Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ-1119-02 7 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს ,,კ. პ-მა” სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ მას და სს “ფ. წ-ს” შორის 1996წ. 15 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება ხორბლის მიყიდვის შესახებ, ხოლო იმავე დღეს დაიდო ¹6 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად კ. პ-ის მიერ წ-ში შესანახად შეტანილ იქნა ხორბალი. Mმოსარჩელემ მიუთითა, რომ ხორბლის ღირებულებიდან დაიფარა 1755499 ლარი, ხოლო მოპასუხის დავალიანებამ 1998წ. 1 ივნისისათვის შეადგინა 588836 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე სს ,,კ. პ-მა” მოპასუხისაგან მოითხოვა ზემოაღნიშნული დავალიანებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

1998წ. 5 აგვისტოს ქ. ფოთის სასამართლომ დააკმაყოფილა სს “კ. პ-ის” სარჩელი და სს “ფ. წ-ს” გადასახდელად დააკისრა ძირითადი ვალის _ 588 836 ლარის და ვალის გადაუხდელობით მიყენებული ზარალის _ 536584 ლარის გადახდა. დაკისრებულმა თანხამ მთლიანად შეადგინა 1125420 ლარი.

1999წ. 26 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილებით ნაწილობრივ გაუქმდა ქ. ფოთის სასამართლოს 1998წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილება და ძალაში დარჩა აღნიშნული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც ძირითად დავალიანებას შეეხებოდა, ხოლო ზარალის ანაზღაურების ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1999წ. 29 ოქტომბერს.

სს “ფ. წ-ის” დირექტორმა ნ. ქ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა სს “ფ. წ-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორ უ. გ-ას და სს “კ. პ-ის” დირექტორ ლ. მ-ს სოლიდარულად დაკისრებოდათ 588836 ლარის გადახდა სს ,,კ. პ-ის” სასარგებლოდ. მოსარჩელე სარჩელის საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეული იყო ფასების და ფასწარმოქმნის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რითაც ზიანი მიაყენეს საწარმოს.

ქ-ემ აღნიშნა, რომ 1996წ. 16 აგვისტოს სს “კ. პ-სა” და სს “ფ. წ-ს” შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ხორბლის ყიდვა-გაყიდვის შესახებ გაფორმდა კანონის დარღვევით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნულმა დარღვევამ გამოიწვია ზიანი და მოითხოვა დამდგარი ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 588836 ლარის დაკისრება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: “ფ. წ-ის” ყოფილ დირექტორ უ. გ-ას და სს “კ. პ-ის” დირექტორს სს “ფ. წ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 325367 ლარის გადახდა. კოლეგია უთითებს, რომ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მას დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეებმა თვითნებურად განსაზღვრეს ხორბლის ფასი, რითაც ზიანი მიადგა ფ. წ-ს.

სს “კ. პ-ის” დირექტორმა ლ. მ-მა გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სსკ-ს 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დარღვეულია როგორც საპროცესო, ასევე _ მატერიალური სამართლის ნორმები, ძირითადი პრინციპები და გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სსკ-ს მე-2 მუხლის თანახმად საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

სსკ-ს მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების განცხადებით.

საოლქო სასამართლოს კოლეგიამ არ გაითვალისწინა აღნიშნულ ნორმათა მოთხოვნები:

სს “ფ. წ.” მოითხოვდა არა თავისი უფლების, არამედ სხვისი, სს “კ. პ-ის”, უფლებების დაცვას და მის სასარგებლოდ ითხოვდა მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრებას. თვით სს “კ. პ-ს”არ განუსაზღვრავს დავის საგანი, არ მიუღია გადაწყვეტილება სარჩელის შეტანის შესახებ.

სასამართლოს არ გაუთვალისწინებია აღნიშნული დარღვევები და არ აუსახავს განჩინებებსა და გადაწყვეტილებაში.

მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრებას სს “კ. პ-ის” სასარგებლოდ, სასამართლომ კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი და სსკ-ს მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ თავად განსაზღვრა მოთხოვნა და მოპასუხეებს თანხის გადახდა დააკისრა სს “ფ. წ-ის” სასარგებლოდ. კოლეგიამ სსკ-ს ნორმებთან ერთად დაარღვია მატერიალური სამართლის ნორმებიც.

სკ-ს 464-ე მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. კოლეგია მიუთითებს, რომ უ. გ-ა და ლ. მ-ი არიან სოლიდარული მოვალეები, მაგრამ ვერ მიუთითებს კანონით გათვალისწინებულ ვერც ერთ საფუძველს, რომელიც იწვევს მათ სილიდარულ პასუხისმგებლობას.

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 9.7 და 56.4 მუხლებს, რომლებიც არეგულირებენ ურთიერთობას საზოგადოებასა და მის ხელმძღვანელ პირებს შორის, მათ საფუძველზე, სს “ფ. წ-მ” შეიძლება მოთხოვნა წაუყენოს მის ყოფილ დირექტორს და არა _ სს ,,ფ. წ-ის” დირექტორს. ვერც მოსარჩელე და ვერც სასამართლო კოლეგია ვერ უთითებს სამართლებრივ საფუძველზე, რომლის შესაბამისად ზიანის ანაზღაურება, თუ ასეთი არსებობს, უნდა დაეკისროს ლ. მ-ს.

კოლეგიის გადაწყვეტილებით სოლიდარული პასუხისმგებლობა დაეკისრათ უ. გ-ას და ლ. მ-ს.

უ.გ-ას საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

სსკ-ს 409-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეცვალოს საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

აღნიშნულის გამო, პალატა თვლის, რომ იგი ვერ იმსჯელებს უ. გ-ას მიმართ მოთხოვნის კანონიერებაზე, ვინაიდან კოლეგიის გადაწყვეტილება მას არ გაუსაჩივრებია.

როდესაც მხარის მიერ საჩივრდება გადაწყვეტილება, რომლითაც მასთან ერთად სხვა პირებსაც აქვთ დაკისრებული სოლიდარული პასუხისმგებლობა და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს სხვა პირთა უფლებებზეც, სხვა პირთა მიმართ მოთხოვნა არ უნდა დარჩეს განუხილველი და უნდა მიეცეს მხარეს შესაძლებლობა, იმ პირობებში განახორციელოს თავის დაცვა, როდესაც სოლიდარული პასუხისმგებლობა გამორიცხულია, ვინაიდან სკ-ს 463-ე მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება გულისხმობს რამდენიმე პირის მონაწილეობას მთლიანი ვალდებულების შესრულებაში.

აღნიშნულის გამო პალატა თვლის, რომ უ. გ-ას მიმართ მოთხოვნის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე, 412-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 21 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

სს “ფ. წ-ის” სარჩელი ლ. მ-ისათვის თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

საქმე უ. გ-ასათვის თანხის დაკისრების ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.

სს ,,ფ. წ-ს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 10000 ლარის ოდენობით, საიდანაც 3500 ლარი ჩაირიცხოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 (კოდი 59) ანგარიშზე, 3500 ლარი _ საერთო სასამართლოების მატერიალურ _ ტექნიკური დეპარტამენტის ¹000141107 (კოდი 61) ანგარიშზე, ხოლო 3000 ლარი _ სახელმწიფო ბიუჯეტში.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.