საქმე # 330100122005639590
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №585აპ-23 ქ. თბილისი
მ-ი გ. 585აპ-23 6 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. მ-სა და თ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:
1.1. გ. მ-ი, - დაბადებული ... წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 16 თებერვლიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 03:45 საათზე, ქ. თ-ში, შ-ს ქუჩის ჩასასვლელ კიბეებთან, მ-ს ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განაწყენებულმა გ. მ-მა შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, საქართველოში ტურისტული ვიზით მყოფ ს-ს ა-ს მოქალაქე ჯ. ა. ა-ს თანნაქონი დანა რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას და მიაყენა მრავლობითი ღია სისხლმდენი ჭრილობები ზედა კიდურებსა და გულმკერდის ზედაპირზე, მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო შემავალი ჭრილობა მარცხენა თირკმლის დაზიანებით. თუმცა გ. მ-მა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან იქ მყოფმა პირებმა გააშველეს დაპირისპირებული მხარეები.
· 2022 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 03:45 საათზე, ქ. თ-ში, შ-ს ქუჩის ჩასასვლელ კიბეებთან, მ-ს ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გ. მ-მა მოკვლის განზრახვით საქართველოში ტურისტული ვიზით მყოფ ს-ს ა-ს მოქალაქე ჯ. ა. ა-ს თანნაქონი დანა რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას. მათ გასაშველებლად ჩაერია ჯ. ა. ა-ს თანმხლები, ასევე საქართველოში ტურისტული ვიზით მყოფი ს-ს ა-ს მოქალაქე ს. ა-ი, რომელსაც გ. მ-მა შურისძიების მოტივით, თანნაქონი დანა რამდენჯერმე დაარტყა ორივე წინა მხარზე და მიაყენა მხუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ღია სისხლმდენი ჭრილობების სახით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორებმა - მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ლ. მ-მა და თ. ა-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება.
4.1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამაზ მებონიამ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. მ-სა და თ. ა-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. მ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულიად სამართლიანად არ გაიზიარა განსახილველ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის - ჯ. ა. ა-სა და მოწმე ი. ა-ს ჩვენებები.
9. დაცვის მხარის პოზიციით, დაზარალებულები - ს. ა-ი, ჯ. ა. ა-ი და მოწმე ი. ა-ი სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ საპროცესო ნორმების დარღვევით. სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, კერძოდ:
10. საქართველოს სსსკ-ი 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი უშვებს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოწმე დაიკითხოს დისტანციურად ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამასთანავე, მოწმე შესაძლოა დაიკითხოს იმავე ან სხვა სასამართლოდან ან სხვა ადგილიდან. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ხსენებული ნორმა მოწმეს შესაძლებლობას აძლევს მისთვის მისაღები ადგილიდან ჩაერთოს ტექნიკური საშუალებით და სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდოს დისტანციურ რეჟიმში.
11. დადგენილია, რომ დაზარალებულები - ს. ა-ი, ჯ. ა. ა-ი და მოწმე ი. ა-ი ს-ს ა-ს მოქალაქები არიან და ამავე ქვეყანაში ცხოვრობენ, რის გამოც სახელმწიფო ბრალმდებელმა ხსენებულ პირთა დისტანციური წესით დაკითხვის შესახებ მათ დაკითხვამდე რამოდენიმე დღით ადრე განაცხადა სასამართლოს წინაშე, რა დროსაც სხდომას ესწრებოდა დაცვის მხარეც. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, 2022 წლის 4 ოქტომბერს, დისტანციურად პირველად დაიკითხა დაზარალებული ს. ა-ი, რომლის დაკითხვის მიმდინარეობისას საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა. რაც შეეხება დაზარალებულ ჯ. ა. ა-სა და მოწმე ი. ა-ს ჩვენებებს, აღნიშნული პირები ესწრებოდნენ დაზარალებულ ს. ა-ს დისტანციურ დაკითხვას, რაც ნათლად ჩანს დისტანციური დაკითხვის ვიდეოჩანაწერში. აღნიშნულით კი დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის თანახმად, მოწმე უნდა დაიკითხოს იმ მოწმეთაგან განცალკევებით, რომლებიც ჯერ არ დაკითხულან.
12. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმეში არსებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების გაუზიარებლობის საფუძველი, კერძოდ: 2022 წლის 14 თებერვალს ს. ა-თან, ჯ. ა. ა-სა და ი. ა-თან (თითოეულთან ცალ-ცალკე) ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას როგორც ს. ა-მა, ისე ჯ. ა. ა-მა და ი. ა-მა დეტალურად მიუთითეს, როგორ აღმოჩნდნენ მ-ს ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათთან მივიდა მათთვის უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი და წაყვანა შესთავაზა, რაზედაც ჯ. ა. ა-მა უარი განუცხადა. უცნობმა მამაკაცმა კი მათ გინება დაუწყო და მოულოდნელად, თავდაპირველად ჯ. ა. ა-ს მიაყენა დაზიანებები, შემდეგ კი ასევე დანით - ს. ა-ს.
13. უსაფუძვლოა კასატორების პოზიცია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დაზარალებულების გ. მ-ს ხელთნაქონი დანით დაჭრის ფაქტი. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს დაზარალებულ ს. ა-ს შემდეგი შინაარსის ჩვენებაზე: გ. მ-მა მას და მის მეგობრებს წაყვანა შესთავაზა, რაზეც ჯ. ა. ა-მა უარი უთხრა. ამიტომ იგი აგრესიული გახდა და დანა ამოიღო; მან ჯ-ს უთხრა, რომ დანა რუსული იყო და თუ ფულს არ გადაუხდიდა, მოკლავდა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ამის შემდეგ გ. მ-მა ჯ. ა. ა-ს რამდენჯერმე მოუქნია დანა და დაარტყა სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ს. ა-მ მათი გაშველება სცადა. მსჯავრდებულმა მასაც ორჯერ დაარტყა დანა ორივე ხელზე და იდაყვს შუა. უნდა აღინიშნოს, რომ დაზარალებულმა შემთხვევის ადგილზე ხალხის გადაადგილება დაადასტურა, თუმცა კატეგორიულად განმარტა, რომ კონფლიქტში სხვა პირი არ ჩარეულა. დაზარალებულ ს. ა-ს ჩვენება თანხვდენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... და N... დასკვნებთან.
14. 2022 წლის 14 თებერვლით დათარიღებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა - ს. ა-მა დეტალურად აღწერა იმ პირის გარეგნობა, რომელმაც მას და ჯ. ა. ა-ს დანის დარტყმით მიაყენა დაზიანებები. მანვე ამოიცნო N3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება გ. მ-ი და აღნიშნა, რომ რიგით მესამე სურათზე გამოსახული პირი არის ის, ვინც იგი დაჭრა. 2022 წლის 14 თებერვლით დათარიღებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა ჯ. ა-მა დეტალურად არწერა იმ პირის ვინაობა, რომელმაც დანის დარტყმით მას სხეულზე რამდენიმე ადგილას მიაყენა დაზიანება, შემდეგ კი ს. ა-ს ორივე ხელზე, მაჯასა და იდაყვს შორის არეში ასევე დანით მიაყენა ჭრილობები. ჯ. ა-მა ამოიცნო N4 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება გ. მ-ი და აღნიშნა, რომ რიგით მეოთხე სურათზე გამოსახული პირი არის ის, ვინც იგი დაჭრა. დადგენილია, რომ ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დაზარალებულების თანმხლები პირი ი. ა-ი, რომელმაც ფოტოსურათით ამოცნობის დროს დეტალურად მიუთითა, თუ რა ვითარებაში მიაყენა დაზიანებები მათთვის უცნობმა მამაკაცმა დაზარალებულებს. მანვე ამოცნობისას ამოიცნო N2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება გ. მ-ი. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად ყურადღებას მიაპყრობს ასევე იმ გარემოებას, რომ დისტანციური დაკითხვის მიმდინარეობისას დაზარალებულ ს. ა-ს დაცვის მხარის ინიციატივით წარედგინა გ. მ-ი, რომლის დანახვისთანავე დაზარალებულმა აღნიშნა, რომ იგი სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც მას და მის მეგობარ ჯ. ა. ა-ს დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები.
15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების პოზიციას მსჯავრდებულისათვის ბრალად შერაცხული ქმედების კვალიფიკაციასთან მიმართებით, რომლის თანახმად გ. მ-ი ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის N593აპ-15 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია, რომ „პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით. ამასთანავე, უნდა დადგინდეს მომგერიებლის სუბიექტური დამოკიდებულება, კერძოდ, მოგერიება უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მაისის N862აპ-19 გადაწყვეტილებაში კი განმარტებულია, რომ: „აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა შედგება შემდეგი სამი ელემენტისგან: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. თავის მხრივ, უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ხელყოფის იმწუთიერობა და ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს. აუცილებელი მოგერიების დროს ობიექტურად უნდა არსებობდეს თავდასხმა და სუბიექტურად პირს უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი“.
17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად მიუთითა იმ მტკიცებულებებსა(დაზარალებულ ს. ა-ს ჩვენება, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... და N... დასკვნები, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი და სხვ.) და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა ანალიზის საფუძველზეც უტყუარად დადგინდა გ. მ-ს მიერ დაზარალებულებისათვის დანის გამოყენებით დაზიანებების მიყენების ფაქტი.
18. როგორც გამოძიების საწყის ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა ოქმებითა და საპროცესო დოკუმენტებით, ასევე დაზარალებულ ს. ა-ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2022 წლის 10 თებერვალს საქართველოში ტურისტული ვიზით მყოფი ს-ს ა-ს მოქალაქეები - ს. ა-ი, ჯ. ა. ა-ი და მოწმე ი. ა-ი ქ.თ-ში, მ-ს ხიდის მიმდებარედ ფეხით გადაადგილდებოდნენ სრულიად უწყინარ ვითარებაში, რა დროსაც მათთან მივიდა გ. მ-ი და შესთავაზა ტაქსით მომსახურება. შეთავაზებაზე ჯ. ა. ა-ს უარით განაწყენებული გ. მ-ი გახდა აგრესიული და ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დასახელებულ ტურისტებს, შემდეგ კი მოახდინა თანნაქონი დანის დემონსტრირება და სრულიად მოულოდნელად, დანის გამოყენებით, დაზიანებები მიაყენა ჯ. ა. ა-ს. სიტუაციის განმუხტვის მიზნით გ. მ-სა და ჯ. ა-ს შორის ადგა ს. ა-ი, რა დროსაც გ. მ-მა ახლა უკვე მას მიაყენა დაზიანებები იმავე დანით. დაკავების ოქმით დგინდება, რომ გ. მ-ი დააკავეს 2022 წლის 16 თებერვალს, რა დროსაც მას მხოლოდ მარცხენა ხელზე აღენიშნებოდა ძველი ნაიარევი, სხვა დაზიანება არ ჰქონია. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო ამყარებს დზარალებულ ს. ა-ს სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებულ განმარტებას იმის შესახებ, რომ გ. მ-ს მიერ დაზარალებულთათვის დანის გამოყენებით დაზიანების მიყენებამდე მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. საგულისხმოა, რომ როგორც საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, კონფლიქტის დროს მხოლოდ გ. მ-ი იყო დანით შეიარაღებული, ხოლო დაზარალებული მხარის არცერთ წარმომადგენელს რაიმე სახის იარაღი ან მომარჯვებული საგანი ხელთ არ ჰქონია. ამასთან, ფაქტია, რომ თავდასხმა სწორედ გ. მ-მა განახორციელა - დაზარალებულებს დანით მიაყენა მრავლობითი ჭრილობები. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, დაზარალებულ ჯ. ა. ა-ის მიყენებული დაზიანებების რაოდენობას (სამი ჭრილობა მიყენებული აქვს გულმკერდის არეში) - ხარისხს (ჯ. ა. ა-თვის გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ იღლიიის უკანა ხაზზე, დაახლოებით მე-11-12 ნეკნების საპროექციოდ არსებული ჭრილობა შემავალი რეტროპერიტონეუმის ღრუში /მარცხნივ XI-XII ნეკნთაშუა სივრცეში კანქვეშა ემფიზემა, კანის დეფექტი, თირკმლის კორტიკალური დეფექტი და სუბკაფსულარული ჰემატომა/ მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ხოლო სხვა დანარჩენი გაკერილი ჭრილობები - სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარიხს, ჯანმრთელობის ხანომკლე მოშლით), მათ ლოკალიზაციას (სიცოცხლისათვის სახიფათო, გულმკერდის არე) და გ. მ-ს მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ იარაღს - დანას. გასათვალისწინებელია, რომ გ. მ-მა დანის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა ს. ა-საც. კერძოდ, დაზარალებულს დაესვა დიაგნოზი: წინამხრის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა და იდაყვის ღია ჭრილობა. ზემოხსენებული გარემოებები ცალსახად გამორიცხავს დაცვის მხარის მტკიცებას მსჯავრდებულის მიერ თავდაცვის მიზნით დანის გამოყენებით დაზარალებულთათვის დაზიანების მიყენების შესახებ.
19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ გ. მ-ს ქმედება (დაზარალებულ ჯ. ა. ა-თან მიმართებით) შეიცავს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს. რაც შეეხება უშუალოდ დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, ამ თვალსაზრისით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მის შეთავაზებაზე დაზარალებულის უარით გაღიზიანებული გ. მ-ი მოქმედებს განზრახ და მისი ქმედებები უშუალოდ მიემართება ხსენებული დანაშაულის ჩასადენად. გ. მ-ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და დაზარალებულ ჯ. ა. ა-თვის მიყენებული სხეულის დაზიანებების ლოკალიზაცია სიცოცხლისათვის ძალზე სახიფათო მიდამოში ადასტურებს იმას, რომ მისი ქმედებიდან გამომდინარე, ინტელექტუალური თვალსაზრისით შესაძლო შედეგს იგი უცილობლად ითვალისწინებდა, რაც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო არ დამდგარა და დანაშაული შეწყდა ადრეულ ეტაპზე – მცდელობის სტადიაზე. ზემოაღნიშნული გარემოებები ეჭვგარეშე ადასტურებს აგრეთვე, რომ გ. მ-ი ს. ა-თვის დაზიანებების მიყენების დროს მოქმედებდა შურისძიების მოტივით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად მიიჩნევს, რომ არ არსებობს არათუ თანხვედრილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ თუნდაც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ 2022 წლის 10 თებერვალს მომხდარი კონფლიქტისას დაზარალებულთა მხრიდან ობიექტურად არსებობდა თავდასხმა და სუბიექტურად გ. მ-ს ჰქონდა თავდაცვის მიზანი და მოქმედებდა თანაბარი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით; არ დასტურდება, რომ კონფლიქტის დროს მსჯავრდებული გ. მ-ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
20. ამდენად, საკასაციო სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულმა გ. მ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. შესაბამისად, მისი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი.
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. მ-სა და თ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე