¹3კ-1120-02 18 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 25 ივნისს ასოციაცია “ი-სა” და ჯანდაცვის დემოგრაფიის დეპარტამენტს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით ასოციაციას სარგებლობის უფლებით გადაეცა თბილისში, ...... მდებარე შენობის ¹40 ოთახი. 2001წ. 30 აპრილს ასოციაციის პრეზიდენტმა მ. ბ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ლ. ნ-ა, გ. და კ. ქ-ეების მიმართ, მათ მიერ უკანონოდ დაკავებულ მისამართზე არსებული ფართიდან გამოსახლების თაობაზე.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ასოციაციის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები გამოსახლდნენ ქ. თბილისში, ..... მდებარე სახლის ¹40 ოთახიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა თბილისის საოლქო სასამართლოში, რომლის 2002წ. 5 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული სკ-ს 161-ე მუხლზე დაყრდნობით.
ლ. ნ-ა და გ. ქ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივებით: კასატორები არიან აფხაზეთიდან დევნილებს, ისინი სადავო ფართში თვითნებურად არ შეჭრილან. აღნიშნულზე სიტყვიერი შეთანხმება იყო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის. ამ უკანასკნელის დაქვემდებარებაში შედიოდა დემოგრაფიის დეპარტამენტი. სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა დასტური იმისა, რომ მოსარჩელესა და დემოგრაფიის დეპარტამენტს შორის დადებული ხელშეკრულება გაუქმებული არ არის. 2002წ. 8 ივლისის წერილით დადგენილია, რომ საიჯარო ხელშეკრულება 2002წ. 8 სექტემბრიდან მოშლილია. სააპელაციო პალატის მიერ არასწორად იქნა უარყოფილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მოსარჩელის არასათანადოობის შესახებ, რითაც დაირღვა სსკ-ს 84-ე მუხლის მოთხოვნა. მოსარჩელე მხარე ფაქტობრივად სადავო ფართს არ ფლობდა და არც საიჯარო ქირას იხდიდა, რის გამოც იჯარის ხელშეკრულება მოშლილია და ასოციაციის ფართზე პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ასოციაცია “ი-ას” სასარჩელო მოთხოვნას კასატორთა ფართიდან გამოსახლების თაობაზე საფუძვლად დაედო ასოციაციასა და დემოგრაფიულ დეპარტამენტს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება. სწორედ ამ ხელშეკრულების ძალით მიიჩნია საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით ასოციაცია “ი-ა” სადავო ფართის კეთილსინდისიერ მფლობელად.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორების მიერ წარმოდგენილია დამატებითი საკასაციო პრეტენზია იმის შესახებ, რომ საიჯარო ხელშეკრულება ასოციაციას და დემოგრაფიულ დეპარტამენტს შორის 2002წ. 8 სექტემბრიდან შეწყვეტილია.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ზემოხსენებული ვითარება დადასტურებულ იქნა მხარეთა წარმომადგენლობის მიერაც, რის გამოც მოსარჩელის სათანადოობის საკითხის გადაწყვეტა და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაზე მოსარჩელის უფლებამოსილების და სათანადოობის საკითხის დასადგენად საჭიროა რა დამატებით მტკიცებულებათა შეკრება და გამოკვლევა, გასაჩივრებული განჩინება სსკ-ს 411-412-ე მუხლების შესაბამისად უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ნ-ას და გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს იმავე პალატას.
უარი ეთქვას ლ. ნ-ას და გ. ქ-ის მოთხოვნას საქმის წარმოების შეწყვეტაზე.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.