3კ-1114-02 21 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. წ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თე. ქ-ის მიმართ და მოითხვა 9535 აშშ დოლარის გადახდა, სარჩელის საფუძვლად მიუთითებდა, რომ 1999წ. 12 იანვარს მოპასუხის აწ გარდაცვლილ მეუღლეს – თ. ქ-ეს ასესხა ორი-სამი თვით 1700 აშშ დოლარი, ყოველთვიური 8%-ის გადახდის პირობით, რაც შეადგენდა 136 აშშ დოლარს, რომელიც უნდა გადაეხადა ყოველი თვის 15 რიცხვში. პროცენტის თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოპასუხეს უნდა გადაეხადა საურავის სახით ერთი პროცენტი ე.ი. 1,36 აშშ დოლარი. მათ შორის გაფორმდა წერილობითი ფორმით ხელშეკრულება, რომელსაც ესწრებოდა და უშუალო მონაწილე იყო თ. ბ-ი. თ. ქ-ე შეთანხმების დარღვევით იხდიდა საპროცენტო დანაკისრს, სულ გადაიხადა 820 აშშ დოლარი, ყოველგადაცილებულ დღეზე არ იხდიდა საურავს. 1999წ. სექტემბერში თ. ქ-ე გარდაიცვალა, რის გამოც მიმართა მის მეუღლეს და მოსთხოვა ვალის გასტუმრება. მან ჯერ უარი განუცხადა, ხოლო შემდეგ შეპირდა 1000 აშშ დოლარის გადახდას. იგი ნაწილ-ნაწილ იხდიდა აღნიშნულ თანხას, გადაუხდელი დარჩა 180 დოლარი, ხოლო საპროცენტო დანაკისრის სახით გადაიხადა მხოლოდ ორი თვის – 272 ლარი. სულ ქ-ეებს გადახდილი აქვთ მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის სახით 1792 აშშ დოლარი და გადასახდელი აქვთ, როგორც ძირითადი 1700 აშშ დოლარი ასევე პროცენტი 2288 და საურავის სახით 5547 აშშ დოლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა 9535 აშშ დოლარის გადახდა.
საქმეში მოპასუხედ ჩაბმული იქნა თ. ბ-ი, რომელმაც სარჩელი არ ცნო. სარჩელი არ ცნო ასევე თე. ქ-ემ. მოპასუხეების განმარტებით მთლიანად გასტუმრებული აქვთ ვალი.
სასამართლოს მთვარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სარჩელის თანხა 5236 აშშ დოლარამდე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 23 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 5236 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თე. ქ-ემ. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1999წ. 12 იანვარს ზ. წ-სა და თ. ქ-ეს შორის დაიდო პროცენტიანი სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების ერთმა მხარემ გადასცა მეორე მხარეს 1700 აშშ დოლარი, თვეში 8%-იანი განაკვეთით. თ. ქ-ემ გადაიხადა ორი თვის პროცენტი – 272 აშშ დოლარი, ასევე გადაიხადა 700 აშშ დოლარი, სულ 972 აშშ დოლარი. 1999წ. 5 სექტემბერს თ. ქ-ე გარდაიცვალა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე თე. ქ-ე არ მონაწილეობდა ხეშეკრულების დადებაში, არ იყო ხელშეკრულების მხარე და მისთვის უცნობი იყო ხელშეკრულების პირობები. ხელშეკრულების არსებობის შესახებ გაიგო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. მეუღლის მიერ აღებული სესხი მათი ოჯახის ინტერესებს არ მოხმარებია, აქედან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ თე. ქ-ეს არ წარმოშობია რაიმე ვალდებულება, მაგრამ მიუხედავად ამისა მან ნებაყოფლობით გადაიხადა ძირითადი ვალი 820 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტისა და საურავის გადახდაზე უარი განაცხადა. მოსარჩელეს სულ მიღებული აქვს 1792 აშშ დოლარი.
მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში ერთ-ერთ მხარედ მითითებული იყო თ.ბაბუნაშილი სააპელაციო პალატამ იგი არ მიიჩნია ასევე ხელშეკრულების მხარედ. მხარეთა განმარტებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თ. ბ-ი იყო მხოლოდ მხარეთა შორის მოლაპარაკების დამსწრე. ხელშეკრულების ის ნაწილი, სადაც ერთ-ერთ მხარედ მითითებული იყო თ. ბ-ი, სასამართლომ მიიჩნია მოჩვენებით გარიგებად და აქედან გამომდინარე ჩათვალა, რომ თ. ბ-ს რაიმე ვალდებულება არ წარმოშობია.
სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ს 50-ე, 52-ე, 327-ე და 1170-ე მუხლები და 2002წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებით გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ზ. წ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც მოითხოვს მის გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ თ. ბ-ი არ წარმოადგენდა ხელშეკრულების მხარეს. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 1484-ე მუხლი თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ თ. ქ-ე არ იყო ხელშეკრულების მხარე, მას უნდა შეეჩერებინა საქმის წარმოება უფლებამონაცვლის დადგენამდე.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მან ჯერ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 3444 დოლარამდე, შემდეგ ისევ შეამცირა და მოითხოვა ძირითადი თანხა 1700 დოლარი, პროცენტი – 653 დოლარი და საურავი 199 ლარი. მაგრამ მის მიერ მოთხოვნის შემცირებამ რატომღაც ასახვა არ ჰპოვა გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 1999წ. 12 იანვარს მოსარჩელემ თ. ქ-ეს ასესხა 1700 აშშ დოლარი თვეში 8%-იანი განაკვეთით. თ. ქ-ემ გადაიხადა ორი თვის პროცენტი – 272 აშშ დოლარი, ასევე გადაიხადა ძირითადი თანხა 700 აშშ დოლარი, სულ 972 აშშ დოლარი. 1999წ. 5 სექტემბერს თ. ქ-ე გარდაიცვალა. თ. ქ-ის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ თე. ქ-ემ მოსარჩელეს გადაუხადა ძირითადი ვალი 820 აშშ დოლარი.
დადგენილია ასევე, რომ თე. ქ-ეს სამკვიდრო ქონება არ მიუღია. სესხად აღებული თანხა ოჯახს არ მოხმარებია, ხოლო სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თ. ბ-ი არ წარმოადგენდა ხელშეკრულების მხარეს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე მტკიცებულებაზე, რაც არ განხილულა სააპელაციო პალატის მიერ და რაც გამორიცხავდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სსკ-ს 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება) რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაედოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ დაადასტურა, რომ თანხა ასესხა თ. ქ-ეს, ხოლო თ. ბ-მა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა როგორც დამსწრემ. მოსარჩელის აღნიშნული აღიარება სასამართლომ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად და საფუძვლად დაუდო სასამართლო გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ თ. ბ-ი არ წარმოადგენდა ხელშეკრულების მხარეს.
საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს სკ-ს 1484-ე მუხლის საფუძველზე თე. ქ-ე უნდა მიეჩნია მხარედ, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა შეეჩერებინა საქმის წარმოება უფლებამონაცვლის დადგენამდე.
სკ-ს 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
მოცემულ საქმეზე დამტკიცებულად არის ცნობილი, რომ თე. ქ-ეს სამკვიდრო ქონება არ მიუღია, შესაბამისად მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილების ვალდებულება მას არ წარმოშობია. ხოლო საქმის შეჩერების საფუძველი სასამართლოს არ ჰქონდა, რადგან სსკ-ს 279-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად სასამართლო ვალდებულია საქმის წარმოება შეაჩეროს, თუ გარდაიცვალა მოქალაქე, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში კი საქმეში მონაწილე მხარის გარდაცვალებას ადგილი არ ჰქონია, არამედ მოსარჩელემ სარჩელი აღძრა კანონისმიერი მემკვიდრის და არასამკვიდროს მიმღების მიმართ.
რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მის მიერ შემცირებული იქნა სასარჩელო მოთხოვნა, მაგრამ აღნიშნულმა ასახვა ვერ ჰპოვა გადაწყვეტილებაში, ვერ გახდება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან სსკ-ს 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
მოცემულ საქმეზე გამოტანილია სწორი გადაწყვეტილება და საპროცესო ნორმების დარღვევა მისი გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 16 ივლისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.