საქმე # 330100121005312175
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №488აპ-23 ქ. თბილისი
კ-ე მ. 488აპ-23 6 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. კ-ს, - დაბადებულს ... წლის ... დეკემბერს, - ბრალად ედება ადევნება, ე.ი. პირადად, პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და ელექტრონული საშუალებით, ასევე სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის ივნისიდან 2021 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით მ. კ-ე ქ. თ-ში, დ. დ-ში, პ. ი-ს ქუჩის N...-ში მდებარე N... კორპუსში ყოფნისას სისტემატურად უთვალთვალებდა და არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა მ. ჩ-თან, აკითხავდა სახლში და უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. გარდა ამისა, სისტემატურად უმოწმებდა მიმოწერას, უკონტროლებდა გადაადგილებასა და სატელეფონო ზარებს, რა დროსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ქმედებების გამო მ. ჩ-ს გაუჩნდა ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რამაც აიძულა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი, კერძოდ, სახლიდან მარტო გასვლასა და სამსახურში წასვლას თავს არიდებდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით:
2.1. მ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. გაუქმდა მ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო. მის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
2.3. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განაჩენის გაუქმება და მ. კ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №725აპ-19).
7. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, ECtHR, (GC), 13/12/2012; Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16/09/2014). საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც: ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.
8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ერთნაირ მტკიცებულებით სტანდარტს ყველა კატეგორიის დანაშაულთან მიმართებით ქმედების ხასიათის და სპეციფიკის მიუხედავად. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში პირის მსჯავრდებისთვისაც მისი ბრალეულობა დადასტურებული უნდა იყოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
9. საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ისჯება ადევნება - პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან არასწორად შეფასდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი მ. კ-თვის სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, კერძოდ:
11. მოცემულ შემთხვევაში მ. კ-ს ბრალეულობის დასადგენად ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ მ. ჩ-ს ჩვენება. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომლის თანახმად, დაზარალებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს გაზვიადებულად და არასარწმუნოდ გადმოსცემს; ამასთან, მისი ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულმა მ. ჩ-მა, ერთის მხრივ დაადასტურა, რომ მ. კ-თან ურთიერთობის პერიოდში მასთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე სასტუმროში დადიოდა დასასვენებლად და მისგან იღებდა საჩუქრებს სუნამოსა და სამკაულის სახით, სთხოვდა წამლის, ასევე სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტის ყიდვას და მისთვის მიტანას, ასევე მანქანით გადაადგილების ან/და სხვა სახის პრობლემის გამო ურეკავდა და სთხოვდა დახმარებას, ხოლო მეორე მხრივ, მ. კ-ს მანიაკი უწოდა და აღნიშნა, რომ ძალიან ეშინოდა; მისივე განმარტებით, იყო შემთხვევა, რომ იარაღით დაემუქრა და რამდენჯერმე სახლიდანაც კი გაიქცა. გარდა აღნიშნულისა, დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა 2021 წლის ზაფხულში, კერძოდ, ივლისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც აღნიშნა, რომ მეგობრებთან ერთად იყო წასული სასტუმროში, ღამით იქ დარჩა, კ-ძე ურეკავდა, მაგრამ თავად არ პასუხობდა; შემდეგ გადაწყვიტა სახლში მისულიყო, ხუთ წუთში ჩაალაგა ყველაფერი, მაგრამ სახლიდან გამოსულს დახვდა მ. , რომელმაც წაართვა სახლის გასაღები, ტელეფონი და უკან შეათრია. საქმეში არსებული ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერდა მ. კ-ს მობილური ტელეფონი, სადაც ასახულია მ. კ-სა და მ. ჩ-ს შორის მიმოწერა, მათ შორის - 2021 წლის ივლისში. ხსენებულ პერიოდში სატელეფონო მიმოწერის შინაარსი ცალსახად გამორიცხავს დაზარალებულის მონათხრობის ნამდვილობას. დაზარალებულის განმარტებით, 27 აგვისტოს ჰქონდა ჩალურჯებები, რასთან დაკავშირებითაც გამომძიებელმა ზ. კ-მ უთხრა - „ეს არაფერი არ არის“. მოწმის სახით დაკითხულმა ზ. კ-მ უარყო მ. ჩ-ს აღნიშნული განმარტება და აღნიშნა, რომ მ. ჩ-ს არ დაუფიქსირებია დაზიანებების თაობაზე. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მ. კ-ს სთხოვა ცოლს გაშორებოდა, მისთვის სახლი და ბრილიანტის ბეჭედი ეყიდა, რაც ახსნა იმით, რომ მან მ. კ-თან დაშორების ტაქტიკა შეცვალა. უნდა აღინიშნოს, რომ დაზარალებულის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი მიუთითებს, რომ მ. კ-ს ეზოში სათვალთვალო კამერა უყენია, რის მეშვეობითაც აკონტროლებდა მას, არ დასტურდება სხვა არცერთი მტკიცებულებით. დაზარალებულის პოზიციით, მ. კ-ე შეხვდა ეზოში, ასევე იქ არსებულ მაღაზიაში, რაც მისი შეფასებით, ადევნებაა. ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ, როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, მისი და მ. კ-ს საცხოვრებელი კორპუსები ერთმანეთის მოპირდაპირედ, ერთ ეზოში დგას; შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია მათი შემთხვევითი შეხვედრა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ მ. ჩ-ს ჩვენება ვერ აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
12. რაც შეეხება პროკურორის აპელირებას მოწმეების - ჟ. ხ-ს, თ. ხ-ს, მ. გ-სა და ზ. კ-ს ჩვენებებზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ მოწმეთა განმარტებები ეფუძნება სხვა პირის - მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი მ. ჩ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, შესაბამისად, მათი ჩვენებები არის ირიბი.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ („სტამბოლის კონვენცია“) მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. კონვენციის 34-ე მუხლით დადგენილია, რომ: ,,მხარეები იღებენ საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს მეორე პირის მიმართ მრავალჯერადი მუქარის შემცველი ქცევით გამოხატული წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც მასში საფრთხის შიშს იწვევს“. კონვენცია ნათლად განმარტავს, რომ ადევნება არის ქალის მიმართ ძალადობის ფორმა. იმავდროულად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე სტამბოლის კონვენციაც სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადად აცხადებს მხოლოდ ისეთ ქცევას, რომელიც დაზარალებულში იწვევს საფრთხის შიშს და დაზარალებულს აყენებს ცხოვრების ჩვეული წესის არსებითად შეცვლის საჭიროების წინაშე.
15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ქმედების სსკ-ის 1511 მუხლით კვალიფიკაციისათვის საჭიროა ფსიქიკური ტანჯვის, ცხოვრების წესის არსებითად შეცვლის ან ასეთი შეცვლის საჭიროების რეალურად არსებობის მტკიცება, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
16. ადევნების ნებისმიერი ობიექტი, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლია. ფსიქიკური ტანჯვა ადამიანის შინაგანი განცდაა, რომელიც სტრესულ მდგომარეობას უკავშირდება. ფსიქიკური ტანჯვა არ შეიძლება იყოს ერთჯერად, დროის მცირე მონაკვეთში განცდილი დისკომფორტი, იგი არის დროის ხანგრძლივ პერიოდში მიმდინარე პროცესი, რაც შეიძლება გამოიხატოს გამუდმებული ფიქრით, შიშით, მღელვარებით, უძილობით და ა.შ.
17. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსგავსად ყურადღების მიღმა არ ტოვებს შემდეგ გარემოებებს: დაზარალებულ მ. ჩ-სა და მ. კ-ს შორის არსებული მიმოწერის შინაარსი არ ადასტურებს, რომ მ. კ-ე დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას. დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას მხოლოდ ვარაუდი გამოთქვა მ. კ-ს მეზობლად არსებული, მისი საცხოვრებელი ბინის გაყიდვასთან დაკავშირებით. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნით დადგინდა, რომ მ. კ-ს ქმედების შედეგად მ. ჩ-ს ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდია.
18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი