Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1067-02 30 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი

ე. ა-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეების: ს. გ-ისა და ლ. ა-ის გამოსახლება ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ორი ოთახიდან შემდეგი საფუძვლით: მოპასუხეები ს. გ-ი და ლ. ა-ი აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობენ მდგმურის უფლებით. ისინი წლების განმავლობაში არ იხდიან ბინის ქირას. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს 1998წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეებს დაეკისრათ ბინის ქირის გადახდა, მათ საერთოდ უარი განუცხადეს ვალდებულების შესრულებაზე. გარდა ამისა, ბინაში ჩაისახლეს თავისი დისშვილები და მესაკუთრის ნებართვის გარეშე აპირებენ ერთი ოთახის გაქირავებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ირღვევა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლებები. სკ-ს 562-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოითხოვა მოპასუხეების გამოსახლება სადავო ოთახებიდან.

ს. გ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მის მიერ შეძენილი სადავო ორი ოთახის მესაკუთრედ ცნობა შემდეგ გარემოებათა გამო: ... მდებარე საცხოვრებელი სახლი მოსარჩელე ა-მა შეიძინა 1953 წელს. ა-ის მიერ ნაყიდი სახლის ორი ოთახი დაკავებული ჰქონდათ ა-ასა და მ-ს, რომლებმაც სახლის მესაკუთრე ე.ა-თან შეთანხმებით აღნიშნული ოთახები მიჰყიდეს მას. ამდენად, სადავო ორ ოთახს ფლობს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე ე. ა-მა შეცვალა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეების გამოსახლება მხოლოდ იმ ოთახიდან, რომელშიც ისინი ჩაწერილი არ იყვნენ.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა ს. გ-ის შეგებებული სარჩელი. გ-ი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... მდებარე სახლს 34კვ.მ-ის მესაკუთრედ. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძველით: უსაფუძვლოდ მიიჩნია ე. ა-ის სარჩელი, რადგან ჩათვალა, რომ ა-ი, როგორც მესაკუთრე, საკუთრების მართვისას ლახავდა მესამე პირთა უფლებებს, რითაც არღვევდა სკ-ს 170-ე მუხლის მოთხოვნას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ა-მა, მართალია, შეიძინა აღნიშნული საცხოვრებელი სახლი, მაგრამ იგი რეგისტრირებული არ არის საჯარო რესტრში. სკ-ს 183-ე მუხლის თანახმად კი საკუთრების უფლება წარმოიშვება მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. რაც შეეხება ბინის ქირის გადახდას, ამ ნაწილშიც მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მოპასუხეებისაგან მოითხოვა იმაზე მეტის გადახდა, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდათ დაკისრებული. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. გ-მა 1995 წელს მ-ისაგან ა-თან შეთანხმებით იყიდა სადავო ოთახები, რაც ა-მაც აღიარა სასამართლო პროცესზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე ე. ა-მა შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა ასევე ს. გ-ისა და ლ. ა-ის შეგეგებული სარჩელი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის 3/4 საკუთრების უფლებით აღრიცხულია ე. ა-ზე, ხოლო ¼1/4 ნ. გ-ზე. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ა-ის სასარჩელო მოთხოვნა, რადგან საჯარო რეესტრით არ დგინდება, რომ ა-ი წარმოადგენს სწორედ იმ ოთახების მესაკუთრეს, რომელთა გამოთხოვასაც ითხოვს მოპასუხის მფლობელობიდან. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, სააპელაციო სასამართლომ იგი მიიჩნია უსაფუძვლოდ, რადგან “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვდა მესაკუთრედ ცნობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებულ იქნა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ს. გ-მა და ლ. ა-მა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა შემდეგ გარემოებათა გამო: მათ მიერ სარჩელის დაზუსტება და ნივთის ნაცვლად მისი ღირებულების მოთხოვნა სასამართლომ უსამართლოდ მიიჩნია დავის საგნის შეცვლად, ხოლო მათი განცხადება დაზუსტების შესახებ შუამდგომლობად ჩათვალა და უარი უთხრა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რითაც სასამართლომ დაარღვია სკ-ს მე-3 და მე-4 მუხლები. სასამართლომ არ იხელმძღვანელა სსკ-ს 131-ე მუხლით და უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა ასევე ე. ა-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მეორე პუნქტის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა შემდეგ გარემოებათა გამო: მოპასუხეები ცხოვრობენ სადავო ოთახებში მდგმურის უფლებით. 1998წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ-ს დაეკისრა ქირა კასატორის სასარგებლოდ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი ბინის მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხეები _ დამქირავებლები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და თვლის, რომ ა-ისა და გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა დაკმაყოფილდეს ე. ა-ის საკასაციო საჩივარი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გ-ი და ა-ი სადავო სახლის ორი ოთახის მესაკუთრედ ცნობას ითხოვდნენ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი ანტიკონსტიტუციურად ჩაითვალა და გაუქმდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა სადავო ბინის ორი ოთახის მესაკუთრედ ცნობის შესახებ. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების გ-ისა და ა-ის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩაუთვალა მათ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება სარჩელის შეცვლად. საუბარია იმაზე, რომ მათ, ნაცვლად ოთახების მესაკუთრედ ცნობისა, მოითხოვეს სადავო ოთახებში გადახდილი თანხის დაკისრება ა-ისათვის. პალატა თვლის, რომ გ-სა და ა-ს შეუძლიათ თანხის დაკისრების მოთხოვნით მიმართონ ახალი სარჩელით რაიონულ სასამართლოს, ხოლო რაც შეეხება მათ განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლოში ნაცვლად ბინის მესაკუთრეობისა, მოითხოვეს მოპასუხისაგან გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. ასეთი სასამართლო სხდომის ოქმით არ დგინდება. სხდომის ოქმის მიხედვით მათ შეცვალეს მოთხოვნა და მოითხოვეს ფორმის დაუცველად დადებული ნასყიდობის გარიგების ბათილად ცნობა.

რაც შეეხება ე. ა-ის საკასაციო საჩივარს, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა უარი მას სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით არ ირკვევა, სადავო ოთახები შედის თუ არა მის წილში. დადგენილია, რომ სადავო სახლი, რომელიც მდებარეობს ... ქ. თბილისში, საერთო საკუთრების უფლებით ირიცხება ორ მესაკეთრეზე: ¾3/4 _ ე. ა-ზე, ხოლო 1/4¼_ ნ. გ-აზე. ამდენად, ის გარემოება, რომ ე. ა-ი სადავო სახლის თანამესაკუთრეა, ეჭვს არ აწვევს. სკ-ს 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საერთო საკუთრების თითოეულ მესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ. აღნიშნული მუხლის თანახმად ე. ა-ს, როგორც ერთ-ერთ თამესაკუთრეს, უფლება ჰქონდა წაეყენებინა მოთხოვნები ა-ისა და გ-ისათვის, როგორც მესამე პირებისათვის. მას შეეძლო დაეყენებინა საკითხი ოთახების გამოთხოვის შესახებ. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში აღნიშნული ოთახებიც გახდებოდა საერთო საკუთრების ობიექტი. პალატა თვლის, რომ ა-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოტანილი და უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას. საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, საფუძვლიანია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა და ისე დააკმაყოფილოს სარჩელი. ¾ ¾ ¾ ¾

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. გ-ისა და ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

დაკმაყოფილდეს ე. ა-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი.

ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება, კერძოდ, გაუქმდეს გადაწყვეტილების მეორე პუნქტი, რითაც არ დაკმაყოფილდა ე. ა-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო და ამ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება