Facebook Twitter

¹3კ-1048-02 26 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: სამკვიდროს ვადის აღდგენა და მემკვიდრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. გ-ემ სარჩელი აღძრა ლ. ჯ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და სამკვიდროდან წილის გამოყოფა იმ საფუძვლით, რომ მამა ირ. გ-ე გარდაიცვალა 1998წ. 4 თებერვალს. იგი პირველი რიგის მემკვიდრეა და სამკვიდრო არ მიუღია, რადგან სამკვიდროს მიღების ვადის არსებობის შესახებ არ იცოდა. მოპასუხე პირდებოდა, რომ მას სამკვიდროდან წილს მისცემდა, მაგრამ არ მისცა. იმ პერიოდში, როცა სამკვიდრო უნდა მიეღო, იგი ფოთში იმყოფებოდა და უვლიდა ჩვილ ბავშვსა და ავადმყოფ დედამთილს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებანი საპატიოა და სამკვიდროს მიღების ვადა უნდა გაუგრძელდეს.

ლ. ჯ-ა და ე. გ-ემ სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მოითხოვეს ი. გ-ის სამკვიდრო ქონების ერთადერთ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ი. გ-ეს გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა მამის, ირ. გ-ის, დანაშთ ქონებაზე. ირ. გ-ის დანაშთი ქონებიდან ნახევარი მიეკუთვნა ლ. ჯ-ას, მეორე ნახევრიდან 1/4 – ი. გ-ეს, 1/3 – ე. გ-ეს, ხოლო 1/3 – ლ. ჯ-ას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ივნისის გადაწყვეტილებით მოცემულ საქმეზე გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ლ. ჯ-ა და ე. გ-ე ცნობილ იქნენ ი. გ-ის დანაშთი ქონების მემკვიდრეებად და მესაკუთრეებად.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

ირ. გ-ეს, რომელიც გარდაიცვალა 1998წ. 4 თებერვალს, დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე: შვილი პირველი ქორწინებიდან – ი. გ-ე, მეუღლე – ლ. ჯ-ა, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1982წ. 28 სექტემბრიდან და შვილი – მეორე ქორწინებიდან – ე. გ-ე.

ი. გ-ეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან, ე.ი სამკვიდროს გახსნის დღიდან, ექვსი თვის განმავლობაში არ მიუღია სამკვიდრო დადგენილი წესით. სასამართლომ მოსარჩელე ი. გ-ის მიერ მითითებული მიზეზი, სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის თაობაზე, საპატიოდ არ მიიჩნია. სასამართლომ მიუთითა, რომ სამკვიდროს მიღების ვადის არცოდნა, ასევე, დაპირება სამკვიდროდან წილის მიცემის შესახებ, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საპატიო მიზეზად. რაც შეეხება ი. გ-ის სხვა ქალაქში ყოფნას, ჩვილი ბავშვისა და ავადმყოფი დედამთილის მოვლის გამო მოუცლელობას, არ იქნა გაზიარებული, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ ი. გ-ე ამ პერიოდში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 1996წ. 24 სექტემბრიდან იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში. შვებულებიდან დაბრუნდა ვადაზე ადრე და 1998წ. პირველი ივლისიდან შეუდგა მუშაობას, ანუ 1998წ. 4 თებერვლიდან, სამკვიდროს გახსნის დღიდან მე-5 თვეს, იგი თბილისში შეუდგა სასამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. ჯ-ა და ე. გ-ე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ფლობენ და მართავენ ირ. გ-ის დანაშთ ქონებას.

სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 1319-ე, 1421-ე, 1424-ე, 1426-ე მუხლებზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ირ. გ-ემ. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს საპატიოდ უნდა მიეჩნია სამკვიდროს მიღების ვადის გაშვება. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 1336-ე მუხლის I ნაწილი; 1927-ე, 1479-ე, 1499-ე მუხლები და არ გამოიყენა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სამკვიდროს მიღების ვადის არასაპატიოდ მიჩნევის შესახებ და მიუთითებს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს 1426-ე მუხლი. ამ ნორმის საფუძველზე მემკვიდრეს უფლება აქვს, მოითხოვოს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, მაგრამ სასამართლო იმ შემთხვევაში გააგრძელებს მას, თუ ვადის გადაცილების მიზეზებს საპატიოდ მიიჩნევს. სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სამკვიდროდან წილის მიცემის შესახებ დაპირება და სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი წესის არცოდნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საპატიო მიზეზად. რაც შეეხება სარჩელში მითითებულ გარემოებას, რომ ი. გ-ე იმყოფებოდა ფოთში, არ დასტურდება.

პალატა მიუთითებს, რომ გაშვებული ვადის საპატიოდ, ან არასაპატიოდ მიჩნევა, მართალია, სასამართლოს (მოსამართლის) მიხედულებით წყდება, მაგრამ იგი უნდა ეფუძნებოდეს საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც სარწმუნოს ხდიან, რომ მემკვიდრეს ობიექტური მიზეზების გამო არ შეეძლო ფაქტობრივად დაუფლებოდა სამკვიდრო ქონებას ან მიემართა სანოტარო ორგანოსათვის. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დასკვნები გაშვებული ვადის არასაპატიოდ მიჩნევის თაობაზე ეფუძნება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 1336-ე მუხლის I ნაწილი, 1427-ე, 1479-ე, 1499-ე მუხლები. სასამართლოს აღნიშნულ ნორმებს გამოიყენებდა იმ შემთხვევაში, თუUკი იგი საპატიოდ მიიჩნევდა გაშვებულ ვადას, აღადგენდა მას და არსებითად განიხილავდა სარჩელის მოთხოვნას სამკვიდროდან წილის გამოყოფის თაობაზე. ამდენად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ივნისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.