საქმე # 080100119003154317
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №494აპ-23 ქ. თბილისი
გ. ხ. 494აპ-23 7 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის ირაკლი კოძახიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ხ. გ-ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ხ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ხ. გ. 2014 წლის 14 თებერვლიდან 2015 წლის 14 იანვრამდე მუშაობდა ზ-ს მ-ს გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლებოდა მოხელედ.
ზ-ს მ-ს გამგებლის 2014 წლის 16 ივლისის №… ბრძანებით, ხ. გ. დაინიშნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებების კონტროლისათვის ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელად და დაევალა ზ-ს მ-ს მიერ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირებთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ხარისხის და მიწოდების ვადების შესაბამისობის დადგენა, ზედამხედველობის განხორცილება, მიღება- ჩაბარების აქტების გაფორმება და ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება.
2014 წლის 6 ივნისს ზ-ს მ-ს და შპს ,,ტ-ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, ღირებულებით 930 195 ლარი, სოფელ ტ-ს გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების თაობაზე. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, სამუშაოების მიღება უნდა განხორციელებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის სახით, წერილობითი ფორმით, ინსპექტირების განმახორციელებელი პირის დადებითი დასკვნის საფუძველზე. აღნიშნულ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის მიზნით, ზ-ს მ-ს გამგეობამ ხელშეკრულება გაუფორმა ი/მ ,,ა. მ-ს“, რომელსაც უნდა შეემოწმებინა შპს ,,ტ-ს“ მიერ შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა და გამოყენებული მასალების ხარისხი, ხოლო გამოვლენილი ხარვეზების შესახებ დროულად ეცნობებინა გამგეობისთვის. შპს ,,ტ-მ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება დაიწყო 2014 წლის ივნისში. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ზ-ს მ-ს გამგეობის მიერ დანიშნულმა ტექნიკურმა ზედამხედველმა - ა. მ-ხმ, გამოავლინა რა დეფექტები და ნაკლოვანებები, 2014 წლის 8 სექტემბერს, 12 ნოემბერს, 25 ნოემბერს და 8 დეკემბერს წერილობით მიმართა ზ-ს მ-ს გამგებელ ტ. თ-ს და აცნობა, რომ სამუშაოები ჩატარებული იყო ხარვეზებით, დაგებულ ბეტონის საფარზე რიგ ადგილებში შეინიშნებოდა მრავლობითი განივი ბზარები, დაზიანებები, ჩამტვრევები და ბეტონის სისქე არ შეესაბამებოდა პროექტის მოთხოვნებს. ტექნიკური ზედამხედველის რეკომენდაციით მიზანშეწონილი იყო სინჯების ამოჭრა და შემოწმება.
ტექნიკური ზედამხედველის წერილები და შეხედულება შპს ,,ტ-ს“ მიერ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით დაეწერა გამგებლის მოადგილესა და ამავდროულად ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელ ხ. გ-ს. ინსპექტირების ჯგუფის მიერ, ხ. გ-ს მონაწილეობით, პერიოდულად მოწმდებოდა შესრულებული სამუშაო და შესაბამისად, მას ჰქონდა სრული წარმოდგენა არსებული ნაკლოვანებების თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, ხ. გ-მ გამოიყენა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ტექნიკური ზედამხედველის დადებითი დასკვნის არარსებობის პირობებში, რაც ხელშეკრულების თანახმად სამუშაოს ჩაბარების საფუძველი უნდა ყოფილიყო, უპირატესობა მიანიჭა შპს ,,ტ-ს“ და გაუფორმა მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა მიხედვით სამუშაოები შესრულებული იყო დამაკმაყოფილებლად და შესაძლებელი იყო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან შპს ,,ტ-ს“ ჩაერიცხა 721 790 ლარი. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 14 აპრილის №… საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ-ს მ-ს სოფელ ტ-ში, შპს ,,ტ-ს“ მიერ ხარისხიანად შესრულებული ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოების ღირებულებამ 374 837 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ხ. გ-ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად არსებითად დაირღვა ზ-ს მ-ს გამგეობის კანონიერ ინტერესი და მიადგა მატერიალური ზიანი 346 953 ლარი.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განაჩენით:
3.1. ხ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. ხ. გ-ს განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც ითხოვა საჩივრის დასაშვებად ცნობა, გასაჩივრებულ განაჩენის გაუქმება და ხ. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ხ. გ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ჩ-მ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის გამამართლებელი განაჩენი ხ. გ-ს მიმართ დარჩა უცვლელი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ირაკლი კოძახიძემ, რომელმაც ითხოვა საჩივრის დასაშვებად ცნობა, განაჩენში ცვლილების შეტანა, ხ. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა.
6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ხ. გ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ჩ-მ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ბრალდების მხარის შეფასებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად და არასწორად შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და შესაბამისად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების წინასწარი განზრახვით, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით ბოროტად გამოყენებას, რაც იწვევს სახელმწიფო ინტერესის არსებით დარღვევას. შესაბამისად, ქმედების საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის საჭიროა, ერთი მხრივ, განისაზღვროს, მოხელე მოქმედებდა თუ არა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო, მეორე მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს მოხელის მიერ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ თავისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სპეციალური მიზნით - თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით და მოხელის ამ ქმედებით სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა.
10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ხ. გ. 2014 წლის 14 თებერვლიდან 2015 წლის 14 იანვრამდე მუშაობდა ზ-ს მ-ს გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლებოდა მოხელედ. ზ-ს მ-ს გამგებლის 2014 წლის 16 ივლისის №… ბრძანებით, ხ. გ. დაინიშნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებების კონტროლისათვის ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელად და დაევალა ზ-ს მ-ს მიერ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირებთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ხარისხის და მიწოდების ვადების შესაბამისობის დადგენა, ზედამხედველობის განხორცილება, მიღება- ჩაბარების აქტების გაფორმება და ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის აუცილებელი ნიშანი - ხ. გ-ს მიერ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ თავისი უფლებამოსილების შპს „ტ“-სთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მინიჭების მიზნით გამოყენება.
12. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება კასატორის პოზიცია, რომ ხ. გ. ა. მ-ს წერილობითი შეტყობინებებისა და სამუშაოს ხარვეზებით შესრულების მიუხედავად შპს „ტ-ს“ მაინც ურიცხავდა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას. ვინაიდან, ზ-ს მ-ს გამგებლის - ტ. თ-ს ჩვენებით დგინდება, რომ ხ. გ., რომელიც იყო ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი თავის წევრებთან ერთად შესაბამის შენიშვნებს აძლევდა შემსრულებელს ხარვეზების გამოსწორების მიზნით და სწორდებოდა კიდეც ხარვეზები.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ასევე მოწმეთა: დ. ს-ს, ე. ს-ს, თ. წ-ს და გ. ჩ-ს ჩვენებებს, რომლებიც იყვნენ მ-ს სამსახურში ხ. გ-ს ხელმძღვანელობით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის წევრები. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ გზის საფარის მოწყობის სამუშაოების ჩატარებისას შპს „ტ-ს“ მხრიდან იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ სამუშაოები მაინც მიმდინარეობდა, ინსპექტირების ჯგუფის წევრები მათ ხელმძღვანელთან ხ. გ-სთან ერთად პერიოდულად გადიოდნენ და ამოწმებდნენ შესრულებულ სამუშაოს, ყოველდღიური ზედამხედველობა კი ევალებოდა ა. მ-ს. ინსპექტირების ჯგუფის წევრები ახდენდნენ შესრულებული სამუშაოს ვიზუალურ კონტროლს, თუ როგორი სიგრძისა და სიგანის იყო გზა, გარდა ამისა აკონტროლებდნენ დროს, რომ სამუშაოები დასრულებულიყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, იყო მცირე ხარვეზები, რაც მათი მითითების შემდეგ სწორდებოდა. ა. მ-ს მიერ ხარვეზებზე მიწოდებული ინფორმაცია არ ჩაუთვლიათ მნიშვნელოვნად. კომისია შესრულებული სამუშაოს შემოწმების შემდეგ ხელს აწერდა ფორმა N…-ს და ამის მიხედვით ხდებოდა შესრულებული სამუშაოსათვის განკუთვნილი ანაზღაურების გადარიცხვა. მოწმეებმა მიუთითეს, რომ შპს „ტ-ს“ ჰქონდა შესრულებული 27 000 ლარის სამუშაო, რომელიც არ იყო პროექტით გათვალისწინებული და არ აუნაზღაურდათ. სამუშაოების დასრულების შემდეგ, როდესაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დადო დასკვნა, რომლითაც დაგებული ბეტონის საფარი შეფასდა უხარისხოდ და საპროექტო მონაცემების შეუსაბამოდ ანუ არ იქნა წარმოდგენილი ექსპერტიზის დადებითი დასკვნა, ხელშეკრულების პირობების თანახმად, დარჩენილი თანხის - 20%-ის ანაზღაურება აღარ მოხდა. შპს „ტ-მ“ კი წამოიწყო დავა მერიასთან და მოიწვია ალტერნატიული ექსპერტიზა, საქართველოს ტ. უ-დან, რომელმაც დაადასტურა, რომ შესრულებული სამუშაო შესაბამისობაში იყო სტანდარტებთან. ურთიერთსაწინააღმდეგო ექსპერტიზის პირობებში კიდევ დაინიშნა ექსპერტიზა, რომელმაც ასევე დაადასტურა შესრულებული სამუშაოების სტანდარტებთან შესაბამისობა.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ხ. გ-ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური მიზნის არსებობის მტკიცებისათვის ხ. გ-ს მიერ ხარვეზებზე მითითებისა და მათი აღმოფხვრის შემდეგ ფორმა N..-ის საფუძველზე შპს „ტ"-სთვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება a priori არ ადასტურებს ხ. გ-ს გამორჩენის ან შპს „ტ"-სთვის საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ უპირატესობის მინიჭების განზრახვას.
15. სასამართლო ითვალისწინებს ასევე სსიპ საქართველოს ტ. უ-ს სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2015 წლის 15 მაისის ტექნიკური ექსპერტიზის N… დასკვნას, რომლის თანახმადაც, გამოიკვლიეს ზ-ს მ- სოფელ ტ-ში საავტომობილო გზის ბეტონის საფარი. გამოკვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით გაკეთდა შემდეგი დასკვნები:
- ზ-ს მ-ს სოფელ ტ-ში არსებული საავტომობილო გზის გამოკვლეული შვიდი პიკეტიდან ყველაზე დაბალი საშუალო სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე ტოლია 297,4 კგმ/სმ2-ის, და შეესაბამება B 22,5 კლასის ბეტონს;
- გამოკვლეულ შვიდივე პიკეტზე მოწყობილი ბეტონის საფარის სიმტკიცე კუმშვაზე აკმაყოფილებს მის საპროექტო სიმტკიცეს და შეესაბამება B 22,5 კლასის ბეტონს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა - ვ. დ-მ და ბ. ხ-მ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის შეფასებას სსიპ საქართველოს ტ. უ-ს სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2015 წლის 15 მაისის ტექნიკური ექსპერტიზის N… დასკვნის გაუზიარებლობასთან დაკავშირებით, იმ არგუმენტზე მითითებით, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას გზის ნიმუშების აღება არ მომხდარა გზის მთლიანი მონაკვეთიდან, არამედ 3700 გრძივი მეტრიდან დაახლოებით 1100 გრძივ მეტრზე, რაც არ ასახავს ჩატარებული სამუშაოების სრულ და რეალურ მდგომარეობას, ვინაიდან, ექსპერტიზისათვის ნიმუშების ამობურღვის ადგილების შერჩევა და შემდგომ მათი ამობურღვა განხორციელდა ზ-ს მ-ს გამგეობისა და შპს „ტ-ს“ წარმომადგენლებთან შეთანხმებით და მათი თანდასწრებით, რაც დაფიქსირებულია ადგილზე გაფორმებულ ნიმუშების აღების აქტში.
17. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 8 აპრილის N… ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:
- ჩატარებული საინჟინრო და ლაბორატორიული კვლევების შესაბამისად ზ-ს რაიონის სოფელ ტ-ში განხორციელებული გზის საფარის მოწყობის სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია. გზის მოწყობის პარამეტრები შეესაბამება პროექტით გათვალისწინებულ და ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- სამშენებლო სამუშაოების პროექტით გათვალისაწინებული გზა მოწყობილია. ფაქტიურად გზა არის ექსპლუატაციაში და შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის;
- მოქმედი კანონმდებლობით რაიმე ნორმა, რომელიც ზღუდავს კონკრეტული საავტომობილო გზის ექსპლუატაციას არ არის, გზა არის ექსპლუატაციაში. მოქმედი ნორმების თანახმად ასეთი საფარის ტიპის გზის საექსპლუატაციო და კაპიტალურ შეკეთებამდე დრო განსაზღვრულია 6-20 წლით.
- 2014 წლის 23 დეკემბერს შედგენილი ზ-ს მ-ს კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, ქ. ზ-ში, სოფელ ტ-ს სასოფლო გზის (ბეტონის გზა) სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დამკვეთთან შეუთანხმებლად ნაწარმოები სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 27624.30 ლარს არ ჩაითვალა შესრულებულ სამუშაოებში. აღნიშნულ სამუშაოებში ასევე შედის ბეტონის კედლის მოწყობა მთლიანად N1 ჰკ 21+80-ში, რასაც ექსპერტიზა იზიარებს. დანარჩენი სამუშაოები ჩატარებულია პროექტის მიხედვით და შესაბამისობაშია მოქმედ სამშენებლო სტანდარტებთან.
18. სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის შეფასებას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 8 აპრილის N… ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით და ითვალისწინებს 2019 წლის 27 მაისის მორიგების აქტს, რომლის თანახმადაც შპს ,,ტ " (წარმოდგენილი გენერალური დირექტორის თ. ჩ-ს სახით) და ზ-ს მ-ს მერია (წარმოდგენილი მერის მოვალეობის შემსრულებლის დ. მ-ს სახით), შეთანხმდნენ რომ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, დასახელებულ მხარეთა შორის მიმდინარე სამოქალაქო დავასთნ დაკავშირებით მიაღწიეს მორიგებას. მხარეები დაეთანხმნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 8 აპრილის N… დასკვნას, ზ-ს რაიონში სოფელ ტ-ს გზის საფარის მოწყობისთვის განხორციელებული სამუშაოების ხარისხის თაობაზე; მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზ-ს მ-ს მერიის მიერ უნდა მოხდეს მხარეთა შორის 2014 წლის 6 ივნისს დადებული N…ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯამური თანხიდან - 930 195 ლარიდან დარჩენილი ნაწილის 208 405 ლარის გადახდა შპს ,,ტ-ს" სასარგებლოდ;
19. ზ-ს მ-ს მერიის 2019 წლის 19 აგვისტოს წერილის თანახმად - 2019 წლის 27 მაისს ზ-ს მ-ს მერიასა და შპს ,,ტ "-ს შორის გაფორმდა მორიგების აქტი, კერძოდ მხარეები შეთანხმდენ, რომ ზ-ს მ-ს მერიის მიერ მოხდებოდა მხარეთა შორის 2014 წლის 6 ივნისს დადებული N.. ხელშეკრულებით გათვალიწინებული ჯამური თანხიდან 930 195 ლარიდან დარჩენილი ნაწილის 208 405 ლარის გადახდა შპს ,,ტ-ს" სასარგებლოდ. აღნიშნული თანხა ჩაირიცხა 2019 წლის 18 ივნისს.
20. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).
21. საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ე.წ. მიზნით დაფუძნებული დელიქტია, სადაც მიზანი აფუძნებს უმართლობას.
22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ხ. გ-ს მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების წინასწარი განზრახვით შპს „ტ"-სთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მინიჭების მიზნით გამოყენება. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ხ. გ-სათვის შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ერთი-ერთი ნიშანი, სასამართლო მოკლებულია კასატორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
23. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, ასევე - საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ კონსტიტუციურ სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ხ. გ-ს მიერ საქართველოს სსსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - ჩადენა.
24. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
25. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
27. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის ირაკლი კოძახიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე