¹3კ-1110-02 28 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
შეგებებული სარჩელის საგანი: ბინიდან გამოსახლება და ბინის ქირის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ლ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს თ. კ-ის მიმართ და მოითხოვა 7650 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა, რომ 1995წ. 15 ნოემბერს მოპასუხეს ასესხა 1000 აშშ დოლარი 7 თვის ვადით, მაგრამ დღემდე მას ვალი არ დაუბრუნებია. ვალის უზრუნველსაყოფად მოპასუხემ დაუტოვა ბინა, რომელიც მასზე არ არის გაფორმებული და ვერ გაყიდის. დამატებით შეტანილი სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხესთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაიკავა მოპასუხის ბინა ქირის გადახდის გარეშე. ბინა იყო ავარიული, რის გამოც ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, რაშიც გადაიხადა 2135 ლარი, ასევე მუშების კვებაზე გადაიხადა 400 ლარი. გარდა აღნიშნული თანხისა მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. სულ 7650 დოლარის ოდენობით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და თავის მხრივ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გ. ლ-ისათვის ბინის ქირის დაკისრება მის მიერ თ. კ-ის ბინის მფლობელობის მთელი პერიოდისათვის და ვალის თანხიდან ქირის გაქვითვა. ასევე მოითხოვა გ. ლ-ის გამოსახლება მისი საცხოვრებელი ბინიდან, გამონთავისუფლებული სახით ბინის და ავეჯის დაბრუნება.
გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 10154 ლარის გადახდა.
შეგებებულის სარჩელის დაკმაყოფილებაზე თ. კ-ეს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-ემ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1995წ. 15 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც გ. ლ-მა თ. კ-ეს ასესხა 1000 აშშ დოლარი უპროცენტოდ 7 თვის ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თ. კ-ეს ვალი არ დაუბრუნებია და აღნიშნული ვალის არსებობა აღიარა სასამართლო სხდომაზე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ფულის სესხების შემდეგ თ. კ-ემ გ. ლ-ს დაუთმო თავისი საცხოვრებელი სახლი. სასამართლომ არ გაიზიარა თ. კ-ის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მან ბინა მიაქირავა გ. ლ-ს იმ საფუძვლით, რომ იმ დროს მოქმედი სკ-ს 270-ე მუხლის თანახმად ქირავნობის ხელშეკრულება ერთ წელზე მეტი ვადით უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. ვინაიდან ასეთი ხელშეკრულება მოპასუხემ ვერ წარმოადგინა სასამართლომ მისი მოთხოვნა ქირის დაკისრების ნაწილში მიიჩნია უსაფუძვლოდ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ქონების უსასყიდლოდ სარგებლობის ხელშეკრულება და ამავე კოდექსის 335-ე მუხლის თანახმად ამ ხელშეკრულებაზე ვრცელდება ქონების ქირავნობის ხელშეკრულების წესები. კერძოდ 289-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად თუ დამქირავებელმა გამქირავებლის ნებართვით გააუმჯობესა დაქირავებული ქონება, მას უფლება აქვს მოითხოვოს ამაზე გაწეული ხარჯები. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სამუშაოთა ღირებულება შეადგენდა 1528 ლარს. მტკიცებულებად სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილი ვინმე ს. ს-ის ახსნა-განმარტება, რომელშიც მითითებულია სამუშაოთა ღირებულება, რომელიც შესრულდა გ. ლ-ის დაკვეთით. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ თანხას უნდა გამოაკლდეს ლაქის წასმა 48 ლარი და პარკეტის მოხვეწა 224:2=112, რადგან აღნიშნულზე არ ყოფილა კ-ის თანხმობა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ძველი სამოქალაქო კოდექსი სესხისათვის პროცენტს არ ითვალისწინებდა, პროცენტი გათვალისწინებულია ახალი სკ-ს 624-ე მუხლით, რის გამოც მიიჩნია, რომ თ. კ-ეს უნდა დაეკისროს ნასესხები თანხის 3%, რაც 4 წლის განმავლობაში შეადგენს 3166 ლარს. საბოლოოდ სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 6680 ლარი.
გ. ლ-ის ბინიდან გამოსახლების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, რადგან აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად იხილებოდა.
აღნიშნული საფუძვლებით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით თ. კ-ეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 6680 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
გ. ლ-ს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, გაურკვეველია საიდან მიიღო სასამართლომ დაკისრებული თანხა. სასამართლომ არ შეაფასა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რითაც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნები, ასევე დაარღვია სკ-ს 411-ე მუხლი. კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორი თ. კ-ე ასევე მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას შემდეგი საფუძვლით.
თ. კ-ე მიუთითებს, რომ მისთვის გაურკვეველია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების შინაარსი, ვინაიდან იგი არ არის სამართლებრივად დასაბუთებული.
სესხი იყო უპროცენტო, რაც გაიზიარა სააპელაციო პალატამ, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც დააკისრა პროცენტი. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ახალი სკ-ს 625-ე მუხლი, რადგან მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა 1995 წელს და შესაბამისად უნდა გამოეყენებინა ძველი რედაქციის კოდექსი.
თ. კ-ეს უკანონოდ მიაჩნია გადაწყვეტილება სარემონტო ხარჯების დაკისრების ნაწილში. კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმეში არანაირი მტკიცებულება სარემონტო ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი. კასატორის აზრით სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 102-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს. ერთის მხრივ სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო ახალი სკ-ს ამოქმედებამდე – 1995წ. ნოემბერში, ასევე დადგენილად ცნო, რომ მხარეებმა სესხისათვის არ გაითვალისწინეს პროცენტი. მეორეს მხრივ სააპელაციო პალატამ გამოიყენა ახალი სკ-ს 625-ე მუხლი და მოპასუხეს დააკისრა ნასესხები თანხის 3%, რაც ოთხი წლის განმავლობაში შეადგენდა 3168 ლარს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება.
სკ-ს 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სკ-ს ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურს ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან თუ სკ-ს უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
მოცემულ საქმეზე მხარეებს არ გამოუთქვამთ სურვილი მათ შორის ურთიერთობის ახალი სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგების შესახებ, რის გამოც სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 625-ე მუხლი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ასევე სარემონტო ხარჯების დაკისრების ნაწილში. სსკ-ს 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს მტკიცებულებანი, რომლებზეც ემყარება სასამართლოს დასკვნები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებათა და ექსპერტთა დასკვნებით.
სარემონტო სამუშაოთა ღირებულების ოდენობის ნაწილში გადაწყვეტილება ემყარება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ვინმე ს. ს-ის ახსნა-განმარტებას, რაც 102-ე მუხლით გათვალისწინებულ არცერთ მტკიცებულებათა სახეს არ განეკუთვნება. იგი არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ასევე ამავე კოდექსის 134-ე მუხლით გათვალისწინებულ წერილობით მტკიცებულებად, რადგან წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნ- გარემოებათა შესახებ. ამასთან, 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად წარმოადგენს გადაწყვტილების გაუქმების საფუძველს.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა დააზუსტებინოს მოსარჩელის მოთხოვნა, რადგან კასატორი გ. ლ-ის განმარტებით სასამართლომ არ იმსჯელა და შესაბამისად არ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელში მითითებულ მის მოთხოვნებზე. კერძოდ, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებით მიყენებულ ზიანზე, მიუღებელ შემოსავალზე და სხვა.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ასევე უნდა გამოიკვლიოს, ხომ არ არის ხანდაზმული გ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნა. ხანდაზმულობის შემთხვევაში მოპასუხეს უნდა დაეკისროს მხოლოდ მის მიერ აღიარებული თანხა. ამასთან დაკავშირებით უნდა გამოკვლეულ იქნეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი მხარეთა შირის შეთანხმებას ვალდებულების შესრულების ვადის გადადების შესახებ.
ამდენად, სააპელაციო პალატამ საქმეზე უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.