3კ-1059-02 16 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ს-სა” და მოქალაქე ა. ლ-ას შორის 2000წ. 31 ოქტომბერს გაფორმებულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულება ¹1907, რომლის საფუძველზეც ბანკმა გასცა მსესხებელზე 50000 აშშ დოლარი 24 თვის ვადით, ყოველთვიური 2%-იანი საპროცენტო განაკვეთით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა შემდეგი ქონება: ს. ჟ-ას კუთვნილი საცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. თბილისში, ...... ; ლ. ს-ის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი მდებარე თბილისში, ...... ; ვ. მ-ის საცხოვრებელი სახლი მდებარე თბილისში, ...... დაგირავდა ა. ლ-ას კუთვნილი ძირითადი საშუალებები: წიწიბურის დასაფასოებელი აპარატი, კარაქის დასაფასოებელი აპარატი; გ. თ-ას, ფ. ლ-ას კუთვნილი ავტომანქანები.
სს “ს-მა” 2001წ. 8 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის ა. ლ-ას და მესამე პირების: ფ. ლ-ას, გ. თ-ას, ვ. მ-ის, ს. ჟ-ას და ლ. ს-ის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს სესხის დაფარვა უნდა განეხორციელებინა ყოველთვიურად, მაგრამ მან ვალდებულება შეასრულა მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში. ბანკის მიერ მსესხებელი არაერთგზის იქნა გაფრთხილებული, შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები, მაგრამ დღემდე არ შეუსრულებია.
მოსარჩელემ მოითხოვა მსესხებლისათვის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს გათვალისწინებით 51060 აშშ დოლარის დაკისრება ა. ლ-ას, ფ. ლ-ას და გ. თ-ას დაგირავებული ქონების და ს. ჟ-ას, ვ. მ-ის და ლ. ს-ის იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2001წ. 6 აპრილს მოპასუხე ა. ლ-ას გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელის შუამდგომლობით მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც იმავე სასამართლოს 2001წ. 21 მაისის საოქმო დადგენილებით გაუქმდა და საქმის განხილვა დაინიშნა 2001წ. 29 მაისს.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 მაისის გადაწყვეტილებით სს “ს-ის” სარჩელი ა. ლ-ას მიმართ დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. დაეკისრა ფ. ლ-ას სს “ს-ის” სასარგებლოდ 45060 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ეროვნულ ლარებში და სახელმწიფო ბაჟის 2635 ლარის გადახდა. დავალიანების გადასახდელად აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა ს. ჟ-ას, ლ. ს-ის, ვ. მ-ის იპოთეკით დატვირთული ქონება და გ. თ-ას, ფ. ლ-ას დაგირავებული ქონება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხე ა. ლ-ას, მესამე პირების: ფ. ლ-ას, ს. ჟ-ას, ვ. მ-ის, გ. თ-ას და ლ. ს-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო წესით და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება.
აპელანტები სააპელაციო საჩივარს ამყარებდნენ შემდეგ გარემოებებზე: ბანკი ითხოვს სესხის დაფარვას იმ ქონებიდან, რომელიც არ არის გათვალისწინებული ¹1907 საკრედიტო ხელშეკრულებაში. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საკრედიტო ხელშეკრულების ვადა იწურება 2002წ. 1 ნოემბერს. კრედიტორს უნდა მიეცა დამატებითი ორკვირიანი ვადა და თუ ამ ვადის შემდეგაც არ მოხდებოდა გადახდა, საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტა შედიოდა ძალაში; არასწორადაა გამოთვლილი დავალიანება ბანკის მიმართ, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდა 48379 დოლარიდან, როცა 6000 აშშ დოლარი უკვე გადახდილი ჰქონდა და დარიცხვა უნდა მომხდარიყო 42379 აშშ დოლარიდან.
სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას 2002წ. 21 იანვრის საოქმო დადგენილებით საქმეში მესამე პირებად წარმოდგენილი ფ. ლ-ა, ს. ჟ-ა, ლ. ს-ი, ვ. მ-ი, გ. თ-ა მოპასუხეებად იქნენ ჩართულნი და ა. ლ-ასთან ერთად განხილულ იქნა მათი სააპელაციო საჩივრებიც.
მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში მოხსნილ იქნა მოთხოვნა გ. თ-ას მიმართ და მის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა სარჩელზე უარის თქმის გამო.
სააპელაციო პალატამ მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის წარმოიშვა სკ-ს 867-ე მუხლის შესაბამისად ¹1907 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად სს “ს-მა” მსესხებელზე, ა. ლ-აზე, გასცა სესხის სახით 50000 აშშ დოლარი. ხელშეკრულება დადებულ იქნა განსაზღვრული ვადით – 24 თვით და მასში გათვალისწინებულ იქნა მყარი საპროცენტო განაკვეთი ამავე კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად 2%-ის ოდენობით.
მსესხებლის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებებით.
აპელანტის მოსაზრებას, რომ სასამართლოს არ შეეძლო დავალიანების დასაფარავად სარელიზაციოდ მიექცია ისეთი ქონება, რომელიც არ იყო ¹1907 საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაგირავებული, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, რადგან საქმეში წარმოდგენილი გირავნობის ხელშეკრულებით ¹1907/1, რომელიც გაფორმდა 2000წ. 3 ოქტომბერს სს “ს-სა”, მეორე მხრივ ა. ლ-ას და მესამე გ. თ-ას შორის, ასევე გირავნობის ხელშეკრულებით ¹1997/2, გაფორმდა 2000წ. 31 ოქტომბერს, ს/ს “ს-სა, ა. ლ-ასა და ფ. ლ-ას შორის. გირავნორბის ხელშეკრულებით ¹1907/3, რომელიც გაფორმებული იქნა 2000წ. 31 ოქტომბერს სს “ს-სა” ა. ლ-ას და ფ. ლ-ას შორის. პალატამ დადასტურებულად ცნო, რომ გ. თ-ამ გენერალური მინდობილობის საფუძველზე გ. ს-ის სახელზე რიცხული ავტომანქანა ვაზ. 21099 ფ. ლ-ამ ავტომანქანა “მერსედეს ბენცი” 300 E სახელმწიფო ნომერი ...... და ავტომანქანა უაზ 3962, სახელმწიფო ნომერი ....... , გირაოში ჩადეს სს “ს-სა” და მსესხებელ ა. ლ-ას შორის 2000წ. 31 ოქტომბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება ¹1907-ით გათვალისწინებული ვალდებულის უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება აპელანტების იმ მოსაზრებას, რომ საკრედიტო ურთიერთობა კრედიტორს უნდა შეეწყვიტა სკ-ს 873-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგ, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, რადგან მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით დასტურდება, რომ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა მეტად გაუარესებულია, დღემდე მიმდინარეობს დავა მსესხებელსა და სხვა ბანკს, თუ კერძო პირებს შორის ვალის დაბრუნებაზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ დავაში ადგილი აქვს სკ-ს 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, როცა აშკარაა, ვადის დაწესებას არავითარი შედეგი არ ექნება. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სს “ს-ს” შეეძლო მოეთხოვა მსესხებლისათვის საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტა ორკვირიანი ვადის დაწესების გარეშეც.
რაც შეეხება, აპელანტების მოსაზრებას, რომ არასწორადაა გამოთვლილი დავალიანება ბანკის მიერ, რადგან პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა მომხდარიყო არა 48379 აშშ დოლარიდან, არამედ 42379 აშშ დოლარიდან, ვინაიდან აპელანტებს გადახდილი ჰქონდათ 6000 აშშ დოლარი, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა. ვინაიდან, კრედიტორი სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა 51060 აშშ დოლარს, რომელიც განისაზღვრა 48379 აშშ დოლარიდან, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გაანგარიშებით. მსესხებლის მიერ 6000 აშშ დოლარის გადახდა კი მოხდა სასარჩელო განცხადების შეტანის შემდეგ. აქედან გამომდინარე დავალიანების გაანგარიშება 6000 აშშ დოლარის გამოკლებით ვერ მოხდებოდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ახალი გადაწყვეტილების გამოტანით გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს აღნიშნულ დავაში ახალი მოპასუხეების ჩართვის, ფ. ლ-ასთვის გადასახდელი თანხის არასწორად დაკისრებისა და გ. თ-ას მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის 2002წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
სს “ს-ის” სარჩელი ა. ლ-ას, ფ. ლ-ას, ვ. მ-ის, ს. ჟ-ას, ლ. ს-ის მიმართ დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.
დაეკისრა ა. ლ-ას სს “ს-ის” სასარგებლოდ 44066 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.
დავალიანების გადასახდელად აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა: ა) ს. ჟ-ას კუთვნილი საცხოვრებელი ფართი, მდებარე თბილისში, ..... ბ) ლ. ს-ის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი, მდებარე თბილისში ...... გ) ვ. მ-ის საცხოვრებელი სახლი, მდებარე თბილისში, ..... დ) ფ. ლ-ას კუთვნილი ავტომანქანა “მერსედეს ბენცი” 300 ფერი შავი, ტებ. პასპორტის სერია ¹....... , რეგისტრაციის თარიღი 30.12.96. სახ. ¹...... , ძრავის ¹....... . ე) ფ. ლ-ას კუთვნილი ავტომანქანა უაზ. 3962 ტექ. პასპორტის სერია ¹..... , გამოშვების წელი 1997, სახ. ¹...... , ძარის ¹...... , ძრავის ¹....... .
შეწყდა საქმის წარმოება გ. თ-ას მიმართ გირაოთი უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაციის თაობაზე, სარჩელზე უარის თქმის გამო.
დაეკისრა ა. ლ-ას სახელმწიფო ბაჟის სახით 1321 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ლ-ამ, ფ. ლ-ამ და ს. ჟ-ამ, რომლებიც მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ბანკი სესხის დაფარვას ითხოვს იმ ქონებიდან, რაც არ არის გათვალისწინებული ¹1907 საკრედიტო ხელშეკრულებით ეს ქონებაა ფ. ლ-ას ავტომანქანები.
კასატორი მიუთითებს, რომ სადავო ავტომანქანები დაიტვირთა გირაოთი ბანკის სასარგებლოდ ¹1026 საკრედიტო ხელშეკრულებით. 2000წ. 31 ოქტომბერს გაფორმდა ახალი საკრედიტო ხელშეკრულება ¹1907, რომლის მიხედვითაც მთლიანად შეწყვიტა არსებობა წინა ¹1026 საკრედიტო ხელშეკრულებამ და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა ვალდებულებებმა, მათ შორის ბანკსა და ფ. ლ-ას შორის გაფორმებულმა ¹..... და ¹...... გირავნობის ხელშეკრულებებმა, რომლითაც დაგირავებული იყო ავტომანქანები.
კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საკრედიტო ხელშეკრულების ვადა იწურება 2000წ. 1 ნოემბერს და რომ ეს ვადა ჯერ არ იყო დამდგარი.
კასატორებს მიაჩნიათ ასევე, რომ სასამართლომ არასწორად გამოიანგარიშა პროცენტის ოდენობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებებით. კასატორების მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ისინი ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც არ იქნა სააპელაციო პალატის მიერ განხილული და რომელიც გამორიცხავდა დადგენილ გარემოებებს.
კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ახალი ¹1407 საკრედიტო ხელშეკრულებით შეწყვიტა არსებობა წინა ხელშეკრულებამ და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებმა, მათ შორის გირავნობის ხელშეკრულებებმა, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება.
უსაფუძვლოა ასევე კასატორების მითითება იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ არასწორად გამოიანგარიშა პროცენტის ოდენობა. ამასთან, კასატორები ვერ მიუთითებენ რაში გამოიხატა გაანგარიშების უსწორობა. რაიონულ სასამართლოში მოპასუხეებმა თანხის ოდენობის ნაწილში სარჩელი მთლიანად ცნეს. მოსარჩელემ მოითხოვა 51060 დოლარის გადახდა. საქმის განხილვისას მოპასუხეებმა გადაიხადეს 6000 აშშ დოლარი, რაც გამოაკლდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხას და სხვაობა 44060 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი დაეკისრა მოპასუხეს. აქედან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი თანხის გაანგარიშების ნაწილში დაუსაბუთებელია.
სკ-ს 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა მეტად გაუარესებულია, ვალის დაბრუნების თაობაზე მიმდინარეობს დავა მსესხებელსა და სხვა ბანკსა, თუ კერძო პირებს შორის. აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს “ს-ს” შეეძლო უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე და მოეთხოვა ვალის დაბრუნება. აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრება, რომ მოსარჩელეს არ უნდა მოეთხოვა ვალის დაბრუნება, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალის დაბრუნების ვადა ჯერ არ დამდგარა უსაფუძვლოა.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კასატორების მიერ მითითებული კანონის დარღვევა, შესაბამისად მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ლ-ას, ფ. ლ-ას და ს. ჟ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.