Facebook Twitter

საქმე # 330100120004000356

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №439აპ-23 ქ. თბილისი

ს-ე მ. 439აპ-23 6 ივლისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის განაჩენით:

1.1. მ. ს-ე, - დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ს-მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2018 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თ-ში, დ. ჟ-ს ქუჩის N...-ში მ. ს-მ ურთიერთშელაპარაკებისას, საერთო განზრახვით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ც. მ-სა და შ. ს-ს, კერძოდ, ც. მ-ს ხელი დაარტყა მხარზე და შემდგომ მოუჭირა ყელის არეში. მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული კონფლიქტის განმუხტვა სცადა შ. ს-მა, მ. ს-მ მას ნაჭდევების სახით დაზიანება მიაყენა მარჯვენა წინამხრის მიდამოში. მ. ს-ს ქმედებების შედეგად, ც. მ-მ და შ. ს-მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განაჩენით:

3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ მ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განაჩენის გაუქმება და მ. ს-ს გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები: დაზარალებულების - ც. მ-სა და შ. ს-ს ჩვენებები, მოწმეების - დ. ბ-ს, გ. ტ-ს, გ. მ-ს ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს მ. ს-ს სხვაგვარ ძალადობას ც. მ-სა და შ. ს-ს მიმართ.

7. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. ამ დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე რამდენჯერმე დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), მაგრამ შესაძლებელია, მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგალითად: ხელის გარტყმა, ყურის მოქაჩვა და სხვა.) ქმედების ცემად ან ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერადად ან არაერთჯერადად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი.

8. დაზარალებულ ც. მ-ს ჩვენებით დადასტურებულია როგორც მისი, ასევე შ. ს-ს მიმართ მ. ს-ს მხრიდან 2018 წლის 27 ნოემბერს, ქ. თ-ში, დ. ჟ-ს ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და ის გარემოება, რომ მ. ს-მ მისი ქმრის - რ. მ-ს ადმინისტრაციული წესით დაკავების გამო განაწყენებულმა, მას ხელი დაარტყა მხარზე და მოუჭირა ყელის არეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი; ხოლო შემდეგ შ. ს-ს, რომელიც მათ შორის ჩადგა, ჩამოკაწრა მარჯვენა მკლავი. დაზარალებულ შ. ს-ს ჩვენებით ასევე დასტურდება მისი და ც. მ-ს მიმართ მ. ს-ს მხრიდან სხვაგვარი ძალადობის ჩადენის ფაქტი. დაზარალებულ შ. ს-თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია და მიუთითა ის ადგილი, სადაც 2018 წლის 27 ნოემბერს, მ. ს-მ ფიზიკურად იძალადა როგორც მასზე, ასევე ც. მ-ზე; ოქმზე თანდართული ფოტოსურათები ასახავს საგამოძიებო ექსპერიმენტის პირობებში ვითარების აღდგენისას დაზარალებულის მიერ მითითებულ გარემოებებს. საგამოძიებო მოქმედების - საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი გამომძიებლის - გ. მ-ს ჩვენებით დადგენილია მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმში ასახული გარემოებების სისწორე. ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმის - დ. ბ-ს ჩვენებით დასტურდება 2018 წლის 27 ნოემბერს ქ. თ-ში, დ. ჟ-ს ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მ. ს-ს მხრიდან როგორც ც. მ-ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის - მხარზე ხელის დარტყმისა და ყელის არეში მოჭერის, ასევე მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულ შ. ს-ს ფიზიკური შეურაცხყოფის, კერძოდ, მკლავზე ჩამოკაწვრის ფაქტი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით დგინდება, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს, მოქალაქე შ. ს-ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა წინამხრის მიდამოში ნაჭდევების სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 27 ნოემბერს.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება გარემოება, რაც შეიძლება გამხდარიყო მოწმეთა ჩვენებების არგაზიარების საფუძველი ან რომლითაც დადასტურდებოდა მსჯავრდებულის მიმართ მოწმეთა რაიმე ინტერესი ან/და მიკერძოება. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვდენილია სასამართლო განხილვისას გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატ ა. გ-ს მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები ეფუძნება საქმის მასალების სუბიექტურ ინტერპრეტაციას, ხოლო მისი პოზიცია მსჯავრდებულ მ. ს-ს უდანაშაულობის შესახებ არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა გაანალიზების შედეგად საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მ. ს-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44), „თუმცა მსგავსი მტკიცება შესაძლოა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან“ (Dvalishvili v. Georgia, no. 19634/07, §39, ECtHR, 18/03/2013). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მითუფრო არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი ხასიათის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც მტკიცებულება მყარია და მის სანდოობასთან მიმართებით არ არსებობს რისკები, დამატებითი მტკიცებულების საჭიროება, შესაბამისად, მცირეა” (Tortladze v. Georgia, no. 42371/08, §69, ECtHR, 18/06/2021; იხ. ასევე Lisica v. Croatia, no. 20100/06, §49, ECtHR, 25/02/2010; Gäfgen v. Germany ([GC], no. 22978/05, §162-165, ECtHR 2010; Prade v. Germany, no. 7215/10, § 33-34, ECtHR, 3/03/2016; Kobiashvili v. Georgia, no. 36416/06, §§56-58, ECtHR, 14/09/2019).

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას მ. ს-ს საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით როგორც მსჯავრდების, ისე მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი