Facebook Twitter

საქმე N 140100121005335448

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №442აპ-23 12 ივნისი, 2023 წელი

მა–ე ა., 442აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. მ–ე (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით (პირის დამცირება, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 23 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. გ–ი, ყ–ს ქუჩა N.-ში მდებარე მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ა. მ–მ დაამცირა, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი, 12 წლის ნ. თ–ი, კერძოდ, ა. მ–მ ნ. თ–ი საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარი ხიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა ძირს, ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში და ერთხელ დაარტყა ფეხი საჯდომის არეში, გახადა ტანსაცმელი - კერძოდ ზედატანი და შარვალი. აღნიშნული ქმედებებით ნ. თ–მა განიცადა ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით ა. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

2.2. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ–მა, რომელმაც წარდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ა. მ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ა. მ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.

ა. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განაესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 1 წელი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ–მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინაწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

ა. მ–ეემ 2021 წლის 21 მაისს არასრულწლოვან ნ. თ–ის ალუჩის ხიდან ჩამოსვლის შემდეგ სახის არეში დაარტყა ხელი, საჯდომის არეში კი დაარტყა ფეხი. არასრულწლოვანმა ნ. თ–მა, ა. მ–ს ქმედებიდან გამომდინარე, განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3.2. 2023 წლის 4 აპრილს გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანნა ცაგურიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, ა. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრა.

3.3. 2023 წლის 10 აპრილს მსჯავრდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ–მა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი ა. მ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების ნაწილში არის უკანონო, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ა. მ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. დაზარალებულმა ნ. თ–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2021 წლის 23 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ის და მისი ბიძაშვილი ლ. თ–ი ავიდნენ უცხო სახლის ეზოში მდგარ ალუჩის ხეზე. შემდეგ ლ–ა ჩავიდა ხიდან და ელოდებოდა ქუჩის მხარეს. ამ დროს სახლიდან გამოვიდა უცნობი ქალი, რომელმაც უთხრა დაბლა ჩასულიყო და უქნევდა მილს. დაბლა ჩასვლა რომ დააპირა, მას მამაკაცმა მარჯვენა ფეხის კოჭთან მოჰკიდა ხელი და უთხრა „დაბლა ჩამოდიო“. შემდეგ ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა ხიდან, შეაგინა, გახადა ტანსაცმელი, კერძოდ: სპორტული ზედატანი, მოკლესახელოებიანი მაისური და შარვალი, რომლებიც დაყარა იქვე, ალუჩის ხის ძირში, სახეში შემოარტყა ხელი, რომელიც ჯერ ტუჩებში მოხვდა, ხოლო მეორედ მოქნეული - ლოყასა და ცხვირის არეში, რითაც განიცადა ტკივილი. ასევე, საჯდომის არეში ამოარტყა ფეხი, რაც ეტკინა. ამის შემდეგ მამაკაცმა უთხრა წასულიყო და მშობელი მიეყვანა. იგი თითქმის შიშველი, შორტის ამარა გავიდა ქუჩაში და მომხდარი უამბო ლ–ს, რომელმაც ჩააცვა თავისი ზედატანი. იგი განიცდიდა მომხდარს, აწუხებდა შფოთვა და კოშმარული სიზმრები, არ უნდოდა სახლიდან გასვლა, ნერვიულობდა, ღამე ეღვიძებოდა, იყო შერცხვენილი და შეშინებული. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია მოწმე ლ. თ–ს ჩვენებით. აღსანიშნავია მოწმე ე. თ–ის ჩვენებაც, რომელმაც განმარტა, რომ სახლში დაბრუნებულმა ნახა შვილი - ნ. თ–ი, რომელსაც სახეზე არ ედო ფერი და დაახლოებით ნახევარი საათი ვერ ლაპარაკობდა. შემდეგ თქვა, რომ უცხო სახლში ალუჩის საჭმელად იყო გადასული. იგი ხიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა კაცმა, გახადა ტანსაცმელი, აგინა და ,,პანღურის“ ამორტყმით გამოუშვა. მოწმე მივიდა ა. მ–სთან, რომელმაც მის მიმართ გამოხატა აგრესია, თუმცა არ უარყო მისი შვილის ცემის ფაქტი, აჩვენა ალუჩის ხის ქვეშ დაყრილი ტანსაცმელი და უთხრა, რომ ბავშვს იმის გამო გახადა, რომ მშობელი მისულიყო მასთან. ამის შემდეგ ე. თ–მა დარეკა 112-ში, თუმცა ვინაიდან იყო აღელვებული არ ახსოვს რა განუცხადა ოპერატორს. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ამ ფაქტის შემდეგ ნ–მს გაუუარესდა მდგომარეობა და დასჭირდა ფსიქოლოგის დახმარება. იგი არის ძალიან ცოცხალი ბავშვი, უცებ კი მის ცხოვრებაში რაღაც დამთავდა. არ სურდა სახლიდან გასვლა და მეგობრებთან ურთიერთობა, ძილის დროს კანკალით იღვიძებდა, ტიროდა და ითხოვდა შველას. მოწმე მაია ნაოჭაშვილმა დაადასტურა, რომ შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა გამოძახებაზე. მას ნ. თ–მა უამბო, რომ ალუჩის ხიდან ძალით ჩამოიყვანა მამაკაცმა, გახადა ტანსაცმელი და ქვედა კიდური ამოარტყა საჯდომზე. შემოწმებისას ნ. თ–ის მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედში აღენიშნებოდა ზედაპირული სისხლჩაქცევა, ზურგზე, მარჯვნივ ზემო ნაწილში კი - მცირე ზომის ნაჭდევი. ბავშვი იყო ემოციურ მდგომარეობაში, შეშინებული და ტიროდა, საჭიროებდა დინამიკაში დაკვირვებას და საჭირო იყო მისი ჰოსპიტალიზაცია, თუმცა დედამ ჰოსპიტალიზაციაზე განაცხადა უარი. კასატორი ასევე უთითებს, რომ ნ. თ–იის ფსიქოლოგიური მდგომარეობის დასადგენად დაინიშნა ექსპერტიზა, თუმცა, დაზარალებულის ადვოკატმა უარი განაცხადა არასრულწლოვნის მონაწილეობაზე, იმ საფუძვლით, რომ ბიუროს არ აქვს ბავშვზე მორგებული სივრცე, ამასთან არ ჰყავს ბავშვთა ფსიქოლოგი და ფსიქიატრი. მოწმე ნ. ბ–მა განმარტა, რომ 2021 წლის 22 ივნისს ნ. თ–ითან დაიწყო შეხვედრა და ფსიქო-თერაპიული მუშაობა. ბავშვი მასთან მისვლისას იყო იზოლირებული, დათრგუნული, არ საუბრობდა, ჰქონდა შიშის და სირცხვილის განცდა, არ უნდოდა გადატანილი მოვლენების გახსენება, არ იყურებოდა ზემოთ. ამასთან, როცა იხსენებდა გადატანილ ამბავს ეწყებოდა ხელების და ფეხების კანკალი, უნებური მოძრაობა, იჯდა დაუცველობის პოზაში და ძალიან გაუჭირდა გადატანილი მოვლენების მოყოლა. მას ნ. თ–იმა უთხრა, რომ ალუჩის საჭმელად გადაიპარა მეზობელთან ეზოში, სადაც დაიჭირეს, ჩამოათრიეს ხიდან, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სახეში შემოულაწუნეს, გახადეს ტანსაცმელი და გახდილი გამოუშვეს ქუჩაში. აღნიშნული მისთვის იყო ძალიან დამთრგუნველი და ღირსების შემლახავი, რის გამოც ჰქონდა სერიოზული პრობლემები, აღარ ჰქონდა ვინმესთან კომუნიკაციის სურვილი, იყო შეურაცხყოფილი, აცნობიერებდა იმას, რომ არ უნდა მოქცეულიყო ასე, მაგრამ ამის გამო სასტიკად გაუსწორდნენ. თავდაპირველად სეანსების დროს ჰქონდა ცრემლდენა, უჭირდა მოყოლა, ყელი უშრებოდა და ზოგადად არ სურდა გახსენება, იმიტომ, რომ ეს იყო მისთვის მტკივნეული. ბავშვთან შედგა 12 სესია, რის შედაგადაც მიაღწიეს იმას, რომ ბავშვი გარეთ გამოვიდა, მაგრამ შეკრთომები მაინც ჰქონდა. ფსიქოლოგმა ასევე განმარტა, რომ მორალური ტანჯვა არის ღირსების იმგვარი შელახვა, რაც ადამიანს ფუნქციის შეწყვეტას აიძულებს, ის არის შეურაცხყოფილი და დამცირებული. ის რომ ბავშვი ერთი თვის განმავლობაში იყო ასეთ მდგომარეობაში არის არაადამიანური მოპყრობის და სულიერი ტანჯვის ნიშანი. კასატორი ასევე უთითებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა ნ. თ–ს სხეულზე ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების არსებობა, რომლებიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. ა. მ–მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას, რადგან იგი არასრულწლოვანს საერთოდ არ შეხებია, თუმცა ვერ ახსნა რისთვის დასჭირდათ ე. თ–ისა და ნ. თ–ის მისთვის ამ დანაშაულის დაბრალება. მისი ვერსია დაზარალებულის ჩვენების არასანდოობასთან დაკავშირებით არის არადამაჯერებელი. დაცვის მხარე ასევე უთითებდა, რომ ნ. თ–იი არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, პანიკურად ეშინია დედის და ამ დღის შემდეგ ხასიათის ამგვარი ცვლილება და მდგომარეობის გაუარესება განპირობებულია ოჯახში ძალადობით. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით. ამასთან, ფსიქოლოგიური სეანსების დროს ნ. თ–ითან მუშაობა მიმდინარეობდა 2021 წლის 23 მაისს მომხდარი ფაქტის ირგვლივ და არა ზოგადად, მისი ოჯახური გარემოდან მიღებული ტრავმის გამო. ფსიქოლოგი აღწერს, რომ ა. მ–ს მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემდეგ შეიცვალა ბავშვის ქცევა, ჰქონდა სირცხვილის და უმწეობის განცდა, უჭირდა მომხდარ ფაქტთან შეგუება, ასევე უჭირდა გადატანილი მოვლენების გახსენება და აწუხებდა ნეგატიური ფიქრები. ნ. თ–ის ფსიქოლოგიური დახმარება გაეწია სწორედ 2021 წლის 23 მაისს მომხდარი ფაქტის გამო. ფსიქოლოგმა ასევე განმარტა, რომ ბავშვმა შეიძლება ვერბალურად მოიტყუოს, მაგრამ მოიგონოს ისეთი სხეულებრივი გამოხატულებები, როგორიც ჰქონდა ნ. თ–ის, არასრულწლოვნის მხრიდან ასეთი სიმულირება ფაქტიურად გამორიცხულია. ამასთან, მას ნ. თ–იმა განუმარტა, რომ არის ოჯახის ყველაზე პატარა წევრი და მშობლები განსაკუთრებით ანებივრებენ. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოში ა. მ–მ რამდენჯერმე შეცვალა პოზიცია, საბოლოო სიტყვაში კი აღიარა, რომ მითითებულ დღეს, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მან არასრულწლოვან ნ. თ–ის ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში და ერთხელ დაარტყა ფეხი საჯდომის არეში, თუმცა მისთვის ტანსაცმელი არ გაუხდია, რაც დამაჯერებლობას უკარგავს მის ჩვენებას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულ ა. მ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ა. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანი დაზარალებულის ნ. თ–ს ჩვენებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ის და მისი 13 წლის ბიძაშვილი - ლ. თ–ი ალუჩის მოსაკრეფად წავიდნენ უცხო სახლში. ჯერ ლ–ა ავიდა კედელზე, შემდეგ კი ლ–ას დახმარებით თვითონაც ამავე კედლით ავიდა ხეზე. ცოტა ხანში სახლიდან გამოვიდნენ კაცი და ქალი, რომელსაც ხელში ეჭირა გრძელი პლასტმასის მილი და იქნევდა მისკენ. მას მილი მოხვდა ფეხში, კაცმა კი ხიდან ჩამოიყვანა ძალით, აყენებდა შეურაცხყოფას და აგინებდა. ასევე, სახეში ორჯერ შემოარტყა ხელი და წიხლი ამოარტყა, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მას მამაკაცმა ძალით გახადა ტანსაცმელი - მაისური, მოსაცმელი და შარვალი. შემდეგ კი უთხრა, რომ წასულიყო სახლში და მიეყვანა მშობლები. მას ეცვა მხოლოდ შორტი და ასე წავიდა სახლში. გზაში შეხვდა ლ–ა, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა ალუჩის ხეზე. დაზარალებულის განმარტებით, ხეზე ყოფნისას მას შეეშინდა მეპატრონის, რათა ამ უკანასკნელს მისთვის არ ეჩხუბა. ამ ფაქტის შემდეგ, იგი ვეღარ იძინებდა, რადგან ნერვიულობდა მომხდარზე. მას შერცხვა, რადგან იმ კაცმა გახადა ტანსაცმელი და ასეთ მდგომარეობაში მოუწია სახლში წასვლა. მოწმე ლ. თ–იმა დაადასტურა, რომ ნ. თ–ითან ერთად პატარა კედლის დახმარებით ავიდნენ ალუჩის ხეზე. ცოტახანში, გამოვიდა ქალი, რომელსაც ხელში ეჭირა მილი. იგი გაიქცა ეკლესიისკენ, რომელიც მდებარეობს იმ სახლიდან 5-6 სახლის მოშორებით. მას ნ–მა უამბო, რომ ის ქალი ურტყამდა მილს. იგი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ხედავდა როგორ ჩამოდიოდა ნ–ი ხიდან, მაგრამ ვერ ხედავდა დაბლა იყო, თუ არა ვინმე. როდესაც ნ–ი გამოვიდა იყო სულ გახდილი, ეცვა მხოლოდ შორტი და ფეხსაცმელი, მარჯვენა ლოყა ჰქონდა აწითლებული და იყო ნამტირალევი. მას ნ–ა უთხრა, რომ ერთმა კაცმა სცემა და ტანსაცმელი დაატოვებინა. მეორე დღეს კი ანახა დაჩხაპნილი გვერდი. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ე. თ–ს ჩვენებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2021 წლის 23 მაისს, სახლში მისულს შვილი - ნ. თ–ი დახვდა ფერდაკარგული და დაახლოებით ნახევარი საათი ვერ ლაპარაკობდა. შემდეგ კი უამბო, რომ ალუჩის მოსაპარად იყო წასული, რა დროსაც ა. მ–მ ჩამოიყვანა ხიდან, აგინა, სცემა და გახადა ტანსაცმელი. იგი შვილთან ერთად მივიდა ა. მ–სთან, რომელიც იყო აგრესიული და გადავიდა შეურაცხყოფაზე. შემდეგ შეიყვანა და აჩვენა ალუჩის ხის ქვეშ დაყრილი ნ. თ–ს ტანსაცმელი და უთხრა, რომ ტანსაცმელი თვითონ გახადა ბავშვს, რათა მშობელი მისულიყო მასთან. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ მისი შვილი იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, არ უნდოდა სახლიდან გარეთ გასვლა და მეგობრებთან ურთიერთობა, ღამით კანკალებდა და ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად სამი თვე დაჰყავდა ფსიქოლოგთან. ნ–ს მარჯვენა მხარზე ჰქონდა დაზიანება, რომელსაც ძალით ჩამოთრევისას ხეზე დაიზიანებდა. მაცხენა ფეხზე კი - სილურჯეები. ნ–მი ღამით ისტერიკაში ვარდებოდა, ეგონა, რომ ვიღაცა მისდევდა, მანამდე აღნიშნული სახის პრობლემებს ადგილი არ ჰქონია.

5.4. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულის ჩვენება ა. მ–ს მხრიდან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით, თვითონ მსჯავრდებული კი განმარტავს საპირისპიროს, კერძოდ, მან დაადასტურა ნ. თ–სთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, მაგრამ კატეგორიულად უარყო მისთვის ტანსაცმლის გახდა და დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენება. კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი იყო ნ. თ–ს ხის კენწეროზე ასვლით გამოწვეული შიში, რათა არ ჩამოვარდნილიყო და არ დატრიალებულიყო უბედურება. ნ–ი ა. მ–ს დანახვაზე დაფრთხა და შეეცადა ქუჩის მხარეს გადახტომას, სადაც სამმეტრიანი კედლის ზემოთ ჩაშენებულია ლითონის კონსტრუქციები, გადის ელექტროსადენები და მიედინება სანიაღვრე არხი. ბავშვის გადახტომის შემთხვევაში დატრიალდებოდა ტრაგედია. ტირილზე სახლიდან გავიდა ა. მ–ს მეუღლეც, რომელიც რკინის კარზე მტვრის ცოცხის დაკაკუნებით მოუწოდებდა ნ–ს არ გადამხტარიყო და ჩასულიყო ხიდან. ძირს ჩასვლის პროცესში ნ–ი გაიხლართა ხის ტოტებში და უჭირდა ჩასვლა, ამასთან, კანკალებდა და იყო შეშინებული. ა. მ–მ მოსთხოვა მას მოპარული ალუჩის ძირს დაყრა, რა დროსაც ნ. თ–მა მოულოდნელად დაიწყო ტანსაცმლის გახდა ისე, რომ მან გააზრებაც ვერ მოასწო თუ რას აკეთებდა ნ. თ–ი. მან წამიერად ჩაიწია შარვალი. ასევე, მოხრილ მდგომარეობაში მყოფმა სწრაფად გაიხადა სპორტული ზედატანი და სპორტული მაისური, რაც დააგდო ხის ძირას და ნაცრისფერი უმკლავებო მაისურით, შორტითა და სპორტული ფეხსაცმლით ელვისებური სისწრაფით გაიქცა ღია კარიდან ი–ს ქუჩის მხარეს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ნ. თ–ის პირველი შეხება ჰქონდა ლ. თ–თან, რომელმაც დაადასტურა, რომ დაინახა სახლის მეპატრონის დანახვაზე ნ. თ–ი ხიდან შეშინებული ჩამოდიდოდა ტირილით, რაც თანხვდენილია ა. მ–ს ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ მის დანახვაზე ხეზე მყოფ ბავშვს შეეშინდა და დაიწყო ტირილი. აღნიშნული კი მიუთითებს, რომ ბავშვის შფოთვა და ტირილი გამოწვეული იყო არა გინებისა და ჩხუბის გამო, არამედ პატრონის მიერ ფაქტზე წასწრებით გამოწვეული სტრესითა და შიშით.

5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ნ. თ–ს ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც მან განმარტა, რომ ალუჩის საჭმელად ასული იყო ღობის მაღალ კედელზე. პატრონის დანახვისას შეეშინდა. ჯერ თვითონ ჩამოდიოდა ხიდან, შემდეგ კი ა. მ–ეემ მოჰკიდა ხელი და ჩამოიყვანა. მოწმე ე. თ–ს განმარტებით კი ალუჩის კრეფის დროს ბავშვი იდგა ბეტონის დაბალ კედელზე და იქიდან გადახტომით არაფერი დაუშავდებოდა. ის ფაქტი, რომ ნ. თ–ი ალუჩის კრეფის დროს ხეზე მაღლა იყო ასული, ხოლო ბეტონის კედელი იყო იმ სიმაღლის, საიდან გადმოხტომაც არასრულწლოვანი ბავშვისთვის იყო საფრთხის შემცველი დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითაც, რაც ამყარებს ა. მ–ს ჩვენებას, რომ ალუჩის ხე, რომელზეც ასული იყო ნ. თ–ი არის ორსართულიან სახლზე მაღალი, რომლის გვერდითაც არის სამმეტრიანი ბეტონის კედელი ზედ დაშენებული ლითონის კონსტრუქციით. გარდა ამისა, მოწმე ლ. თ–მაც დაადასტურა, რომ ნ. თ–ი ასული იყო ხის კენწეროზე. პატრონის დანახვაზე შეშინდა და დაიწყო ტირილი. იგი ხედავდა როგორ ჩამოდიოდა ნ–მი ხიდან, მაგრამ ჩხუბის ან გინების ხმა არ გაუგია. ის ფაქტი, რომ ნ. თ–იის ტანსაცმელი შემთხვევის ადგილიდან არის ამოღებული უპირობოდ არ ადასტურებს, რომ არასრულწლოვანს ა. მ–მ გახადა ისინი. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტომასალაში ჩანს, რომ მიწაზე დევს ჯერ შარვალი და ზემოდან ადევს სპორტული ზედატანი, რაც ამყარებს ა. მ–ს ჩვენებას, რომ ბავშვმა სწრაფად გაიხადა ჯერ შარვალი და დააგდო ძირს, შემდეგ - ზედატანი. დაზარალებულის განმარტებით კი ა. მ–მ ჯერ ზედატანი გახადა, შემდეგ კი შარვალი, რაც ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს. გარდა ამისა გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულს არ ახსოვს ტანსაცმლის გახდის დროს ალუჩა სპორტული ზედატანიდან გადმოყარა თუ შარვლიდან, აღნიშნული კი მიუთითებს ა. მ–ს ჩვენების სარწმუნოობაზე, რომ ნ–მი ალუჩას სპორტულ ზედატანსა და შარვალში იგროვებდა. ნ. თ–ს მიერ ტანსაცმლის გახდის მიზანს წარმოადგენდა ალუჩის სწრაფად დაყრა და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა. ყოველივე აღნიშნული კი, გამორიცხავს კასატორის პოზიციის გაზიარების საფუძველს.

5.6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ა. მ–ს ქმედებით ნ. თ–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში იმის დასადგენად, მომხდარი ძალადობის შედეგად არასრულწლოვანმა ნ. თ–იმა განიცადა თუ არა მორალური ტანჯვა და აღნიშნული მიზეზობრივ კავშირში იყო თუ არა ა. მ–ს ქმედებებთან ფსიქოლოგიური ექსპერტიზა არ ჩატარებულა. აღსანიშნავია, რომ მოწმე ნ. ბ–ს ჩვენებითა და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის 2021 წლის 17 სექტემბრის ცნობით ირკვევა, რომ ნ. თ–ს ფსიქოლოგიური მდგომარეობა ფსიქო-თერაპიული მუშაობის საწყის ეტაპზე იყო მძიმე, რაც გამოიხატებოდა მისი საუბრის მანერასა და ჟესტიკულაციაში. საუბრისას უჭირდა გადატანილი მოვლენის მოყოლა, ხმა უკანკალებდა, ხშირად უშრებოდა ყელი და უკანკალებდა ხელები და ფეხები, თვალებზე იფარებდა ხელებს ცრემლების დასამალად. ჰქონდა სირცხვილისა და უმწეობის განცდა, თავს არიდებდა თანატოლებთან ურთიერთობას, ჩაკეტილი იყო სახლში ასევე, ერიდებოდა ხალხთან შეხვედრას მასზე განხორციელებული დამამცირებელი და ფიზიკური ძალადობის გამო. ნ–მ თ–თან მუშაობისას გამოიკვეთა ტრავმული გამოცდილების გადამუშავების სიძნელე, უჭირდა მომხდარ ფაქტთან შეგუება, ჰქონდა უსამართლობის განცდა. აღენიშნებოდა ტრავმული გამოცდილების პოსტტრავმული გამოვლინებები: ძილის დარღვევები, სირცხვილის განცდა. მისი გადმოცემით მუდმივად ცდილობს თავი აარიდოს გადატანილ მოვლენებზე შემოჭრილ ფიქრებს, მაგრამ არ გამოსდის. ამჟამად ნ. თ–ი ჩართულია ტრავმული გადამუშავების პროცესში. აღენიშნება ძილის დარღვევები, კოშმარული სიზმრები, თავს არიდებს გადატანილ მოვლენებზე საუბარს, ხშირად აწუხებს იმგვარი ფიქრების შემოჭრა, რაც მის ემოციურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. ნ. თ–ი საჭიროებს ფსიქოლოგიურ დახმარებას ტრავმის გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით. ცნობაში ასევე მითითებულია, რომ იგი არ წარმოადგენს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და არ აღწერს ბავშვის განვითარების სიღრმისეულ შეფასებას, ბენეფიციარის ტრავმული გამოცდილების/ინციდენტის ფაქტობრივ აღწერილობას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცნობის შედგენის დროს ფსიქოლოგს არ შეუსწავლია ბავშვი ხომ არ იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და არ გაუანალიზებია ბავშვის მდგომარეობა ხომ არ იყო მის მიერ ალუჩის დაკრეფის შედეგად განცდილი სირცხვილისა და მშობლის გაბრაზების მოლოდინით გამოწვეული. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მიზნებისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება უნდა ემსახურებოდეს პირის დამცირებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკსაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, ა. მ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების შესახებ.

5.8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე