საქმე N 060100122006044912
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №296აპ-23 9 ივნისი, 2023 წელი
ფ–ი ზ., №296აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. ფ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2022 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ს–ში, ბ–ს ქუჩა N..-ში მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში ზ. ფ–იი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - თ. ქ–ს, კერძოდ, აყენებდა რა ფიზიკურ შეურაცხყოფას დაემუქრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2022 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ს–ში, ბ–ს ქუჩა N..-ში მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში ზ. ფ–მა იძალადა მეუღლეზე - თ. ქ–ზე, კერძოდ, მას რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ზ. ფ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ზ. ფ–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 23 იანვარს სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ზ. ფ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ზ. ფ–ს ბრალეულობას, კერძოდ: შეტყობინებით ირკვევა, რომ მ. ქ–მემ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ მის ქალიშვილს - თ. ქ–ს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლე - ზ. ფ–ი, რაც მიმდინარეობდა ზარის დროსაც. ამასთან, მ. ქ–მ გამოკითხვისას დაადასტურა, რომ მას მომხდარი ძალადობის შესახებ ს–დან შეატყობინა მისი ქალიშვილის დედამთილმა და სთხოვა სანამ მკვლელობა არ მოხდებოდა წაეყვანა შვილი. მოწმე ა. კ–ს ჩვენებით დადასტურდა, რომ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ მისამართზე, სადაც დახვდათ თ. ქ–ე, რომელმაც განუცხადა, რომ მასზე იძალადა მეუღლემ და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც იყო შეშინებული. მოწმე თ. კ–ს ჩვენებითა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით კი დაადასტურა, რომ დაზარალებულმა მიუთითა ადგილზე, სადაც მასზე იძალადა ზ. ფ–იმა, რომელიც ასევე დაემუქრა. მოწმე პ. ზ–ს ჩვენებითა და შემაკავებელი ორდერით ასევე დასტურდება, რომ ზ. ფ–მა იძალადა მეუღლეზე და დაემუქრა მას. ამასთან, გასათვალისწინებელია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ თ. ქ–ეეს ჰქონდა დაზიანებები, რომლებიც შეესაბამებოდა დადგენილებაში მითითებულ ძალადობის თარიღს. ამასთან, დაზარალებულმა ექსპერტს განუმარტა, რომ მასზე იძალადა მეუღლემ და შემოწმებისას განიცდიდა ტკივილს. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია, რომ: „ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა მისი ოჯახის წევრისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს“.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. ფ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ზ. ფ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა თ. ქ–მ (მეუღლემ), მოწმეებმა - ლ. ფ–მა (დედამ), ე. ფ–მა (შვილმა) და ნ. ფ–მა (შვილმა) უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ზ. ფ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ შეტყობინებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 15 ივნისს 112-ში დარეკა მ. ქ–მ და განაცხადა, რომ მის შვილს - თ. ქ–ს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლე - ზ. ფ–ი და ითხოვა თ–დან ს–ში მის ჩასვლამდე პოლიცია დაეხმარებოდა თ. ქ–ს. აღნიშნულ შეტყობინებაში არაფერია ნათქვამი მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, ან რა ფორმით ძალადობდა მეუღლე თ. ქ–ზე და განიცადა თუ არა ამ უკანასკნელმა ტკივილი.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.7. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ უდავო მტკიცებულებაზე - მოწმე მ. ქ–მის გამოკითხვის ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, მას ტელეფონით დაუკავშირდა თ. ქ–ს დედამთილი - ლ. ფ–ი, რომელმაც უთხრა: ,,სანამ მკვლელობა მომხდარა და ჩემი შვილი შენს შვილს არ მოკლავს, მანამდე ჩამოდი და წაიყვანე. ურტყამს ჩემი შვილი თ–ს, ძლივს მოვაშორეო“. ასევე, უთხრა პოლიცია გამოეძახა. იგი ჯერ თ. ქ–ს დაუკავშირდა, რომელიც იყო ანერვიულებული, ტიროდა და უთხრა, რომ ზ–მ ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, შემდეგ კი დარეკა პოლიციაში. აღსანიშნავია, რომ მოწმის გამოკითხვის ოქმი მუქარის ფაქტთან დაკავშირებით არის არაინფორმაციული, ხოლო ძალადობის ფაქტს თვითონ არ შესწრებია და გადმოსცემს მისთვის მოწმე ლ. ფ–სა და დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ სასამართლოს ჩვენება არ მისცეს. ამასთან, მოწმე მ. ქ–ს ჩვენებით არ ირკვევა ძალადობის შედეგად განიცადა თუ არა დაზარალებულმა ტკივილი. აღსანიშნავია, რომ არც მოწმეები - ა. კ–ი და თ. კ–ი წარმოადგენენ ფაქტის თვითმხილველ მოწმეებს, კერძოდ, მოწმე ა. კ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2022 წლის 15 ივნისს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ნ. მ–სთან ერთად გავიდა შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ დაზარალებული თ. ქ–ეე, რომელმაც განაცხადა, რომ მასზე იძალადა მეუღლემ - ზ. ფ–იმა, რომელმაც ხელი დაარტყა და დაემუქრა. დაზარალებული იყო შეშინებული და აღელვებული, რის შემდეგაც იგი გადაიყვანეს სამმართველოში. მოწმე თ. კ–მა კი დაადასტურა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტისას თ. ქ–მ მიუთითა საძინებელ ოთახზე და განმარტა, რომ 2022 წლის 15 ივნისს მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, რომელმაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შემდეგაც იგრძნო ფიზიკური ტკივილი. მასვე, მეუღლე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მან აღიქვა რეალურად. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, ზოგ შემთხვევაში არის არაინფორმაციული, რიგ შემთხვევებში კი წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ზ. ფ–ს მხრიდან დაზარალებულზე სიცოცხლის მოსპობის მუქარას და ფიზიკური ძალადობის ფაქტს წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა და მოწმეებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მათ სასამართლოში არ დაადასტურეს.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ ექსპერტ შ. თ–ს ჩვენებასა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 21 ივნისის ექსპერტიზის N....... დასკვნაზე, რომლებითაც დადგინდა, რომ 2022 წლის 16 ივნისს 12:37-12:50 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე თ. ქ–ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით 2022 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.ს–ში, მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სახის მარჯვენა ნახევარში ერთხელ, სახის მარცხენა ნახევარში ორჯერ ხელის დარტყმით და გადაუგრიხა მარჯვენა მტევნის მეხუთე თითი. მომხდარის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს. პირადი გასინჯვის მონაცემებით უჩივის სუსტი ინტენსივობის ტკივილს მარჯვენა მტევნის მეხუთე თითის მიდამოში. კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1,6×1,0 სმ. მართალია მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებული დასკვნით ირკვევა, რომ დაზარალებული უჩიოდა სუსტი ინტენსივობის ტკივილს მარჯვენა მტევნის მეხუთე თითის მიდამოში, ასევე კისრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოწმეთა ჩვენებებში, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებასა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებში მითითებულია, რომ ზ. ფ–მა დაზარალებულს ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში უტყუარად იმის მტკიცება, რომ ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული სისხლნაჟღენთი ან თითის მიდამოში სუსტი ტკივილი გამოწვეულია ზ. ფ–ს ქმედებით არის შეუძლებელი. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც გაამყარებდა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ინფორმაციას და დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ნამდვილად ზ. ფ–ს ქმედებითაა გამოწვეული წარმოდგენილი არ არის.
5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ N......... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 15 ივნისს ქ.ს–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ზ. ფ–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ. ქ–ს, რომელსაც სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუმცა კონკრეტულად რა ფორმით დაემუქრა და გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ოქმში მითითებული არ არის. ამასთან, ამავე ოქმში მითითებულია, რომ მსხვერპლს სახის არეში აღენიშნებოდა სიწითლე, თუმცა აღნიშნული შემაკავებელი ორდერის ოქმის შემდგენი პირის - მოწმე პ. ზ–ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით არ გამოკვეთილა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხოლოდ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში მითითებული მწირი ინფორმაცია ძალადობისა და მუქარის შესახებ, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად და არ გააჩნია მტკიცებულებითი ღირებულება. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ზ. ფ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე