Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1075-02 12 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: სასაზღვრო მიჯნის დადგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 10 იანვარს ახმეტის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ა-მა მოპასუხე ვ. ა-ის მიმართ და მოითხოვა მიწის ნაკვეთებს შორის სასაზღვრო მიჯნის დადგენა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ დავა დაიწყო 1986 წელს მის მამას, დ. ა-სა და მის ძმას, თ. ა-ს შორის, როდესაც ძმამ მიიტაცა მამის ნაკვეთის ნაწილი, რომელშიც იგი თავად და მისი რძალი, ვ. ა-ი ჩაერთვნენ მოდავე მხარეების გარდაცვალების შემდეგ უფლებამონაცვლეობის წესით.

მოპასუხე ვ. ა-მა, თავის მხრივ, შეგებებული სარჩელი აღძრა მ. ა-ის მიმართ და აღნიშნა, რომ მისი ყველა პრეტენზია უსაფუძვლოა და ამასთანავე მოითხოვა მაზლის უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი ერთი ოთახის გამოთხოვა.

ახმეტის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: უარი ეთქვა ვ. ა-ის მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვასა და ნაკვეთებს შორის ახალი მიჯნის დადგენაზე, ამასთანავე ნება დაერთო ესარგებლა ვ. ა-ის ნაკვეთის მიმდებარე ხევით, როგორც თავის ნაკვეთთან მისასვლელი სამანქანე გზით.

ვ. ა-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

მ. ა-მა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 4 აპრილის განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რადგან მას გაშვებული ჰქონდა სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა (1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლი) და უცვლელად დარჩა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება აპელანტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 19 ოქტომბრის განჩინებით მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო პალატის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა საოლქო სასამართლოში.

საოლქო სასამართლოს 2002წ. 3 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ახმეტის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 აპრილის გადაწყვეტილების გასაჩივრებული მე-2 და მე-4 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ა-ის სარჩელი ვ. ა-ის მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვისა და მიჯნის დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სკ-ს 128-ე მუხლის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს, რომელიც სკ-ს 130-ე მუხლის მიხედვით იწყება იმ დროიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელემ თავისი უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 1986 წელს. ე.ი. ეს ვადა გავიდა 1996 წელს. რაც შეეხება გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იგი უნდა გაუქმდეს, რადგან მოსარჩელეს არ დაუყენებია მოთხოვნა სამანქანე გზის გამოყოფის შესახებ. სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

საოლქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე მ. ა-მა საკასაციო საჩივარი შემოიტანა უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებათა გამო:

ხანდაზმულობის ვადა უნდა ათვლილიყო არა 1986, არამედ 1998 წლიდან, როცა ახმეტის მიწის მართვის სამმართველომ დასვა საკითხი საქმის სასამართლოს წესით გადაწყვეტისა და სისრულეში მოყვანის შესახებ; კასატორი მიუთითებს, რომ მას დავა არ შეუწყვეტია, იგი 1986 წლიდან მიმართავდა უფლებამოსილ ორგანოებს; კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტს; ასევე დაარღვია პროცესუალური ნორმები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება არასრულია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელემ თავისი უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 1986 წელს, სარჩელი კი აღძრა 2000 წელს, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად. ამასთან, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დავა სასაზღვრო მიჯნის თაობაზე დაიწყო ჯერ კიდევ 1986 წელს.

კასატორი მიუთითებს, რომ მას საადგილმამულო დავა არ შეუწყვეტია, იგი მიმართავდა სხვადასხვა უფლებამოსილ ორგანოებს, რის შესახებაც წარმოდგენილი აქვს საბუთები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ წამოყენებულია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ხომ არ ჰქონდა ადგილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტას სკ-ს 137-139-ე მუხლების შესაბამისად.

აღნიშნულის გარდა სააპელაციო პალატამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ იმ დროს მოქმედი მიწის კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად საადგილმამულო დავის გადამწყვეტ ორგანოებს წარმოადგენდნენ საქართველოს და ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები, ასევე რაიონული, საქალაქო, სადაბო და სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტები.

საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ უნდა დააზუსტოს აპელანტის მოთხოვნა, რადგან კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც არ გაუსაჩივრებია. სამანქანე გზა რაიონულმა სასამართლომ მიაკუთვნა მე-3 პუნქტით, რომელიც არ გაუსაჩივრებია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 3 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.