¹3კ-1069-02 6 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (ძირითადი სარჩელი); ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისში, ..... მდებარე ბინა საერთო საკუთრების უფლებით პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ეკუთვნოდათ მეუღლეებს: ნ. ხ-ესა და კ. მ-ს და მათ ორ არასრულწლოვან შვილს ნა. და ს. მ-ებს. 1998წ. 25 დეკემბერს ნ. ხ-ემ თავისი სახელით და როგორც კ. მ-ის წარმომადგენელმა აღნიშნული ბინა მიჰყიდა მ. ჯ-ს. ნასყიდობის ხელშეკრულება დადასტურდა სანოტარო წესით და საჯარო რეესტრში ბინა აღირიცხა მ. ჯ-ის სახელზე.
მ. ჯ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა კ. მ-ის, ნ. ხ-ის და მ. ხ-ას ბინიდან გამოსახლება. კ. მ-ის დედამ ნათ. მ-მა, როგორც არასრულწლოვანი შვილიშვილების: ს. და ნა. მ-ების წარმომადგენელმა, შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მ. ჯ-სა და ნ. ხ-ეს შორის გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით: სადავო ბინა გაიყიდა ბინის თანამესაკუთრეების: ნა. და ს. მ-ების თანხმობის გარეშე. საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაერთო მ. ხ-ა. მან ასევე მოითხოვა სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით: სადავო ბინა იგირავა ნ. ხ-ისაგან ერთი წლის ვადით და გადაიხადა 1500 აშშ დოლარი. მ. ჯ-მა იცოდა, რომ მისი ოჯახი ცხოვრობდა სადავო ბინის ერთ ოთახში.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ჯ-ის სარჩელი: მოპასუხეები: ნათ. მ-ი, მ. ხ-ა მათთან მყოფ პირებთან ერთად გამოსახლდნენ სადავო ბინიდან. არ დაკმაყოფილდა ნათ. მ-ის შეგებებული სარჩელი და მ. ხ-ას დამოუკიდებელი სარჩელი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნათ. მ-მა და მ. ხ-ამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კვლავ დაკმაყოფილდა მ. ჯ-ის სარჩელი. მოპასუხეები ნათ. და ა. მ-ები, მ. და მე. ხ-ები გამოსახლდნენ სადავო ბინიდან. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებად არასწორად იყვნენ მითითებული კ. მ-ი და ნ. ხ-ე, რადგან ისინი სადავო ბინაში არ ცხოვრობდნენ. მოპასუხეებად საქმეში ჩაერთვნენ კ. მ-ის მშობლები: ნათ. და ა. მ-ები, რომლებსაც დაკავებული აქვთ სადავო ბინა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნათ. მ-ის შეგებებული სარჩელი და მ. ხ-ას შეგებებული სარჩელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნათ. მ-მა, მ. და რ. ხ-ებმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 10 ოქტომბრის განჩინებით ნათ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ასევე დაკმაყოფილდა მ. და რ. ხ-ების საკასაციო საჩივრები. გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა ნ. მ-ის სარჩელი: ბათილად იქნა ცნობილი მ. ჯ-სა და ნ. ხ-ეს შორის 1998წ. 28 დეკემბერს დადებული სადავო სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება და სახლი კვლავ აღირიცხა ძველ მესაკუთრეებზე. მ. ჯ-ს დაუბრუნდა 1000 ლარი ნაყიდი ბინის სანაცვლოდ. ასევე დაკმაყოფილდა ხ-ების სარჩელი ნ. ხ-ის მიმართ და ამ უკანასკნელს დაეკისრა 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა ხ-ების სასარგებლოდ. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინა წარმოადგენს ნ. ხ-ის, კ. მ-ისა და მათი არასრულწლოვანი შვილების: ნა. და ს. მ-ების საკუთრებას. მიუხედავად ამისა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ბინის მესაკუთრედ მითითებულია მხოლოდ ნ. ხ-ე და კ. მ-ი, რომლებმაც გაასხვისეს სადავო ბინა. დანარჩენი ორი მესაკუთრის: ნა. და ს. მ-ების ნებართვა ბინის გასხვისებაზე არ ყოფილა, ისინი საერთოდ მოხსენიებულნიც არ არიან ნასყიდობის ხელშეკრულებაში. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სკ-ს 170-ე მუხლით მხოლოდ მესაკუთრეს შეუძლია, განკარგოს თავისი ქონება და სკ-ს 54-ე მუხლის თანახმად ბათილად ცნო ნასყიდობის გარიგება. რადგან სასამართლომ ბათილად ცნო ნასყიდობის გარიგება და მ. ჯ-ი არ მიიჩნია სადავო ბინის მესაკუთრედ, შესაბამისად არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი მოპასუხეთა გამოსახლების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ჯ-მა რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 102-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბინის განკარგვა მოხდა არაუფლებამოსილი პირის მიერ. მოცემულ შემთხვევაში ბინის გამსხვისებლები არიან არასრულწლოვანი ნა. და ს. მ-ების მშობლები. მათ სკ-ს 1198-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად რწმუნების გარეშეც შეუძლიათ, წარმოადგინონ შვილების უფლებები და ინტერესები მესამე პირებთან ურთიერთობაში. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ იყო გამოვლენილი ს. და ნა. მ-ების ნება, რის გამოც მთლიანად ბათილად ცნო ნასყიდობის ხელშეკრულება. პალატამ არ გამოიყენა სკ-ს 62-ე მუხლი. ს. და ნ. მ-ების ნების გარეშე ხელშეკრულების დადებას არ უნდა გამოეწვია მთლიანი ხელშეკრულების ბათილობა, არამედ ხელშეკრულება უნდა გაბათილებულიყო ნაწილობრივ, კერძოდ, ს. და ნა. მ-ების წილის გასხვისების ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ბინა საზიარო უფლებით ეკუთვნოდათ ნ. ხ-ეს, კ. მ-ს, ნა. მ-ს და ს. მ-ს. დადგენილია ასევე, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია მ. ჯ-ისა (ერთი მხრივ) და ნ. ხ-ეს და კ. მ-ს (მეორე მხრივ) შორის და ნ. ხ-ისა და კ.მ-ის მიერ განიკარგა მთლიანი სახლი.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლოს სკ-ს 62-ე მუხლზე დაყრდნობით მხოლოდ ნაწილობრივ უნდა გაეუქმებინა ნასყიდობის ხელშეკრულება, კერძოდ, ნა. და ს. მ-ების წილის გასხვისების ნაწილში. სკ-ს 959-ე მუხლით განსაზღვრულია საზიარო საგნის განკარგვის წესი, რომლის თანახმადაც თითოეულ მონაწილეს შეუძლია, განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. მოცემულ შემთხვევაში სადავო სახლი წარმოადგენდა ნ. ხ-ის, კ., ნა. და ს. მ-ების საზიარო საკუთრებას. ნასყიდობის ხელშეკრულებით კ. მ-მა და ნ. ხ-ემ გაასხვისა არა თავისი წილი საზიარო საგანში, არამედ მთლიანად საზიარო საგანი განკარგა, რაც აღნიშნული მუხლის თანახმად დაუშვებელია და სკ-ს 54-ე მუხლის თანახმად იწვევს ხელშეკრულების მთლიანად ბათილობას.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ნ. ხ-ეს და კ. მ-ს, როგორც არასრულწლოვანი ნა. და ს. მ-ების მშობლებს სკ-ს 1198-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არ სჭირდებოდათ შვილების უფლებების და ინტერესების წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობაში. მართალია, მშობლები წარმოადგენენ არასრულწლოვანი შვილების ბუნებრივ მეურვეებს და მათ არ ესაჭიროებათ შვილების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად სპეციალური უფლებამოსილება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში შვილები: ნა. და ს. მ-ები საერთოდ არ არიან მოხსენებული ბინის მესაკუთრეებად და ამდენად, მშობლებს მათი სახელით არ დაუდიათ გარიგება.
სააპელაციო სასამართლომ სწორად არ მიიჩნია მ. ჯ-ი ბინის კეთილსინდისიერ შემძენად. რადგან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს საჯარო რეესტრში ბინა ირიცხებოდა ოთხივე მესაკუთრეზე, წარმოდგენილ ცნობა-დახასიათებაში მესაკუთრეებად მითითებულია ოთხივე, სკ-ს 311-ე მუხლის თანახმად საჯარო რეესტრი ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ამდენად, მყიდველ მ. ჯ-ს ხელშეკრულების გაფორმების დროს უნდა სცოდნოდა, რომ ბინის მესაკუთრეები იყვნენ ს. და ნა. მ-ებიც და აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა გაეფორმებინა ხელშეკრულება.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.