გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1127-02 15 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ქონებრივი ზიანის ანაზღაურება, უღირს მემკვიდრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ზ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ძ-ის მიმართ და მიუთითა, რომ 1990 წელს დაქორწინდა ი. ძ-ზე. მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი – დ. და ქ. ზ-ები. ოჯახი ცხოვრობდა ... კორპუსის ¹21 ბინაში. აღნიშნული ბინიდან ამოეწერა 1993 წელს, რის შემდეგაც ბინა პრივატიზებულ იქნა მისი მეუღლის სახელზე და გაიყიდა. რამდენიმე ხნის შემდეგ შეიძინეს ვაზისუბნის ... მე-8 კორპუსში მდებარე ¹173 ბინა. 1999წ. მაისამდე განაგრძობდა აღნიშნულ ბინაში ცხოვრებას. 1998 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე. ციხეში ყოფნის დროს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის სიდედრს – ლ. ძ-ს აუღია სამემკვიდრეო მოწმობა მთელ სამკვიდრო ქონებაზე, რითაც დაირღვა მისი და მისი შვილების ქონებრივი უფლებები.
თ. ზ-მა სარჩელით მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ნოტარიუსისათვის ქონებრივი ზიანის სახით 4000 აშშ დოლარის გადახდევინება და აწ გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდრო ქონებიდან შვილებთან ერთად წილის განსაზღვრა.
აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით ლ. ძ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თ. ზ-ის უღირს მემკვიდრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ მან ი. ძ-ის წინააღმდეგ ჩაიდინა განზრახი დანაშაული _ მკვლელობა, რის გამოც მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მისი შვილები – დ. და ქ. ზ-ები ცნობილ იქნენ 1998წ. 17 ივნისს გარდაცვლილი დედის, ი. ზ-ის, მემკვიდრეებად ბებიასთან ერთად; შესაბამისი ცვლილებები შევიდა 1999წ. 16 დეკემბერს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში: თ. ზ-ს სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობასა და ქონებრივი ზიანის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა; დაკმაყოფილდა ლ. ძ-ის შეგებებული სარჩელი და თ. ზ-ი ცნობილ იქნა ი. ზ-ი – ძ-ის უღირს მემკვიდრედ.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ის გარემოებანი, რომ მხარეებს შორის შეწყვეტილი იყო როგორც ფაქტობრივი, ისე _ კანონიერი ცოლქმრული ურთიერთობა და თ. ზ-ს მონაწილეობა არ მიუღია სადავო სამკვიდრო ქონების შეძენაში. ამასთან, ვინაიდან მან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა მამკვიდრებელი, იგი ცნობილ იქნა უღირს მემკვიდრედ და ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ზ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ლ. ძ-ის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად ფლობის ან მართვის ფაქტს; სამკვიდრო მოწმობა გაცემულია სამკვიდროს გახსნის დღიდან წელიწადნახევრის გასვლის შემდეგ; ცოლ-ქმარს შორის ქორწინება შეწყვეტილი არ ყოფილა არც იურიდიულად და არც ფაქტობრივად; სახლი ცოლ-ქმარის თანასაკუთრებაა; ამასთან, აპელანტის აზრით, იგი არ შეიძლება ცნობილ იქნეს უღირს მემკვიდრედ, რადგან არ არსებობს ანდერძი და მას მკვლელობა ანდერძის მოტივით არ ჩაუდენია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 მაისის განჩინებით თ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ლ. ძ-მა კანონით დადგენილი წესით მიიღო მემკვიდრეობა, ხოლო თ. ზ-მა ჩაიდინა განზრახი დანაშაული მამკვიდრებლის ნების საწინააღმდეგოდ, ამიტომ იგი სასამართლომ მიიჩნია უღირს მემკვიდრედ. ამასთან, აპელანტმა ვერ დაასაბუთა, თუ რა ქონებრივი ზიანი მიადგა მას.
თ. ზ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ნოტარიუსმა მას მიაყენა ქონებრივი ზარალი _ სკ-ს 1500-ე მუხლის დარღვევით გასცა სამკვიდრო მოწმობა ლ. ძ-ზე, ამიტომ იგი ვალდებულია, “ნოტარიატის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის, მე-19 მუხლისა და სკ-ს 1005-ე მუხლის შესაბამისად აანაზღაუროს ქონებრივი ზიანი. ამასთან, კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 1310-ე მუხლი და არასწორად გამოიყენა 1312-ე მუხლი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი სარჩელი, ხოლო ლ. ძ-ის სარჩელს უარი ეთქმება დაკმაყოფილებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სკ-ს 1310-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ. თანახმად სკ-ს 1336-ე მუხლისა, თ. ზ-ი მისი მეუღლის, ი. ძ-ის კანონიერი მემკვიდრეა. მაგრამ მის მიერ ჩადენილ დანაშაულს შედეგად მოჰყვა მამკვიდრებლის გარდაცვალება, რამაც განაპირობა მისი მოწვევა მემკვიდრედ. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის საფუძველს. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. ზ-ის მოთხოვნა ი. ძ-ის ქონებიდან მისი სამემკვიდრეო წილის გამოყოფის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ასევე არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სამკვიდრო მოწმობა ბათილად უნდა იქნეს ცნობილი იმის გამო, რომ სანოტარო ორგანოს მიერ სამკვიდრო მოწმობა გაცემულია სკ-ს 1500-ე მუხლის დარღვევით, რადგან ლ. ძ-მა მემკვიდრეობა გაიფორმა სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ სკ-ს 1501-ე მუხლის თანახმად მემკვიდრეები, რომლებსაც სამკვიდრო არ მიუღიათ კანონით დადგენილ ვადაში, შეიძლება შეტანილ იქნენ სამკვიდრო მოწმობაში ყველა იმ მემკვიდრის თანხმობით, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ვინაიდან სასამართლოს მიერ ი. ძ-ის მემკვიდრეებად მიჩნეულნი არიან მისი შვილები დ. და ქ. ზ-ები, რომელთა მზრუნველად დანიშნულია ლ. ძ-ი კანონით დადგენილი წესით, აღნიშნულ პირთა თანხმობა ლ. ძ-ის სამკვიდრო მოწმობაში შეტანაზე აუცილებლობას არ წარმოადგენს. ამიტომ, აღნიშნული საფუძვლით სამკვიდრო მოწმობა ბათილად არ შეიძლება იქნეს ცნობილი.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ნოტარიუსმა “ნოტარიატის შესახებ” კანონის მე-3 და მე-19 მუხლების თანახმად უნდა აუნაზღაუროს მას ზიანი, რადგან სამკვიდრო მოწმობა გაიცა სკ-ს 1500-ე მუხლის დარღვევით. ამ შემთხვევაში გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თ. ზ-მა ვერ დაასაბუთა, თუ რა ქონებრივი ზიანი მიადგა მას ნოტარიუსის მიერ განხორციელებული სანოტარო მოქმედებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დაადგინა:
თ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.