Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1132-02 7 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: სამკვიდრო ქონების გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ო. უ-მა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1963 წელს მათი ოჯახი გაიყო ოთხ კომლად _ მშობლები გავიდნენ ცალკე კომლად, ხოლო ძმები _ ცალკე და ერგოთ თითო ოთახი, 250 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და სხვადასხვა საოჯახო ნივთი. 1964-1965 წლებში მამამისმა ააშენა იქვე ეზოში ახალი სახლი, რომელიც გაყრილობის განაჩენით მის კუთვნილ მიწაზე მდებარეობს.

მოპასუხე დ. უ-ი ამ წლებში მსახურობდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში და როდესაც დაბრუნდა, ბინა აშენებული დახვდა. 1967 წელს მოსარჩელე საცხოვრებლად წავიდა აფხაზეთში. 1989 წელს საჩხერეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ის სამუშაოდ გადავიდა საჩხერეში.

1995 წელს კონფლიქტი მოუვიდა საჩხერელ მოქალაქეებთან. აღნიშნულის გამო მას მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1996 წელს მისმა ძმამ კოლონიაში შეატყობინა, რომ 1993 წელს მამა გარდაიცვალა. 2000წ. ნოემბერში ის განთავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან და დაბრუნდა სოფ. ხაშმში თავის კუთვნილ ბინაში, რომელიც მას შეხვდა გაყრილობის განაჩენით. 1998-99 წლებში მოპასუხეს ძველი სახლი დაუნგრევია და თავისი ოჯახით ცხოვრობდა მამის მიერ აშენებულ სახლში, რომელიც კვლავ მამის სახელზეა აღრიცხული.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხემ მისმა ძმამ დ. უ-მა, დაანგრია რა სახლი, მიაყენა დაახლოებით 2000 ლარის ზიანი.

მოსარჩელემ მოითხოვა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გადაცილების საპატიოდ ჩათვლა და მამის უძრავ-მოძრავი ქონებიდან _ ერთი მესამედი წილი.

მოპასუხე დ. უ-მა სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მან მამა შ. უ-თან ერთად 1964 წელს დაიწყო ახალი სახლის მშენებლობა გამოცალკევებულ ადგილზე და არა, ძველი სახლის ნაკვეთზე. მისმა ძმამ ს. უ-მაც სხვა ნაკვეთში აიშენა სახლი, ხოლო, ძველი მიატოვა. ო. უ-მა 1963-64 წლებში მიატოვა სახლი და მას შემდეგ ის სოფელში არ დაბრუნებულა. ძველი საცხოვრებელი სახლი უყურადღებობით დაინგრა და დღეისათვის მხოლოდ კედლებია დარჩენილი. მამის გარდაცვალების შემდეგ პირადად აცნობა იმხანად საჩხერეში ძმას, რომელსაც სამკვიდროს მიღების სურვილის შემთხვევაში შეეძლო მისი მიღება. შემდეგ, 1996 წელს ინახულა რუსთავის კოლონიაში, სადაც ასევე შეატყობინა დედის გარდაცვალების შესახებ.

დ. უ-მა ასევე მიუთითა, რომ გაყრილობის განაჩენის მიუხედავად ის მშობლებთან ერთ ოჯახად ცხოვრობდა, სახლი ერთად ააშენეს, მშობლები მან დაკრძალა და დაეუფლა სამკვიდრო ქონებას.

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ იცოდა მშობლების გარდაცვალების შესახებ და შესაძლებლობა ჰქონდა, მიეღო სამკვიდრო, მაგრამ მას მისი მიღების არანაირი სურვილი გააჩნდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ო. უ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილება ო. უ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სკ-ს 1424-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. 1421-ე მუხლის მიხედვით კი მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილას სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას, სამკვიდროს მიღების შემდეგ ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

პალატა მიუთითებს, რომ თვით ის ფაქტი, რომ ო. უ-ი დედის გარდაცვალებისთვის და შემდეგ 2000წ. ნოემბრამდე, იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გაშვებული ვადის საპატიოდ ცნობის საფუძვლად ვერ ჩაითვლება, რადგან მას შეეძლო, განეხორციელებინა თავისი უფლება თვითონ ან წარმომადგენლის მეშვეობით.

ო. უ-ი საკასაციო საჩივარში მიუთითებს: დადგენილია და მოპასუხეც ადასტურებს, რომ სამკვიდროს გახსნა კომლში მოხდა 1996 წელს კომლის ბოლო წევრის, დედა თ. უ-ის, გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში დედის გარდაცვალების შესახებ მის ძმას დაუყოვნებლივ არ უცნობებია. ძმებს ერთმანეთში რაიმე უსიამოვნება არ ჰქონიათ. გარდა ამისა, არც თვით დ. უ-ს მიუმართავს განცხადებით ნოტარიუსისათვის მემკვიდრეობის მისაღებად. ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაბრუნდა მამისეულ სახლში და ძმასთან ერთად განაგრძო ცხოვრება, შეუდგა სამკვიდროს ფლობას, ე.ი. ფაქტობრივად მიიღო თავისი წილი სამკვიდრო ქონებიდან. 1426-ე მუხლის I ნაწილის თანახმად 6 თვიანი ვადის გასვლა საპატიოდ შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუ დანარჩენი მემკვიდრეები თანახმანი იქნებიან. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ძმას მისთვის არ უთქვამს, რომ გაშვებული ჰქონდა ვადა სამკვიდროს მისაღებად და არ ჰქონდა მშობლების სახლში ცხოვრების უფლება. სკ-ს 1479-ე მუხლის თანახმად დ. უ-ი ვალდებული იყო, ჯერ კიდევ მისი ციხეში ყოფნისას ეცნობებინა მისთვის საკუთარი განზრახვის შესახებ, ხოლო ამის შემდეგ, 3 თვის განმავლობაში, თუ ის უარს არ იტყოდა სამკვიდროს მიღებაზე, მაშინ მას შეეძლო, მიეღო მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მას ეკუთვნოდა და ძმის წილი გამოეყო ამ ქონებიდან.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 1426-ე მუხლის თანახმად სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.

სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების მიზეზი არასაპატიოდ, რომ არ დაასაბუთა, არ განსაზღვრა ის კრიტერიუმი, რომელიც ვადის გაგრძელებას უნდა დაედოს საფუძვლად.

სკ-ს 1478-ე მუხლის თანახმად, თუ მემკვიდრეთა შორის არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის, დანარჩენი მემკვიდრეები მოვალენი არიან, მიიღონ გონივრული ზომები მათი ადგილსამყოფელის დასადგენად და სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად.

სკ-ს 1479-ე მუხლის თანახმად, თუ სამკვიდროს მისაღებად მოწვეული მემკვიდრე, რომელიც ადგილზე არ იმყოფება, მაგრამ დადგენილია მისი ადგილსამყოფელი, სამი თვის განმავლობაში უარს არ იტყვის სამკვიდროზე, მაშინ დანარჩენი მემკვიდრეები ვალდებულნი არიან, შეატყობინონ მას თავიანთი განზრახვა სამკვიდროს გაყოფის შესახებ.

თუ ასეთი მემკვიდრე შეტყობინებიდან სამი თვის განმავლობაში არ აცნობებს დანარჩენ მემკვიდრეებს ქონების გაყოფაში მონაწილეობის სურვილის შესახებ, მაშინ დანარჩენ მემკვიდრეებს უფლება აქვთ, ურთიერთშეთანხმებით გაყონ ქონება და გამოყონ ადგილზე არმყოფი მემკვიდრის წილი.

სასამართლოს არ გაურკვევია, მემკვიდრეებს მიღებული ჰქონდათ თუ არა ყველა ზომა აღნიშნული ნორმების შესაბამისად. ამასთან სასამართლოს არ უმსჯელია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან განთავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა სადავო სახლში და ამის თაობაზე სხვა მემკვიდრეებს პრეტენზია არ განუცხადებიათ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.