Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1089-02 10 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ანდერძის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უღირს მემკვიდრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

თა. კ-ის მეურვემ ლ. კ-ე-მ-ემ სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს თ. კ-ის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა მამკვიდრებელ ქ. კ-ის ანდერძისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და თ. კ-ე-მ-ის უღირს მემკვიდრედ ცნობა.

ლ. კ-ემ სარჩელში აღნიშნა, რომ მამკვიდრებელი ქ. კ-ე-ი-ი და მამამთილი შ. კ-ე მასთან ცხოვრობდნენ თელავის რაიონის სოფ. ...ში თავიანთი არაქმედუნარიან შვილებთან ერთად. მოსარჩელე მზრუნველობასა და ყურადღებას არ აკლებდა მათ და მისი მეურვეობაც მათი სურვილი იყო. ქ. კ-ის გარდაცვალების შემდეგ თ. კ-ემ შეცდომაში შეიყვანა ჩუღურეთის გამგეობა და ნოტარიუს ზ.ჩ-ის დახმარებით მიიღო თავისთვის სასურველი ანდერძი. ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ ანდერძი კანონის დარღვევითაა შედგენილი.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ე-მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-ე-მ-ემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივნისის განჩინებით ლ. კ-ე-მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ განჩინებაში მიუთითა, რომ აპელანტის მოთხოვნა ანდერძის ბათილობის შესახებ არ შეიძლება დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს ანდერძის ბათილობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის შესახებ მოსაზრება იმ მოტივით, რომ სკ-ს 170-ე მუხლის თანახმად მესაკუთრეს აქვს უფლება, განკარგოს თავის საკუთრებაში არსებული ქონება. თ. კ-ე-მ-ი ასევე არ შეიძლება ცნობილ იქნეს უღირს მემკვიდრედ თანახმად სკ-ს 1310-ე მუხლისა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ თ.კ-ე-მ-მა განზრახ შეუშალა ხელი მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების გამოხატვაში, ან ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ.

კასატორმა ლ. კ-ე-მ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და სსკ-ს 230-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით ძალაში დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილიდაა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. კ-ე გარდაიცვალა 1980წ. 12 მარტს. მან 1979 წელს დადასტურებული ანდერძით ... მდებარე სახლის 12/35 უანდერძა თ. მ-ს, ხოლო 16/35 – თა. კ-ეს.

თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1999წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. კ-ე – მ-ის განცხადება და დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის თაობაზე, რომ თ. კ-ე-მ-ს მიღებული აქვს მემკვიდრეობა და იგი ცნობილ უნდა იქნეს მემკვიდრედ და მესაკუთრედ თბილისში, ... მდებარე სახლის ნაწილზე, რაც შეადგენს ლიტ. “ბ” 1/5-ს.

1999წ. 11 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თ. კ-ე-მ-მა სადავო ბინა მიჰყიდა დ. ბ-ეს.

სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ გამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ ასეთი პრეტენზია წამოყენებული არ არის.

ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. აპელანტი მოითხოვდა ქ. კ-ის მიერ 1979 წელს გაცემული ანდერძისა და 1999წ. 11 ივნისს თ. კ-ე-მ-სა და დ. ბ-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელსეკრულების ბათილად ცნობას, აგრეთვე, ანდერძისმიერი მემკვიდრის თ. კ-ე-მ-ის უღირს მემკვიდრედ ცნობას.

სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექი არ ითვალისწინებდა უღირს მემკვიდრეს ცნობის შესაძლებლობას.

კასატორს 20 წლის განმავლობაში არ მიუღია სამკვიდრო და არც დაუყენებია საკითხი სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ, მისი მოთხოვნა ანდერძის ბათილობის შესახებ ხანდაზმულია, რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას, პალატა თვლის, რომ აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც იგი მყიდველ დ. ბ-ის არაკეთილსინდისიერებას დაადასტურებდა. საქმის მასალების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას სადავო ბინის რეგისტრირებული მესაკუთრე საჯარო რეესტრში იყო თ. კ-ე-მ-ი, სკ-ს 312-ე მუხლის II ნაწილის თანახმად იმ პირის სასარაგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. განსახილველ შემთხვევაში საჩივარი რეესტრის უზუსტობაზე წარდგენილი არ ყოფილა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია, რომ სსკ-ს 372-ე, 230-ე მუხლების საფუძველზე არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.