საქმე # 190100122005911830
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №569აპ-23 ქ. თბილისი
ო-ი მ. 569აპ-23 6 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ო-ს, - დაბადებულს ... წლის ... იანვარს, - ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის ივლისში, ღამის საათებში, ქ.გ-ში, ... მ-ს ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას მ. ო-მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს. მ-ს რამდენიმე წამის განმავლობაში ანთებული სიგარეტი დაადო მარჯვენა ხელის მაჯაზე. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის აგვისტოში, ღამის საათებში, ქ. გ-ში, ... მ-ს ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას მ. ო-მა ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს. მ-ზე, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, ასევე მუშტი - ზურგის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 13 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. გ-ში, ... მ-ს ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას მ. ო-მა ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს. მ-ზე, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 13 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. გ-ში, ... მ-ს ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მ. ო-ს მიერ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს. მ-ზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ს. მ-მ დატოვა საცხოვრებელი სახლი, ხოლო მ. ო-ი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ნომრით - ... , აპლიკაცია „ვოთსაპის“ (WhatsApp) გამოყენებით დაუკავშირდა ს. მ-ს დედას - ს. მ-ს ნომერზე - .... და უთხრა, რომ თუ ს. მ-ა პოლიციაში განაცხადებდა ძალადობის შესახებ, მოკლავდა მასაც და ს. მ-საც. აღნიშნული მუქარის შესახებ ს. მ-მ უამბო ს. მ-ს. მ. ო-ს მუქარა ს. მ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2022 წლის 13 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. გ-ში, ... მ-ს ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მ. ო-ს მიერ ს. მ-ზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ს. მ-მ დატოვა საცხოვრებელი სახლი, ხოლო მ. ო-ი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ნომრით - ..., აპლიკაცია „ვოთსაპის“ (WhatsApp) გამოყენებით დაუკავშირდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელს - ს. მ-ს ნომერზე - ... და უთხრა, რომ თუ ს. მ-ა პოლიციაში განაცხადებდა ძალადობის შესახებ, მოკლავდა როგორც ს. მ-ს, ასევე ს. მ-ს. აღნიშნული მუქარის შესახებ ს. მ-მ უამბო ს. მ-ს. მ. ო-ს მუქარა ს. მ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენით:
2.1. მ. ო-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის ივლისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ს. მ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. მ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 13 მაისის ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ს. მ-ს ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ო-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 9 ივნისიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მ. ო-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მ. ო-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2022 წლის 13 მაისის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ს. მ-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: დაზარალებულ ს. მ-სა და მოწმეების - ს. მ-ს, თ. გ-ს, კ. ა-სა და სხვათა ჩვენებებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, №025480 შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და სადავოდ არც მხარეები ხდიან, განსხვავებით ოჯახში ძალადობის (2022 წლის ივლისის და აგვისტოს ეპიზოდები), ასევე ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ნაწილში (ს. მ-ს ეპიზოდი) ბრალდების ეპიზოდებისა, ვინაიდან ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს, რადგან არ არის საკმარისი მ. ო-ს ზემოაღნიშნული მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის.
7. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია 2022 წლის 14 მაისით დათარიღებული შეტყობინება, რომლის თანახმადაც, დაზარალებული ს. მ-ა აცხადებდა, რომ მეუღლემ - მ. ო-მა მასზე ფიზიკურად იძალადა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. რაც შეეხება 2022 წლის 14 მაისს მ. ო-ს მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე გაცემულ N025480 შემაკავებელ ორდერსა და თანდართულ ოქმს, მათში ასახული მწირი ინფორმაცია არ წარმოადგენს საკმარისს იმის დასადასტურებლად, რომ მ. ო-მა 2021 წლის ივლისში, ს. მ-ს, რამდენიმე წამის განმავლობაში ანთებული სიგარეტი დაადო მარჯვენა ხელის მაჯაზე, ასევე 2021 წლის აგვისტოში გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში და მუშტი - ზურგის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სადავო ეპიზოდების დასადასტურებლად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად საკმარისად ვერ მიიჩნევს ვერც მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - თ. გ-ს მიერ გადმოცემულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ს. მ-ს მონაყოლის თანახმად, მეუღლემ სხვა დროსაც იძალადა მასზე, რადგან ამგვარი მითითებები არასაკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოწმე კ. ა-ს ჩვენება 2021 წლის ივლისისა და აგვისტოს ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით არის ირიბი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
8. საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
9. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ს. მ-მ საგამოძიებო ორგანოებს მიმართა 2022 წლის 14 მაისს. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოსათვის მიმართვის დრომ 2021 წლის ფაქტებთან მიმართებით უფრო შეამცირა მ. ო-ს მხრიდან დანაშაულებრივი ფაქტების დადასტურების ალბათობა.
10. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება 2022 წლის 13 მაისს მ. ო-ს მიერ ს. მ-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარიც ფაქტიც, ვინაიდან აღნიშნულ ეპიზოდში სახელმწიფო ბრალდებამ წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებულ ს. მ-ს ჩვენება, რომელმაც არ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, თუ რატომ არის დაკავებული მ. ო-ი. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ირიბად დაადასტურებდა 2022 წლის 13 მაისს ს. მ-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, საქმეში არ მოიპოვება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ. ო-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის ივლისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ს. მ-ს ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და მ. ო-ი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის ივლისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ს. მ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
13. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ო-თვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2022 წლის 13 მაისის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და მ. ო-ს განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
15. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი