¹3კ-1102-03 28 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს კბ “მ-ის” მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა.
2001წ. 25 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის დადებული გარიგება მოსარჩელის მიერ შპს კბ “მ-ში” 500000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების თაობაზე.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მოპასუხემ საჩივარი შეიტანა რაიონულ სასამართლოში. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის საჩივარი და უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2001წ. 17 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე ორივე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საქმის განხილვა გადაინიშნა 2001წ. 25 დეკემბერს 14 საათზე. სასამართლომ, საქმის განხილვის გადადებისას, მხარეების კანონით დადგენილი წესით არ აცნობა სხდომის დღე. კერძოდ, სსკ-ს 72-ე მუხლის “ზ” პუნქტის შესაბამისად მხარეები არ გააფრთხილა გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებაზე ეცნობებინათ სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზებზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ ასევე დაარღვია სსკ-ს 216-ე მუხლის და 70-ე მუხლის მოთხოვნები და სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელ მოპასუხის წარმომადგენელს არ აცნობა სხდომის დღე.
აღნიშნული საფუძვლებით სააპელაციო პალატამ 2002წ. 4 ივლისის განჩინებით გააუქმა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 216-ე მუხლის მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მუხლის მოთხოვნები ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ხდება საქმის განხილვის გადადება და არა სხდომის გაგრძელება. მოცემულ შემთხვევაში კი სხდომა უნდა გაგრძელებულიყო. კასატორის მოსაზრებით კანონში არაფერია ნათქვამი, თუ რა წესით უნდა მოხდეს მხარეთა და მათ წარმომადგენელთა გაფრთხილება სხდომის გაგრძელების დღისა და დროის შესახებ. ამდენად, კასატორი თვლის, რომ რაიონულ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ დაურღვევია კანონის მოთხოვნები და სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ გააუქმა გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ პირობას იმის ვარაუდიც წარმოადგენს, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი, ამიტომ დაკარგა თავის დაცვის ინტერესი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს შეუქმნის რწმენას, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი და დაკარგა სარჩელისაგან თავის დაცვის ინტერესი, ლოგიკური და გამართლებულია, მაგრამ იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომლის გამოუცხადებლობამაც სასამართლოს ვერ შეუქმნა ამგვარი რწმენა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა გაუმართლებელია.
უდავოა, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეზე მთავარი სხდომა დაინიშნა 6 ივლისს, 11 საათზე. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ დღეს სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, დაკითხა მოწმეები. საქმის განხილვა გაგრძელდა 11,19 ივლისს, 13,20 სექტემბერს, 22,29 ოქტომბერს 13,23, ნოემბერს, 11,17 დეკემბერს. სასამართლომ ფაქტობრივად დაამთავრა საქმეზე შეგროვილი მტკიცებულებების გამოკვლევა. საქმის განხილვა უნდა გაგრძელებულიყო 25 დეკემბერს, რა დროსაც სასამართლოს პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესი. ვინაიდან 6 ივლისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე გამოცხადებული იყო და საქმის განხილვაც თითქმის დამთავრებული იყო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას კი საფუძვლად უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ მოპასუხე სასამართლო პროცესზე საერთოდ არ ცხადდება და აღიარებს ან ცნობს მის წინააღმდეგ წამოყენებულ მოთხოვნას, სასამართლოს არ ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება. მოპასუხემ სასამართლოსათვის მიცემულ განმარტებაში არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უფლება ჰქონდა, მიეღო არა დაუსწრებელი, არამედ _ საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე გადაწყდებოდა არსებითად.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს მიერ არ იქნა დასაბუთებული, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, რითაც დაირღვა სსკ-ს 230-ე მუხლის II ნაწილის მოთხოვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით საქმეზე მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 216-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან მოცემულ შემთხვევაში საქმე კი არ გადაიდო, არამედ გრძელდებოდა საქმის განხილვა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყველა შემთხვევაში, სხდომის გაგრძელება იქნება თუ სხდომის დაწყების გადადება, სასამართლო ვალდებულია მხარეები გააფრთხილოს სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კანონი არ არეგულირებს თუ რა წესით ხდება მხარეთა გაფრთხილება სხდომის გაგრძელების შესახებ. სსკ-ს 219-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად თუ მთავარ სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტების დროს ისინი მიუთითებენ ახალ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, მოწინააღმდეგე მხარის მომზადების მიზნით სასამართლოს შეუძლია გადადოს საქმის განხილვა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე კოდექსის 216-ე მუხლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კომპანია “ლ-ის” წარმომადგენლების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.