთახი რაიმე გადაკეთების გათვალისწინების გარეშე.

ც. ტ-ა-ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ც. ტ-ა-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით ც. ტ-ა-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 ივლისის გადაწყვეტილება თბილისში, ... მდებარე სახლის რეალურად გაყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელე ლ. თ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ს 1513-ე მუხლზე, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, თბილისში, ... მდებარე სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელზეც არის სახლი განლაგებული, წარმოადგენს საზიარო უფლების საგანს, რადგანაც ამ სახლის მესაკუთრეთა თანასაკუთრების ობიექტია. ლ. თ-ი მოითხოვს საზიარო უფლების გაუქმებას მხოლოდ სახლზე. ამავე კოდექსის 150-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად შენობა წარმოადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ლ. თ-მა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. იგი თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ბუნდოვანია და აღსრულებას არ ექვემდებარება, რადგან დარღვეულია სსკ-ს 385-ე და 388-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. თ-ი და ტ-ა-ა არიან დები. ქ. თბილისში, ... მდებარე სახლი წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას, საიდანაც ლ. თ-ს ეკუთვნის 5/16, ხოლო ც. ტ-ა-ას _ 7/16, სახლის დანარჩენი¼ ნაწილი ეკუთვნის მ-ეს.

ლ. თ-მა სარჩელით მოითხოვა კუთვნილი წილის რეალურად გამოყოფა და სკ-ს 961-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხეებთან საზიარო უფლების გაუქმება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: სადავო საცხოვრებელი სახლიდან რეალურად გამოიყო ლ. თ-ის კუთვნილი წილი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სკ-ს 1513-ე და 150-ე მუხლების საფუძველზე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ბუნდოვანია და შეუძლებელია მისი აღსრულება. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებისას სკ-ს 1513-ე, 150-ე მუხლებზე.

სკ-ს 1513-ე მუხლის თანახმად ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სკ-ს ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სკ-ით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. ამავე კოდექსის 150-ე მუხლის II ნაწილის თანახმად მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.

... მდებარე სახლმფლობელობა და მიწის ნაკვეთი, რომელზეც სადავო სახლია განთავსებული, წარმოადგენს საზიარო უფლების საგანს, რადგან სახლი მესაკუთრეთა თანასაკუთრების ობიექტია. ლ. თ-მა სარჩელით მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება მხოლოდ სახლზე.

სკ-ს 150-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე, ცალკე უფლების ობიექტარდ შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უძრავი ნივთის (მიწის) არსებით შემადგენელ ნაწილზე _ საცხოვრებელ სახლზე _ საზიარო უფლების გაუქმების საკითხი შეიძლება დაისვას მხოლოდ მაშინ, თუ საზიარო უფლება შეწყდება უძრავ ნივთზე. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ დაუშვებელია, შენობა და მიწის ნაკვეთი სხვადასხვა უფლების ობიექტს წარმოადგენდეს.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს ლ. თ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.