3კ-1065-02 10 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: სადარბაზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს სარჩელით, სადაც მიუთითა, რომ 1992 წელს თანხმობა მისცა მოპასუხეს, დროებით დაეკავებინა სადარბაზო. მას შემდეგ გავიდა 10 წელი, აღარ შესწევს ძალა და უჭირს შემოვლით სიარული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა მოპასუხეს დავალებოდა სადარბაზოს გახსნა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადარბაზო დაკავებული აქვს კანონიერად. იმ პერიოდისათვის ჰქონდა, როგორც მეზობლების თანხმობა, ასევე მერიის მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილება. ამჟამად არის მძიმე ავადმყოფი, ეწევა კანონიერ სამეწარმეო საქმიანობას, მის მიერ სადავო ფართის მოწყობაზე დახარჯულია საკმაოდ დიდი სახსრები და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი ორმაგად დაზარალდება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეველა მის მიერ ჩაკეტილი სადარბაზოს განთავისუფლება.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ქ. რუსთავში, ... არსებული სადარბაზო წარმოადგენს ამ სადარაბაზოში მცხოვრებთა საერთო საკუთრებას. რუსთავის მერიასთან არსებული საუწყებათაშორისო კომისიის 1994წ. 27 იანვრის სხდომის ¹1 ოქმით მოპასუხეს ნება დაერთო, სახლის მესამე სადარბაზოში მოეწყო კომერციული მაღაზია სახანძრო და სანიტარული ნორმების დაცვით. აღნიშნულზე თანხმობა განაცხადეს სადარბაზოს თანამესაკუთრეებმა, მათ შორის, მოსარჩელეებმა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებული ურთიერთობა წარმოადგენს სკ-ს 615-ე მუხლით გათვალისწინებულ თხოვების ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც გამნათხოვრებელი მონათხოვრეს გადასცემს ქონებას დროებით სარგებლობაში. დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რიომ საერთო უფლების მონაწილეებმა, მათ შორის, მოსარჩელეებმა, თავიანთი წილი დროებით უსასყიდლო სარგებლობაში გადასცეს მოპასუხეს. მათთვის ცნობილი იყო ნივთის სარგებლობის მიზანი (კომერციული საქმიანობა). ამასთან, სარგებლობის ვადა განსაზღვრული არ ყოფილა.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ს 624-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ ხელშკერულებით ვადა არ არის განსაზღვრული მაშინ, გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთის გამოთხოვა გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემეგ. პალატას მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დრო გასული არ არის, რადგან მოპასუხე ამ ფართში დღესაც ახორციელებს კომერციულ საქმიანობას, რის გამოც მოსარჩელეს ამ ეტაპზე არ შეუძლია მოითხოვოს მისი დაბრუნება.
მითითებული საფუძვლებით სააპელაციო პალატამ 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით გააუქმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 615-ე მუხლი. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ, არასწორად დაადგინა, რომ სადარბაზოში მაღაზია მოეწყო სანიტარული და სახანძრო ნორმების დაცვით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განცხადებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ფაქტობრივად და იურიდიულად დაუსაბუთებელია.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეს 1994წ. რუსთავის მერიის საუწყებათაშორისო კომისიის სხდომის ¹2 ოქმით ნება დაერთო სადავო სადარბაზოში მოეწყო კომერციული მაღაზია სახანძრო და სანიტარული ნორმების დაცვით. ამასთან, სასამართლომ არ გამოიკვლია მოპასუხის მიერ კომერციული მაღაზიის მოწყობისას დაცული იყო თუ არა სახანძრო და სანიტარული ნორმები. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საერთო უფლების მონაწილეებმა სადავო სადარბაზო სკ-ს 615-ე მუხლის საფუძველზე დროებით, უსასყიდლო სარგებლობაში გადასცეს მოპასუხეს, მხარეთა შორის ვადა განსაზღვრული არ ყოფილა. კომერციული საქმიანობისათვის საჭირო დრო გასული არ არის, რადგან იგი ამ ფართში დღესაც ახორციელებს კომერციულ საქმიანობას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის აღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელია, რადგან კომერციული საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, მოპასუხე შესაძლებელია ამ საქმიანობას მუდმივად ეწეოდეს (აღნიშნულს მოპასუხეც ადასტურებს).
ქართული სამართალი კი არ იცნობს უვადო, მუდმივ ხელშეკრულებებს. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ემსჯელა გონივრულ ვადაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. კერძოდ, მოპასუხე სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ამჟამად მის მიერ დაკავებულ სადარბაზოში მოწყობილი მაღაზია არ ფუნქციონირებს, მაგრამ მომავალში აპირებს კვლავ ამუშავებას.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო ნორმების დარღვევით და სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" პუნქტის თანახმად იგი ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა თვლის, რომ დავის გადასაწყვეტად სასამართლომ უნდა გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის სხვა ნორმებთან ერთად მეოთხე თავის ნორმებიც.
სსკ-ს 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.