Facebook Twitter

საქმე N 330100123006707525

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №416აპ-23 15 ივნისი, 2023 წელი

ხ–ი ნ., №416აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ხ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის განაჩენით დამტკიცდა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ სალომე გულიაშვილსა და ბრალდებულ ნ. ხ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ნ. ხ–ი (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი.

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ხ–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ–ში, .........ის ქუჩა N..-ში მდებარე, შპს „.........-ის“ კუთვნილ საშაურმე „...... შაურმაში“, ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგნით - ხმოვანი რევოლვერით შეიარაღებული ნ. ხ–ი თავს დაესხა მზარეულ გ. ქ– ის, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგნის - ხმოვანი რევლოვერის დემონსტრირებით სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა შპს „..........-ის“ საშაურმე „..... შაურმის“ კუთვნილი ფულადი თანხა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულ კომპანიას შესაძლოა მისდგომოდა მატერიალური ზიანი.

1.3. 2023 წლის 10 თებერვალს მსჯავრდებულ ნ. ხ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჩ–მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის განაჩენის გასაჩივრების ვადის აღდგენა.

1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ხ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ–ის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასგამოძიებო და წინასასართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის განაჩენის გასაჩივრების ვადის აღდგენის შესახებ დაკმაყოფილდა.

1.5. 2023 წლის 20 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ხ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჩ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის პროკურორისთვის დაბრუნება.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2.2. 2023 წლის 6 აპრილს მსჯავრდებულ ნ. ხ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჩ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განაჩენის გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის პროკურორისთვის დაბრუნება.

2.3. 2023 წლის 11 აპრილს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. კასატორის პოზიციით, საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით. ამასთან, ნ. ხ–ს შეეზღუდა დაცვის უფლება. 2023 წლის 7 იანვარს, 11:09 საათზე, პოლიციაში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ საშაურმეში მყოფი მოქალაქე იყო იარაღით და იმუქრებოდა, თუმცა რა მიზნით უცნობია. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა მუქარას და არა ყაჩაღობას. მიუხედავად აღნიშნულისა, 2023 წლის 8 იანვარს საქმე აღიძრა ყაჩაღობის ბრალდებით. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ. ხ–ი დააკავეს 2023 წლის 10 იანვარს, 00:20 საათზე, სინამდვილეში კი დააკავეს 9 იანვარს, დაახლოებით 19:00-20:00 საათზე. კასატორი ასევე უთითებს, რომ ყაჩაღობა წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს. მიუხედავად ამისა, ნ. ხ–ისთვის არ შეუთავაზებიათ ადვოკატის აყვანა. მას ასევე არ დაარეკინეს სახლში. ოჯახს დაკავებიდან 3-4 საათის შემდეგ შეატყობინეს პოლიციის თანამშრომლებმა. გარდა ამისა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ღამის საათებში, რაც არის დაუშვებელი. ნ. ხ–ს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს მას შემდეგ, რაც უკვე ჩატარებული იყო ყველა საგამოძიებო მოქმედება და ნ. ხ–ი ჰყავდათ მოტყუებული, რადგან გამომძიებელმა უთხრა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და დანაშაულის აღიარების შემთხვევაში, მას გაუფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას და განესაზღვრებოდა მინიმალური სასჯელი - 4 წელი რეალური, ხოლო 2 წელი პირობითი. იმ შემთხვევაში თუ არ დათანხმდებოდა ამ შეთავაზებას, მიიღებდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთას პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად. მოტყუება გამოიხატა იმაში, რომ აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებდა არა 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, არამედ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად, მინიმალური სასჯელი იყო 5 წელი და არა 6 წელი. ნ. ხ–ს საპროცესო შეთანხმების შედეგად არანაირი შეღავათი არ მიუღია. ყოველივე ზემოაღნიშნული გამოიწვია იმან, რომ მას შეზღუდული ჰქონდა დაცვის უფლება. სახაზინო ადვოკატი მასთან შევიდა მხოლოდ 2023 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, მას შემდეგ რაც ნ. ხ–თან გამომძიებელს მოლაპარაკებები უკვე დასრულებული ჰქონდა. კასატორი ასევე უთითებს, რომ ნ. ხ–ი არ არის ნასამართლევი, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, არის დევნილი, ჰყავს ოთხი არასრულწლოვანი შვილი, რომელთაგან ორი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და ოჯახი არის სოციალურად დაუცველი. ამ გარემოებების გათვალისწინების შემთხვევაში ბრალდების მხარე ნ. ხ–ს შესთავაზებდა უკეთეს პირობებს.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

4.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულს უფლება აქვს, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ხოლო ამავე მუხლის მე-61 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.

4.3. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე დარწმუნდა, რომ საქმეში არსებობდა ნ. ხ–ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების - ლ. ჯ–ს, ა. ი–ს, ი. ჯ–ს, შ. ს–ს, ლ. შ–ს, გ. ქ–ს, გ. ქ–სის, ც. ქ–ს გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ნ. ხ–ის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, მოწმე ა. ი–ს კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, ნ. ხ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგანი ხმოვანი რევოლვერი, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - ნ. ხ–ს შარვალი, ამოცნობის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებდნენ ნ. ხ–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

4.4. საკასაციო სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება ბრალდების მხარის მიერ ნ. ხ–ის შეცდომაში შეყვანის ან მოტყუების ფაქტი. საპროცესო შეთანხმება დადებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურას ერთობლივი განცხადებით მიმართეს ნ. ხ–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ–მა და ითხოვეს ნ. ხ–ისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდების მხარემ შეადგინა საპროცესო შეთანხმების ოქმი და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. აღნიშნული შუამდგომლობის განხილვისას, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა განმარტებების საფუძველზე სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, სრულად აცნობიერებდა იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედებოდა ბრალი, ასევე სრულად აცნობიერებდა იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებდა. ნ. ხ–ისთვის ცნობილი იყო საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, დაცვის უფლების, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმისა და სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის უფლების შესახებ. გარდა ამისა, ნ. ხ–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული და განმარტა, რომ მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ნებაყოფლობით, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. მისთვის ცნობილი იყო საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით კანონის ყველა მოთხოვნა და არ შეზღუდვია დაცვის უფლება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საპროცესო შეთანხმების ოქმსა და შუამდგომლობას ხელს აწერენ ნ. ხ–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. ამავე ოქმით ირკვევა, რომ ნ. ხ–ი აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების არსს, მოსალოდნელ შედეგებს და თანხმობას აცხადებს საპროცესო შეთანხმების ამ პირობით დამტკიცებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმით კი დასტურდება, რომ საპროცესო შეთანხმების ოქმზე მსჯავრდებულის ხელმოწერა შესრულებულია ნებაყოფლობით. ამასთან, საპროცესო შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე. მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. იგი სრულად აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, ასევე, იმას, რომ უფლება აქვს უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე. გარდა ამისა, ნ. ხ–ს მოსამართლემ გარკვევით და გასაგებად განუმარტა, რომ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებისთვის, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რასთან დაკავშირებითაც მას პრეტენზია არ გამოუთქვამს.

4.5. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ ნ. ხ–ისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა არის უკანონო, ვინაიდან ბრალად წარდგენილი მუხლის სანქცია მინიმალურ სასჯელად ითვალისწინებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთას. მოცემულ შემთხვევაში, უპირობოდ იმის მტკიცება, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ნ. ხ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში მას განესაზღვრებოდა მინიმალური სასჯელი - მოკლებულია საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, ნ. ხ–ისთვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის სანქციის ფარგლებშია, ამასთან, მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

4.6. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმის შესახებ, რომ ნ. ხ–ს შეეზღუდა დაცვის უფლება, რადგან მას არ შესთავაზეს ადვოკატის აყვანა. მოცემულ შემთხვევაში, ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. გარდა ამისა, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ნ. ხ–ს დაკავებისას განემარტა კანონით მინიჭებული უფლებები, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლება, რაც დაადასტურა ხელმოწერით და ოქმზე რაიმე შენიშვნა არ დაუფიქსირებია. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ნ. ხ–მთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2023 წლის 11 იანვარს ბრალდების მხარემ მიმართა იურიდიული დახმარების ბიუროს და მოითხოვა ნ. ხ–ისთვის ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნა, რაც იმავე დღეს დაკმაყოფილდა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ნ. ხ–მმა საპროცესო შეთანხმების დადებით უარი თქვა მისი საქმის არსებითად განხილვაზე, იგი სრულად აცნობიერებდა საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ შედეგებს და იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედებოდა. ასევე, იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებდა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

4.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

4.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

4.9. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ხ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე